საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 08/12/2023 - 18/12/2023

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სტუდენტებისთვის მართავს ,,უსაფრთხოების ზამთრის სკოლას“, რომელიც ჩატარდება 2024 წლის 23 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში.


ღონისძიება მიმართულია უსაფრთხოების სფეროში სწავლების ხელშეწყობის და ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისკენ.

 

სკოლის ფარგლებში განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა: გლობალური, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველო და ნატო, საქართველო და ევროკავშირი, ჰიბრიდული საფრთხეები, ტერორიზმი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაული, კიბერუსაფრთხოება და სხვა. თეორიულ კომპონენტებთან ერთად პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ აქტივობებსაც, მათ შორის, სამუშაო ჯგუფებში მუშაობას; ლიდერობის და გუნდურობის სესიებს, ანალიტიკურ სავარჯიშოებს; პრეზენტაციებს; როლურ თამაშებს და სიმულაციებს.
„სტუმრის საათის“ ფორმატში მონაწილეები შეხვდებიან უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებს და სპეციალურ სტუმრებს. გარდა ამისა, მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა ფიზიკური აქტივობები და კულტურული ღონისძიებები.


პროგრამა შემუშავებულია წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ და ის ხორციელდება საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.


სასწავლო კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, ტექნოლოგიების, უცხო ენების და სხვა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებიდან.


კანდიდატი აუცილებელია აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • უნდა იყოს სახელმწიფო ან კერძო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი;
  • უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე.

 

მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

  • აპლიკაციების გადარჩევა;
  • გამოცდა ინგლისურ ენაში (კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს შესაბამისი დონის სერტიფიკატს, გათავისუფლდება გამოცდისგან);
  • გასაუბრება.

 

ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა აუცილებელია წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც მოიცავს სამოტივაციო წერილს (იხ. დანართი);
  • დეკანის მხარდამჭერი წერილი;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

შერჩეულ კანდიდატებს შესაძლოა მოეთხოვოთ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.


ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელ. ფოსტაზე: securitycamp@ssg.gov.ge (გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ: ,,უსაფრთხოების ზამთრის სკოლა“).