საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კვლევა მავნე ნარჩენების რაციონალური და სასარგებლო გამოყენებისთვის

როგორ გადავამუშაოთ უსარგებლო და გარემოსთვის მავნე ნარჩენები ისე, რომ მათი რაციონალური და სასარგებლო გამოყენება გახდეს შესაძლებელი? - ამ კითხვაზე პასუხს მსოფლიო მეცნიერები უკვე წლებია ეძებენ. მათ შორისაა თსუ მკვლევარი ნათელა ძებისაშვილი, რომელმაც 2008 წელს PHD გეოგრაფიაში მიიღო, თუმცა, კვლევა არ შეუჩერებია და ახლა კვლავ თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულებაზე აკეთებს ახალ სადოქტორო კვლევას „მყარი ორგანული პოლიმერული ნარჩენებისგან ალტერნატიული სორბენტების მიღების უნარჩენო პროცესის შემუშავება ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიზნით“. შესაბამისი პროექტი 2021 წელს რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულია.
მეცნიერი თავდაპირველად საკუთარ პროფესიულ გზაზე გვიყვება: „ჩემი პროფესიული არჩევანი განპირობებულია ქიმიისადმი ინტერესითა და სიყვარულით ჯერ კიდევ სკოლიდან. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე სწავლის მეორე კურსზე ანალიზური კათედრის ხელმძღვანელის პროფ. გურამ სუპატაშვილის პირველივე ლექციის შედეგად, მივიღე გადაწყვეტილება გამეგრძელებინა სწავლა ამ მიმართულებით. შემდეგ იყო მაგისტრატურა და ასპირანტურა ბატონი გურამ სუპატაშვილის ხელმძღვანელობით. მოხდა ისე, რომ ჩემი სადისერტაციო თემა მეტად მიესადაგებოდა ეკოლოგიურ გეოგრაფიას, რის შედეგადაც 2008 წელს მიმენიჭა PhD გეოგრაფიაში. მაგრამ ქიმიისადმი სიყვარულისა და ჩემი ნამდვილი მოწოდების გამო, გავაგრძელე სწავლა და ისევ ჩავაბარე დოქტორანტურაში ქიმიის მიმართულებით, რათა ამჟამად მემუშავა ქიმიის სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად პროფ. ომარ მუკბანიანის ხელმძღვანელობით. ჩემი მეცნიერული მოღვაწეობისა პირველი ნაბიჯები ვითარდებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში, სადაც დღემდე ვმუშაობ. 2010 წლიდან ჩემი ინტერესის სფერო გახდა ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი არა მარტო ჩვენი ქვეყნისათვის არამედ მთელი მსოფლიოსათვის“.
დღეისათვის საქართველოში მოღვაწე მეცნიერებს, მითუმეტეს ისეთ სფეროში როგორიცაა ქიმია, სადაც საერთაშორისო დონის კვლევების განსახორციელებლად საჭიროა ძვირადღირებული თანამედროვე აპარატურა და სახარჯი მასალები, შეზღუდული აქვთ როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ისე ძალიან მცირეა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო შრომის ანაზღაურება, რის გამოც ახალგაზრდა და პერსპექტიული კადრები არ ირჩევენ მეცნიერულ მოღვაწეობას. რაც ძალიან სამწუხაროა, - ამბობს მეცნიერი. თუმცა, ამ პრობლემების მიუხედავად, იგი საკმაოდ მნიშვნელოვანი თემის კვლევას აქტიურად შეეჭიდა და რამდენიმე კითხვაზეც გვიპასუხა:
როგორც კვლევის სათაურიდან მივხვდით - ნარჩენების გადამუშავებაზეა თქვენი საკვლევი თემა. მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, რას გულისხმობს პოლიმერული ნარჩენები? სორბანტები? საუბარია ნარჩენების გამოყენებაზე შემდგომ უსაფრთხო პროდუქციის მიღების მიზნით? რა არის კონკრეტული მიზანი თქვენი კვლევის და რა არის მისი მთავარი სიახლე? პოლიმერული ნარჩენებია პოლიმერებისაგან/პლასტმასისაგან (პოლიეთილენი (PE), პოლივინილ ქლორიდი (PVC), პოლიეთილენ ტერეფტალატი (PET) და სხვა) დამზადებული სხვადასხვა სახის ნახმარი საყოფაცხოვრებო თუ ინდუსტრიული პროდუქტები, როგორიცაა სხვადასხვა სახის შეფუთვა, ბოთლები, სათამაშოები, წვრილი საყოფაცხოვრებო და საოფისე ინვენტარი და სხვა. სორბენტები - ბუნებრივი ან ხელოვნური მყარი სხეული ან სითხე, რომელიც სელექციურად შთანთქავს მავნე ნივთიერებას/ნივთიერებებს გარემოდან.

დიახ, საუბარია ყველაზე ნაკლებად დეგრადირებად და, შესაბამისად, გარემოსათვის მავნე ნარჩენების ფრაქციის - პოლიმერული ნარჩენების რაციონალურ და სასარგებლო გამოყენებაზე, რომელიც გულისხმობს ისეთი პროდუქტის მიღებას - ახალ სორბენტს, რომლის საშუალებითაც მოხდება ჩამდინარე წყლებისა და გამონაბოლქვი აირების გაწმენდა მავნე და ტოქსიკური ნივთიერებებისაგან. შესაბამისად, პროექტის მთავარი მიზანია ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დაცვა და განვითარება, რაც მდგომარეობს გამოუყენებელი ნარჩენების უტილიზაციასა და მათ გადამუშავების პროცესის დროს წარმოქმნილი მავნე აირების ემისიების შემცირებაში. კვლევის მთავარი სიახლე კი გულისხმობს პოლიმერული ნარჩენებისაგან ახალი, ალტერნატიული სორბენტების მიღების უნარჩენო პროცესის შემუშავებას ჩამდინარე წყლებისა და გამონაბოლქვი აირების გასუფთავებისათვის.

ნარჩენების თემა ძალიან აქტუალურია დღეს მსოფლიოში. რამდენად არის საქართველოში შესაძლებლობა, რომ მსოფლიო უახლესი მიღწევების დანერგვა მოხდეს? თქვენს კვლევას ექნება პრაქტიკული გამოყენება? შეიძლება თუ არა იგი საინტერესო გახდეს ბიზნესისთვისაც?

როგორც აღვნიშნე, ჩვენი კვლევა მოიცავს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობის რაციონალური და ეკოლოგიურად სასარგებლო მინიმიზაციის მეთოდის შემუშავებას. კერძოდ, ყველაზე მავნე და რთულად დეგრადირებადი პოლიმერებიდან - ჩამდინარე წყლებსა და გამონაბოლქვებში მავნე ნივთიერებებისაგან გამწმენდი, განვითარებული ზედაპირის მქონე, ალტერნატიული სორბენტების მიღებას, მის კომპონენტურ და სტრუქტურულ შესწავლას, მოდიფიცირებას, სორბციული და რეციკლირების პოტენციალის კვლევას და დანერგვის პერსპექტივის განსაზღვრას.

„ჩვენი კვლევის შედეგები სასარგებლო იქნება როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, ისე გარემოსდაცვით პროექტებზე მომუშავე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის (USAID, UNDP, CENN, რემისია და სხვ.) მე იმედი მაქვს, რომ დაინტერესებული ორგანიზაციების დახმარებით, რომელთანაც დაგეგმილი გვაქვს სამუშაო შეხვედრები, კვლევას ექნება პრაქტიკული გამოყენება როგორც სახელმწიფო ისე ბიზნეს სექტორში“. - ამბობს ნათელა ძებისაშვილი.

თარიღი: 15/11/2021