საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სპორტი თსუ-ში - ხანგრძლივი წარმატების ისტორია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აქტიური სპორტული ცხოვრება მისი დაარსებისთანავე დაიწყო. XX საუკუნის ადრეულ წლებში ოლიმპიურ თამაშებსა და სხვა საერთაშორისო უმაღლესი რანგის ტურნირებზე უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველთვის წარმატებით გამოდიოდნენ. დღეს უნივერსიტეტის სპორტული გუნდები ასპარეზობენ და მიღწევები აქვთ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ასპარეზებზეც.

 

 

კალათბურთი

მოტივაცია და მონდომება თსუ კალათბურთის გუნდის წარმატების მთავარი ფორმულაა. აქ თამაშობენ როგორც შემდგარი, ნაკრების წევრი კალათბურთელები, ისე ახალგაზრდა მოთამაშეები. „ყველა ერთმანეთს უდგას გვერდში და საბოლოოდ ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც გუნდს სჭირდება. დღეს რომ ჩვენ პირველ ადგილზე ვართ საქართველოში, ეს უმეტესწილად გუნდში არსებული ურთიერთობის დამსახურებაა,“-ამბობს კალათბურთის გუნდ „თსუ“-ს მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი.

 

ამჟამად გუნდში 15 მოთამაშეა, აქედან 4-უცხოელი. მიმდინარე სეზონზე თსუ საკალათბურთო გუნდს შემოუერთდნენ ისეთი პროფესიონალები როგორიცაა გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი. გუნდში ასეთი გამოცდილი სპორტსმენების თამაში მნიშვნელოვანია, როგორც მწვრთნელისათვის, ისე ახალგაზრდა მოთამაშეებისათვის, რომლებიც დიდ გამოცდილებას იღებენ.

 

თსუ კალათბურთის გუნდში ახალი კალათბურთელების მიღებამდე ხდება სეზონის განმავლობაში მათზე დაკვირვება და კონკრეტული პოზიციებისთვის საჭირო მოთამაშეების არჩევა. გუნდს ყოველდღიურად უტარდება სხვადასხვა ტიპის ვარჯიშები: ფიზიკური მომზადება, ვარჯიშები დარბაზში, ტაქტიკური სავარჯიშოები. დიდი ყურადღება ექცევა მათ სწორ კვებასაც.

 

კალათბურთის გუნდი „თსუ“ ახლა უკვე სუპერ ლიგაში თამაშობს და ლიდერ პოზიციასაც იკავებს. ლექსო ლაფანაშვილის თქმით, გუნდი წელს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ამის შემდეგ კი უკვე შესაძლებელი გახდება გუნდმა საერთაშორისო ასპარეზზეც წარმოაჩინოს თავი.

 

 

ფუტსალი

თსუ ფუტსალის გუნდი საქართველოს ორგზის ჩემპიონია და მონაწილეობდა ევროპის სტუდენტურ ჩემპიონატზე. წლების განმავლობაში მოპოვებული აქვს არაერთი ტიტული და გამარჯვება სტუდენტურ თუ ეროვნულ ლიგებზე. სხვადასხვა სეზონებზე თსუ გუნდში თამაშობდნენ ფუტსალის ეროვნული ნაკრების მოთამაშეებიც.

 

„ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად პროფესიონალები და ყველაფერში პირველები, არ შევუშინდეთ სირთულეებსა და სიახლეებს, მივცეთ განვითარების შესაძლებლობა ახალგაზრდა ფეხბურთელებს,“-აღნიშნავს თსუ ფუტსალის გუნდის მწვრთნელი დავით ბობოხიძე.

 

სპორტით დაინტერესებულ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე „ლიგა თსუ“, რომელსაც თსუ ფუტსალის მწვრთნელები თვალს ადევნებენ და არჩევენ შესაფერის სპორტსმენებს. გარდა ამისა, ცხადდება სინჯები სტუდენტებისთვის და შეუძლიათ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები. ასევე, ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მიმართოს თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს და გამოთქვას თამაშის სურვილი.

 

თავდაპირველად ახალი მოთამაშეები ფუტსალის გუნდში „თსუ 2“ ნაწილდებიან, სადაც ეჩვევიან დარბაზში თამაშის სპეციფიკას, იღებენ საჭირო პრაქტიკას და, შემდეგ, შანსი ეძლევათ გადაინაცვლონ „თსუ 1“-ში. ამჟამად გუნდში, ქართველ სპორტსმენებთან, ერთად 4 უცხოელი ფეხბურთელიც თამაშობს.

 

უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან სპორტულ აქტივობებს: კალათბურთის გუნდი „თსუ“, ათლეტიზმი, მშვილდოსნობა, მაგიდის ჩოგბურთი, რაგბი, ფუტსალი, ფრენბურთი, ალპინიზმი, მკლავჭიდი, ჭადრაკი და პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი.

 

დამატებითი ინფორმაცია თსუ კულტურული და სპორტული გუნდების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

თარიღი: 07/04/2022