საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელზა ცხაკაია: „ასე ნელ-ნელა იძირები იმ სამყაროში, სადაც ატომები და იონები დაბობოქრობენ. ეს ხდება შენი ცხოვრების ნაწილი...“

ელზა ცხაკაია თსუ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერია. პირველი დამოუკიდებელი ექსპერიმენტი სკოლაში ჩაატარა. მაშინ ეს მისთვის  ჯადოსნური და საოცარი მოვლენა იყო. ორი განსვავებული, უფერო სითხის შერევით მან მიიღო ჟოლოსფერი ხსნარი. საგნის ღრმად შესწავლის შემდეგ კი მიხვდა, რომ ეს სულაც არ იყო ჯადოსნობა და მან უბრალოდ ნივთიერება ტუტე ნატრიუმის ჰიდროქსიდი აღმოაჩინა ინდიკატორით, ფენოპტალეინით.

თავიდან ელზა ექიმობაზე ოცნებობდა, ადამიანების განკურნებაზე. მოგვიანებით სკოლაში ქიმიით დაინტერესდა და მიხვდა რომ ამ სფეროს სიღრმისეულად შესწავლა უფრო იზიდავდა. “ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე ზოგადი კანონების შესწავლა, განტოლებების შედგენა და რთული ამოცანების ამოხსნა. მაინტერესებდა რამდენად იყო კავშირში ქიმია ყოველდღიურ ცხოვრებასთან, მედიცინასთან, ფარმაკოლოგიასთან, ხელოვნებასთან. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შეიცვალა ჩემი გადაწყვეტილება და დავუახლოვდი ქიმიას,” - ამბობს ელზა.

ახალგაზრდა მეცნიერი თავის პირველ წარმატებასაც ქიმიას უკავშირებს. ეს იყო პრეზიდენტის გრანტი “ახალგაზრდა მეცნიერთათვის”, რისთვისაც ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მედლით დააჯილდოვა.

2013-14 წლებში ელზამ მიიღო შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტი დოქტორანტებისათვის, რომლის ფარგლებშიც გაიარა სტაჟირება საზღვარგარეთ. “ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი ნახტომი მეცნიერული თვალსაზრისით. იქ გავეცანი კვლევის ისეთ ახალ მეთოდებსა და ყველაზე თანამედროვე აპარატურას. ეს გამოცდილება ძალიან გამომადგა, მომცა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და მეტი პასუხისმგებლობა. მეცნიერისთვის და, ზოგადად - პიროვნებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია იყო დამოუკიდებელი შენს საქმეში,”- ასე იხსენებს უცხოეთში სწავლის პერიოდს ელზა.

რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მოღვაწეობის მანძილზე ელზას, უცხოელ კლეგებთან ერთად, მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტში. მათ შორის გამოარჩევს ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის ეგიდით განხორციელებულ კვლევას “შავი ზღვის რეგიონში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში კავშირების დამყარება” (BS-ERA.NET), რომელიც მიზნად ისახავდა შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის დადგენას, ეროვნული პროგრამების ურთიერთკოორდინაციასა და ერთობლივი კონკურსების ჩატარებას უცხოელ კოლეგებთან ერთად. ასევე აღსანიშნავია პროექტი, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რომელიც შეეხებოდა მეორადი ნედლეულიდან ნახშირბადოვანი მასალების წარმოებას კარბონ-ბლექის სახით, მათ გამდიდრებასა და გამოყენებას.

მეცნიერის აზრით ქიმია გაცილებით ღრმა სფეროა, შრომატევადი და საინტერესო, ვიდრე უბრალოდ სასკოლო საგანი. ეს არის მუდმივი ძიების პროცესი, მუდმივად რაღაც ახლის გაგების სურვილი. “ყველაფერში არის ქიმია, გიზიდავს და გაინტერესებს რა დგას ამა თუ იმ მოვლენის მიღმა, რა მექანიზმებია, რით შეიძლება ახსნა ეს ყველაფერი, რა არის ამის საფუძველი. მუდმივად სვამ კითხვებს და ცდილობ იპოვო მათზე პასუხები. ასე ნელ-ნელა იძირები იმ სამყაროში, სადაც ატომები და იონები დაბობოქრობენ და ეს ხდება შენი ცხოვრების ნაწილი,” - ამბობს ელზა და აღნიშნავს, რომ სწორედ ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, როცა აკეთებ იმას, რაც გიყვარს.

თარიღი: 15/01/2021