საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დოქტორანტი - ტურიზმის შესაძლებლობების უკეთ ათვისებისთვის

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტის მარიამ შარიას აკადემიური ინტერესი, ჯერ კიდევ საბაკალავრო სწავლების საფეხურიდან, აქტიურად იყო დაკავშირებული საქართველოში ტურიზმისა და მდგრადი განვითარების საკითხების კვლევასთან.

საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლის პარალელურად, ტურიზმის მიმართულებით რამდენიმე საველე კვლევით პროექტში იყო ჩართული. იხსენებს, რომ აკადემიური საქმიანობის მიმართ ინტერესი სწორედ ამ გამოცდილებებზე დაყრდნობით გაუჩნდა.

„ზუსტად ვიცი,რომ აკადემიური კვლევები და საქმიანობა არის ის, რისი კეთებაც მსიამოვნებს და რის გარეშეც ქვეყნის მდგრადი განვითარება ვერ წარმომიდგენია.

დოქტორანტურაზე ჩაბარების გადაწყვეტილებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონია ბატონი სოსო სალუქვაძის ხელმძღვანელობითა და თემურ გუგუშვილისა და გვანცა სალუქვაძის კოორდინატორობით განხორციელებულმა პროექტმა - „ტურიზმისა და მოსახლეობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური აქტივობების ურთიერთკავშირი: მთიანი რეგიონების მდგრადობის ფორმირება“. ამასთანავე, მაგისტრატურაში სწავლის პრეიოდში გავიარე  ბატონი სოსო ხელაშვილის სალექციო კურსი, რამაც ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ საკვლევი მიმართულება უკვე გარკვეული მქონდა და მეგულებოდა ამ მიმართულებისთვის საუკეთესო ხელმძღვანელი. ამ ორი ფაქტორის კომბინაციამ განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება - გამეგრძელებინა აკადემიური საქმიანობა,“- ამბობს მარიამი.

მისი კვლევითი პროექტი „ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვის მდგრადი განვითარების სივრცით-ტერიტორიული მოწყობის ძირითადი მიმართულებები საქართველოს მაგალითზე“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტების კვლევითი გრანტის კონკურსის გამარჯვებული გახდა. მარიამს დისერტაციაზე მუშაობა კვლევის ხელმძღვანელთან, სოსო ხელაშვილთან ერთად  უკვე დაწყებული აქვს.

მარიამის  კვლევით პროექტს პრაქტიკული მიზანი აქვს, მისი თქმით, კვლევისთვის საინტერესოა ახალი სივრცითი მოდელების ძიება, რომლებიც დაეფუძნება ტურიზმის ინდუსტრიის ღირებულებათა ჯაჭვის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის რაციონალურ და მდგრადი განვითარების მეცნიერულად დასაბუთებულ მიდგომებს. პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება და მისი პრაქტიკული ღირებულება თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონისთვის.

მარიამის განმარტებით, ეს მოდელები შეიძლება გამოყენებული იქნას: მაგალითად, უმუშევრობის დასაძლევად, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ეკონომიკური აქტივობების არჩევანი შეზღუდულია.

ადგილობრივი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებისა და ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვში იმპორტის შესამცირებლად;ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლის სტიმულირებისთვის; ინვესტიციების მოზიდვის სტიმულირებისთვის; ტურიზმის ინდუსტრიის მიერ გარემოზე ზემოქმედების რაციონალიზაციისთვის; ტურიზმისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურის კომპლექსური და მრავალმხრივი გამოყენებისთვის და ა.შ.

საკითხის შესასწავლად მარიამი ტრანსდისციპლინარულ მიდგომას იყენებს, რაც მეცნიერების სხვადასხვა დარგის პოზიციებიდან კვლევას და პრაქტიკული და თეორიული ცოდნის ურთიერთშერწყმას გულისხმობს.

„საქართველოში ტურიზმის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები ნათელი იყო პანდემიამდელ პერიოდშიც. მიუხედავად საქართველოს ტურიზმის სტატისტიკის მზარდი მონაცემებისა, ემპირიული კვლევების მიხედვით, დარგის განვითარება თვისებრივად შეფასებულია როგორც ქაოტური განვითარება, რის გამოც ვერ ხერხდება ტურიზმის მიერ შექმნილი შესაძლებლობების სრულად ათვისება ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და ეკონომიკის სხვა დარგების სტიმულირებასთან დაკავშირებით. ამასთან, ექსპერტები ხშირად მიუთითებენ ტურიზმის ინდუსტრიის იმპორტზე გადაჭარბებულ დამოკიდებულებაზე, შემოსავლების ქვეყნიდან გადინებაზე და მულტიპლიკატორის დაბალ მაჩვენებელზე. ტურიზმის ინდუსტრიის იმპორტზე დამოკიდებულება კი ნიშნავს ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვის სივრცით-ტერიტორიულ გაფანტულობას ქვეყნის ფარგლებს გარეთ,“- ამბობს მარიამი.

მისი თქმით, ტურისტული დესტინაციის (ადგილის, სივრცის, სერვისის)  განვითარება მრავალმხრივ არის დაკავშირებული სივრცით მოწყობასთან.სივრცითი დაგეგმარების ახალ მიდგომებსა და ინსტრუმენტებს კი შეუძლია უზრუნველყოს სინერგია ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების პროცესში, სამომავლო ზრდისთვის შესაფერისი მოცემულობის შექმნით.

ერთ-ერთი ასეთი მიდგომაა ტურიზმის ინდუსტრიის ჩართულობა სივრცითი დაგეგმარების პორცესში. მხარეთა თანამშრომლობის საწყის ეტაპზე ხდება ტურისტული დესტინაციის ღირებულებებისა და საკვანძო კომპეტენციების, როგორც ტურიზმის სტრატეგიული პროდუქტის განვითარების მთავარი საფუძვლების, გამოვლენა და ანალიზი. შემდეგ კი სივრცე კლასიფიცირდება სამგვარად: რესურსების სივრცე, აქტივობის სივრცე და გამოცდილების სივრცე. რესურსების სივრცეზე დაყრდნობით, სივრცითი დაგეგმარება განსაზღვრავს ტურიზმის ინდუსტრიის აქტივობის სივრცეს. გამოცდილების სივრცე კი არის სივრცე, სადაც შეთავაზებული და მოხმარებულია ტურისტული გამოცდილება.

ვინაიდან ტურიზმის ინდუსტრია გამოირჩევა, ერთი მხრივ, ღირებულებათა ჯაჭვის კომპლექსური სტრუქტურით და, მეორე მხრივ, ეკონომიკურ, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე ფართო ზემოქმედების პოტენციალით, აქტუალურია ამ საკითხის კომპლექსური და სიღრმისეული გამოკვლევა და რაციონალური სტრატეგიის განსაზღვრა იმისთვის, რომ მოხდეს ტურიზმიდან მიღებული სარგებლის მაქსიმიზაცია და მისი თანმდევი უარყოფითი გავლენების მინიმუმამდე დაყვანა,“- ამბობს მარიამი.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის კონკურსში გამარჯვება მარიამ კვლევის განხორციელებისა და დისერტაციის დასრულების შესაძლებლობას მისცემს. მარიამ შარიას ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვის შესწავლა მომავალშიც აქვს დაგეგმილი. მისთვის აღნიშნული საკითხების კვლევა პანდემიის კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა.

თარიღი: 14/12/2021