საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის ქართველი აკადემიკოსი

„ძვირფასო ბატონო ნ. ჯავახიშვილო, მაქვს პატივი, მოგილოცოთ ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად არჩევა 2022 წლის 24 ნოემბერს გამართულ საერთო კრებაზე! ლატვიის სამეცნიერო საზოგადოება სიამოვნებით გიწვევთ ჩვენს აკადემიაში, რაც რასაკვირველია, სარგებლობას მოუტანს ჩვენს მრავალფეროვან და მჭიდრო თანამშრომლობას. ნება მიბოძეთ, გისურვოთ წარმატებები თქვენს სამეცნიერო საქმიანობაში და ყოველივე საუკეთესო თქვენს პირად მისწრაფებებსა და სურვილებში!“

 

ასეთი წერილით მიულოცა ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა,პროფესორმა ივარს კალვინშმა ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრის წოდების მინიჭება თსუ  პროფესორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ნიკოლოზ ჯავახიშვილს.

 

თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ ჯავახიშვილი ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულიდან დაინტერესდა ქართულ-ევროპული ურთიერთობის ისტორიის საკითხების შესწავლით. ამ ინტერესის ობიექტში აღმოჩნდა ასევე ბალტიის ქვეყნებიც - ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. სწორედ ამ სამეცნიერო ინტერესის შედეგია ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიერ სხვადასხვა ენაზე გამოცემული რამდენიმე წიგნი და მრავალი სამეცნიერო სტატია.  

 

ბალტიის რეგიონთან საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-კულტურული ურთიერთობები ათას წელზე მეტს ითვლის. ამის შესახებ ვრცლადაა საუბარი მეცნიერის მონოგრაფიაში: „ქართულ-ბალტიური ურთიერთობის  ისტორიის ნარკვევები“, რომლის ბოლო გამოცემა 2019 წელს, თსუ-ის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ეგიდით განხორციელდა. 

 

ნიკოლოზ ჯავახიშვილის  საქმიანობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და  სამეცნიერო-კვლევითიმოღვაწეობის პარალელურად, ის აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. სწორედ, ამიტომ, ზემოთ აღნიშნული ჯილდო ქართველი ისტორიკოსისთვის პირველი არ არის. ნაყოფიერი სამეცნიერო- პედაგოგიური საქმიანობის, ქართულ-ბალტიური ურთიერთობების შესახებ ქართულ და ლატვიურ ენებზე გამცემული მონოგრაფიის და სხვადასხვა ენებზე გამოქვეყნებული არაერთი სტატიისათვის, ჯერ კიდევ 2014 წლის 10 ივნისს, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის სენატმა ნიკოლოზ ჯავახიშვილს  საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

 

საქართველოს და ბალტიის ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალური საკითხის შესახებ ნ. ჯავახიშვილის ლექციების მოსმენა რიგის, ვილნიუსის, კაუნასისა და ბალტიის სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს მომავალშიც შეეძლებათ. სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად, ლიტველ, ლატვიელ და ესტონელ სტუდენტებს უდავოდ დააინტერესებთ იმის გაგებაც, თუ არქეოლოგიური გათხრების შედეგად როგორ აღმოჩნდა ბალტიისპირეთის ტერიტორიაზე საქართველოში მოჭრილი ვერცხლის მონეტები, კერძოდ, იმიერტაოს მეფის დავით III დიდის, იმავე კურაპალატის სახელით დაახლოებით 979 წელს მოჭრილი ქართულწარწერიანი დრამა და არაბთა მიერ დაპყრობილ თბილისში IX-X საუკუნეებში მოჭრილი ვერცხლის დირჰემები, ხოლო ქარვის უძველესი ნაკეთობანი - საქართველოს ტერიტორიაზე. ქარვა კი, როგორც მოგეხსენებათ, ძირითადად ბალტიის ზღვაში მოიპოვება. საქართველოში აღმოჩენილ ქარვათა შორისაა 1938 წელს, თრიალეთში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი უნიკალური ნივთი - ოქროს თასი, დათარიღებული ჩვენს წელთაღრიცხვამდე XVIII-XVII საუკუნეებით, რომელსაც სხვა ძვირფას და ნახევრადძვირფას ქვებთან ერთად, ქარვაც ამშვენებს.

თარიღი: 02/12/2022