საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნონა თოდუა: „შენი კვლევის შედეგი, შენს მიერ დაგროვილი ცოდნა მხოლოდ ქაღალდზე კი არ უნდა გადაიტანო, არამედ ცოცხალი ურთიერთობის გზით გაუზიარო სტუდენტობას...“

ბავშვობიდან გამძაფრებულმა უარყოფითმა დამოკიდებულებამ უსამართლობისადმი, განსაკუთრებით - ძალადობითი დანაშაულისადმი, განაპირობა თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის, სამართლის დოქტორის ნონა თოდუას ინტერესი სისხლის სამართლისადმი უკვე სკოლის ასაკიდან. იტაცებდა ისეთი ლიტერატურის კითხვა, რაც დანაშაულის ფენომენს ეხებოდა. ამდენად, მისთვის იურისტობა სისხლის სამართალთან ასოცირდებოდა. თავდაპირველად ოჯახში ამ აზრს დიდი მოწონებით არ შეხვდნენ, მაგრამ მოახერხა და მიაღწია მშობლების თანხმობას. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა ასპირანტურაში გააგრძელა და თანდათანობით პრაქტიკული საქმიანობისკენ მიდრეკილებამ უკანა პლანზე გადაინაცვლა. 

მისი მოღვაწეობის პერიოდში ქართული სისხლის სამართლის სისტემამ განვითარების დიდი გზა განვლო. „უნივერსიტეტში ჩემი საქმიანობის დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში, ღვაწლმოსილ მეცნიერთა მონაწილეობით (პროფ. მინდია უგრეხელიძე, პროფ. გურამ ნაჭყებია, პროფ. მზია ლეკვეიშვილი და სხვები, კომისიის მუშაობას მოგვიანებით შეუერთდა ბატონი მერაბ ტურავა) შექმნილმა კომისიამ  მუშაობა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ახალ პროექტზე (კომისიის თავმჯდომარე იყო პროფ. გიორგი ტყეშელიაძე). ეს პროექტი 1999 წელს იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. მასში არსებითად შეიცვალა ქართული სისხლის სამართლის სისტემა. კერძოდ, იგი დაუახლოვდა გერმანულ სისხლის სამართალს. შეიცვალა დანაშაულის ცნება - გაზიარებულ იქნა დანაშაულის ცნების გერმანული მოდელი; დაწესდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოების ორკვალიანი სისტემა, რასაც არ იცნობდა 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსი; კოდექსში შემოღებულ იქნა ნორმები, რაც მოსამართლეს აძლევს პირის სასარგებლოდ ანალოგიის გამოყენების შესაძლებლობას მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხევლი გარემოების დადგენისას; დაწესდა სასჯელთა ახალი, უფრო ჰუმანური სისტემა; სისხლის სამართლის კერძო ნაწილი დაიყო ცალკეულ თავებად სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტთა იერერქიის მიხედვით და სხვა,“-ამბობს ნონა თოდუა.

2012 წლიდან სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაცია განხორციელდა, რაც განსაკუთრებით შეეხო დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესს. კერძოდ, თუ დადგენილი იყო სასჯელთა მთლიანი შეკრების წესი, დადგინდა მისი შთანთქმის წესით დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობისას. თუმცა, მეცნიერის თქმით, ეს პროცესი არ იქნა მიყვანილი ლოგიკურ დასასრულამდე. „სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის (კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა) „გასაღები“ ისევ პროკურატურის ხელშია; პირობითი მსჯავრის გამოყენების საკითხი, უმეტეს შემთხვევაში (თუ სახეზე არაა ნაკლებად მძიმე დანაშაული, ან არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაული), კვლავ დამოკიდებულია პროკურატურის „კეთილ ნებაზე“, რადგან ეს საკითხი ისევ მიბმულია საპროცესო შეთანხმებიასთან. შესაბამისად, მოსამართლე მას დამოუკიდებლად ვერ გამოიყენებს,“-აღნიშნავს იგი.

უნივერსიტეტში საქმიანობის პერიოდში, როგორც თავად იხსენებს, არ შეხვედრია სირთულეები კარიერული განვითარების გზაზე, განსაკუთრებით კი - გენდერული მოტივით. „ეს ჩვენი უნივერსიტეტისთვის სრულიად „უცხო ხილია“. გამოთქმა: „სისხლის სამართალი გოგოს პროფესია არაა“, უფრო პრაქტიკის პრობლემად უნდა ჩაითვალოს“. - ამბობს მეცნიერი. 

მკვლევარი მრავალი პუბლიკაციისა და სახელმძღვანელოს ავტორია. მათ შორის გამოარჩევს იმ შრომებს, რომლებიც ეხება დანაშაულში თანამონაწილეობის სადავო საკითხებს. თვლის, რომ ეს პრობლემა არაა მხოლოდ წმინდა მეცნიერული მნიშვნელობის, მას პირდაპირი პრაქტიკული ღირებულებებიც აქვს. „ამ ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აღმსრულებლისა და თანამონაწილის გამიჯვნას, რაც უშუალო კავშირშია ქმედების ჯგუფურ დანაშაულად კვალიფიკაციის პრობლემასთაან. ასევე გამოვარჩევდი ლიტერატურაში ნაკლებად დამუშავებულ ისეთ საკითხს, როგორიცაა ობიექტური და სუბიექტური ნიშნით დამძიმებული გარემოებები და მათი მნიშვნელობა ქმედების კვალიფიკაციისას,“-აღნიშნავს იგი.

ნონა თოდუა, კვლევით საქმიანობასან ერთად, აქტიურადაა ჩართული პედაგოგიურ მოღვაწეობაში. „ვერ წარმომიდგენია პროფესორი, რომელიც მხოლოდ იკვლევს და არ შედის აუდიტორიაში. შენი კვლევის შედეგი, ასევე შენს მიერ დაგროვილი ცოდნა მხოლოდ ქაღალდზე კი არ უნდა გადაიტანო, არამედ ცოცხალი ურთიერთობის გზით გაუზიარო სტუდენტობას.“

თარიღი: 23/03/2021