საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ISET-ის სტუდენტების საერთაშორისო წარმატება

ქართველი სტუდენტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ეკონომიკური და არაეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით პოსტპანდემიურ პერიოდში გასატარებელ ოპტიმალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით საუკეთესო აღმოჩნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პრესტიჟულ კონკურსში Fund Challenge. თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების მერი ჯულაყიძის და ნინო სარიშვილის პროექტი 35 ქვეყნის უნივერსიტეტების ეკონომისტი სტუდენტების ნაშრომებს შორის გამოირჩა. 

„ეკონომიკა ჩვენი ცხოვრებისა და მსოფლმხედველობის განუყოფელი ნაწილია“ - აცხადებენ ISET-ის სტუდენტები. წარმატებისკენ მიმავალი გზა კი მათთვის მარტივი არ ყოფილა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროექტი Fund Challenge განკუთვნილია ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნებიდან. შერჩეული სტუდენტები პირველი სამი თვის განმავლობაში ფონდის მიერ შედგენილ მაკროეკონომიკის დიაგნოსტიკის კურსს გადიან, სადაც მაკროეკონომიკის დიაგნოსტიკის ინსტრუმენტებს (მაკროეკონომიკური ანალიზი, მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური პოლიტიკა, რისკების განსაზღვრა) საფუძვლიანად შეისწავლიან. კონკურსის ბოლოს ფინალური დავალება ეძლევათ, რომელიც სწორედ ამ ინსტრუმენტების გამოყენებით უნდა შეასრულონ. გამარჯვებული სტუდენტები IMF-ის მიერ გამართულ ღონისძიებებს ესწრებიან და ფონდში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას ეცნობიან.

„წლევანდელი Fund Challenge-ის ფინალური დავალება ბრაზილიის ეკონომიკური მაჩვენებლების მონაცემთა ბაზის საფუძველზე, ერთი თვის განმავლობაში ამ ქვეყნის ეკონომიკის გაანაზილებას შეეხებოდა. გამარჯვებისკენ მიმავალი გზა იოლი ნამდვილად არ ყოფილა, სწავლისა და სამსახურის პარალელურად, ბევრი პატარ-პატარა დაბრკოლება შეგვხვდა, დანებებაც არაერთხელ გავიელვეთ თავში, თუმცა, მაინც ყოველთვის ვახერხებდით ერთმანეთის გამხნევებას და საბოლოოდ აქამდე მოვედით,“ - ამბობს მერი ჯულაყიძე.

თსუ სტუდენტები გამარჯვების ერთ-ერთუმნიშვნელოვანეს მიზეზად ISET-ში წლების განმავლობაში მიღებულ საბაზისო ცოდნას ასახელებენ და ეს მიზეზი კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები Fund Challenge-ის გამარჯვებულები სხვადასხვა წლებში უკვე მესამედ გახდნენ.

„Fund Challenge-ში მონაწილეობის მისაღებად ISET-ში შიდა კონკურენცია ყოველწლიურად საკმაოდ მაღალია. უნივერსიტეტში მაკროეკონომიკური ანალიზის ინსტრუმენტებ სსიღრმისეულად ვსწავლობთ და პრაქტიკაშიც ვიყენებთ. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს საბაზისო ცოდნა საერთაშორისო ასპარეზზე წინ გვწევს. გარდა ამისა, მე დამერის აქამდეც არა ერთ პროექტში მიგვიღია მონაწილეობა, რაც ამ ოთხი თვის განმავლობაში მოტივაციის შენარჩუნებასა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში დაგვეხმარა,“- აღნიშნავს ნინო სარიშვილი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროექტში Fund Challenge გამარჯვება, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტებისთვის სტიმული და მოტივაციაა ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად. წლების შემდეგ სად იქნებიან, პასუხი არ აქვთ, თუმცა საკუთარ თავს აუცილებლად ეკონომიკის სფეროში ხედავენ: „5 წლის შემდეგ რას გავაკეთებთ არ ვიცით, იმედია, ჩვენთვის სასიამოვნო საქმეს, რაც ეკონომიკასთან იქნება დაკავშირებული.“

თარიღი: 12/11/2021