საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამარ ქარაია: "ჩვენი არჩევანი დემოკრატიული ცხოვრების წესია მისი უმთავრესი წინაპირობა, სწორედ განათლებისა და მეცნიერების განვითარებაა“

საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესწავლისადმი  გაჩენილმა ინტერესმა თავის დროზე განაპირობა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თამარ ქარაიას არჩევანი -  ჩაებარებინა პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, თვლის რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმთავრესი სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან მას მეცნიერების ეს დარგი საზოგადოებაში არსებული კომპლექსური საკითხების დანახვისა და გააზრების საშუალებას აძლევს.

„ყოველთვის, როდესაც ლიტერატურას ვკითხულობდი, ვცდილობდი გმირებთან ერთადის გარემო გამეცნო, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, გამეაზრებინა კონტექსტი, რომელიც მათ გადაწყვეტილებებს განაპირობებდა. როდესაც არჩევანის წინაშე დავდექი, ბევრისთვის უცნობი სპეციალობა - პოლიტიკის მეცნიერება ავირჩიე.  ჩემი თვალსაზრისით, პოლიტიკის მეცნიერება გაძლევს საშუალებას იპოვო ის გზა, რომელიც შენს ცხოვრებას უფრო მეტად საინტერესოს და შინაარსიანს გახდის. მე, ყოველშემთხვევაში ასე ვუყურებ“.

თამარ ქარაია უნივერსიტეტში თერთმეტი წელია რაც ასწავლის. იხსენებს პირველ ნაბიჯებს და აცხადებს,რომ უნივერსიტეტში მისი დარჩენა დიდწილად იმ სტუდენტებმა განაპირობეს, რომელთაც სწავლების პირველ წელს მხარი დაუჭირეს ახალბედა პედაგოგს. მას შემდეგ მისი ყოველდღიურობის განსაკუთრებულ ნაწილს უნივერსიტეტი და  სტუდენტები წარმოადგენენ. 

„სულ ვამბობ, რომ ჩემს ცხოვრებშიუნივერსიტეტს და სტუდენტებს მნიშვნელოვანი როლი უკავიათ. მაგალითად, ამ სემესტრში ოთხ ჯგუფს ვასწავლი სოციალური კვლევის მეთოდებს. ოთხივე ჯგუფთან სამუშაოერთმანეთის მსგავსია, ამავე დროს უნიკალური.სტუდენტები იძლევიან ამის მიღწევის შესაძლებლობას. მათ საკითხების შეფასებისთავისებური მიდგომა და განსხვავებული ხედვები აქვთ, რაც სასწავლო პროცესს საინტერესოს და დინამიურს ხდის“.

მისი, როგორც მეცნიერის კვლევის საგანი მეხსიერების პოლიტიკაა. აინტერესებს ის, თუ როგორ იხმობს ხელისუფლება წარსულიდან ფაქტებს კოლექტიური მეხსიერების კონსტრუირებისთვის, იდენტობის ფორმირებისთვის. თამარ ქარაიას საბაკალავრო, სამაგისტრო და შემდგომში სადოქტორო ნაშრომი სწორედ ამ საკითხებს უკავშირდებოდა. 

თამარ ქარაია ასევე აქტიურად იკვლევს საკითხს, რომელიც სოციალურ მოძრაობებს უკავშირდება. ამჟამად, კოლეგებთან ერთად შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური გრანტის ფარგლებში საქართველოს უახლეს გამოცდილებას სწავლობს. მისი თქმით, ამ მოძრაობების კვლევა საზოგადოების თვითორგანიზების პოტენციალის შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს. რამდენადაც ეს მოძრაობები მოიცავს კომპლექსურ ურთიერთობებს, რომელშიც მოქალაქეები, დაინტერესებული ჯგუფები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართული და მათი შესწავლით ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ და შევაფასოთ საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესს.

„ამ ყველაფრის შეფასების პროცესში ვხედავთ, თუ როგორ და რამდენად აფასებს სახელმწიფო თავის მოქალაქეს, უსმენს თუ არა მას, და მოქმედებს თუ არა ამ ინტერესების შესაბამისად. სოციალური მოძრაობების შესწავლა არ გულისხმობს მხოლოდ პროტესტის კვლევას, იგი გულისხმობს საზოგადოების პოლიტიკური კულტურის, პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბების შესწავლას.“

საუნივერსიტეტო ცხოვრების პარალელურად თამარ ქარაია ჩართულია საქართველოში სამოქალაქო განათლების დამკვიდრების პროცესში, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების დონეზე. ის არის სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს და გზამკვლევების თანაავტორი. „ამჟამად, როგორც სამოქალაქო ლექტორთა ასოციაციის (CELA) აღმასრულებელი დირექტორი, ვმუშაობ სამოქალაქო ცნობიერებისა და ჩართულობის დონის ზრდაზე. ეს სამოქალაქო განმანათლებელთა ქსელია, რომელთაც 2011 წლიდან USAID და IFES-ის ხელშეწყობით დავიწყეთ საქართველოს უნივერსიტეტებში სამოქალაქო განათლების სწავლება და ამ პროცესისარაფორმალური განათლების მიმართულებით ხელშეწყობაც. ვმუშაობთ სტუდენტებთან მთელი საქართველოს მასშტაბით და ვცდილობთ, მათში შესაბამისი უნარების განვითარებას. ეს რაც გამოიხატება, არა მხოლოდ თეორიიული ცოდნის მიწოდებაში, არამედ საკუთარ თემში სხვადასხვასამოქალაქო აქტივობის გამართვასა და ორგანიზებაში. ეს საშუალებას მაძლევს ჩავერთო საზოგადოების პოლიტიკური კულტურის განვითარების პროცესში და რაც მთავარია, დავინახო, როგორ იქცევიან ახალგაზრდები აქტიურ მოქალაქეებად“.

ამასთან, ახალგაზრდა მეცნიერი ფრიდრიხ ებერტის ფონდის კავკასიის წარმოამადგენლობის მხარდაჭერითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრთან ერთად ანხორციელებს პროექტებს, რომლითაც საქართველოს ხუთ რეგიონში სტუდენტებს სამოქმედო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევენ. 

თამარ ქარაია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტთა სამოქმედო პროექტებს და იხსენებს შემთხვევას, როდესაც მისმა სტუდენტებმა კურსის„დემოკრატია და მოქალაქეობის“ ფარგლებში, ფონდი „ღია საზოგადოების“ დახმარებით, უსინათლო სტუდენტებისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ადაპტირება შეძლეს.„უმნიშვნელოვანესია როდესაც ახალგაზრდები არ ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ თავზე და ზრუნავენ თავიანთ თანატოლებზე, რომლებსაც სჭირდებათ ხელშეწყობა უნივერსიტეტის კედლებში სრულფასოვანი განათლების მისაღებად“,- აცხადებს თამარ ქარაია.

მისი აზრით, უმნიშვნელოვანესია, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებსაც ჰქონდეთ სამოქალაქო კომპეტენციიების განვითარების საშუალება. სწორედ ამიტომ, ამჟამად კოლეგებთან ერთად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდთან, რათა მოდიფიცირდეს პროფესიული სასწავლებლების სამოქალაქო განათლების მოდული და ამზადებს სტუდენტის და მასწავლებლის სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებს.

თამარ ქარაია აქტიურად არის ჩართული ისეთ აქტუალური საკითხის შესწავლასა და პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიებაში, როგორიცაა ქალის როლი საზოგადოებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით ის მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში ქალთა გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია   მათი განათლებაის პრობლემების გადაჭრა. მისი თქმით, დღესაც ბევრ გოგონას სხვადასხვა მიზეზით უწევს სკოლის ნაადრევად მიტოვება. შესაბამისად, განათლების პოლიტიკა სკოლაში მათი დაბრუნება-შენარჩუნებასთან ერთად, ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისკენ უნდა იყოს მიმართული, რათა ყველამ გაიაზროს ზიანის ის მასშტაბები, რომელიც ასეთგოგონებს ადგებათ: „ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გოგონებს ჰქონდეთ განათლების მიღების საშუალება. ამით ისინიშეძლებენ ცხოვრების უზრუნველყოფას და საკუთარი სურვილისამებრ წარმართვას; არ იქნებიან სხვაზე დამოკიდებულები და ვერ გაბედავენ მათზე ძალადობას. ეს ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. თუ ჩვენი არჩევანი დემოკრატიული ცხოვრების წესია მისი უმთავრესი წინაპირობა, სწორედ განათლების და მეცნიერების განვითარებაა“.

თარიღი: 18/03/2021