eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის მონაწილეობით ხელოვნური ინტელექტის სფეროში კიდევ ერთი საერთაშორისო პროექტი WARIE დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორის სტატუსით მონაწილეობს საერთაშორისო პროექტში “ხელოვნური ინტელექტის სფეროში კვლევებისა და ინოვაციების გაფართოება სრულყოფილების მისაღწევად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“ (WARIE), რომლის ოფიციალური გახსნაც 2026 წლის 22 ოქტომბერს ერევანში გაიმართა. პროექტი ევროკავშირის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ ევროპული სრულყოფილების ინიციატივის (European Excellence Initiative) ფარგლებში ხორციელდება და მას კოორდინაციას უწევს სომხეთის ინფორმატიკისა და ავტომატიზაციის პრობლემების ინსტიტუტი. კონსორციუმი აერთიანებს 13 წამყვან სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და შვედეთიდან. WARIE მაღალი კონკურენციის პირობებში დაფინანსდა - კონკურსზე წარდგენილი 284 განაცხადიდან დაფინანსება დაახლოებით 10%-მა მოიპოვა.

 

პროექტის მიზანია ხელოვნური ინტელექტის სფეროში კვლევითი და ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპულ კვლევით სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა. დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის ინტერდისციპლინური კვლევითი სრულყოფილების ცენტრების შექმნა, კვლევის მართვის სისტემების განვითარება, ღია მეცნიერების პრინციპებზე დაფუძნებული ციფრული ინფრასტრუქტურის დანერგვა და ახალგაზრდა მეცნიერთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოება.

 

პროექტის ოფიციალურ გახსნას დაესწრო სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი. მან ისაუბრა სომხეთის სამეცნიერო სექტორის განვითარების 2026–2030 წლების სტრატეგიულ პრიორიტეტებზე: სამეცნიერო სრულყოფილების ხელშეწყობაზე, ადამიანური პოტენციალის განვითარებაზე, კვლევითი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე, კვლევის შედეგების პრაქტიკულ გამოყენებასა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ WARIE ამ პრიორიტეტებს ეხმიანება და ევროკავშირთან თანამშრომლობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერების მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.

 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სომხეთში ევროკავშირის ელჩმა, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვასილის მარაგოსმა. მან ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროპულ ინსტიტუტებს შორის კვლევისა და ინოვაციების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისი შეფასებით, პროექტი ხელს შეუწყობს ნიჭიერი კადრების განვითარებასა და ევროპულ კვლევით სივრცეში უფრო მჭიდრო ინტეგრაციას. გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობისა და ხელოვნური ინტელექტის მინისტრის მოადგილე ტათევ ასლანიანი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჰოვჰანეს ჰოვჰანისიანი, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შერვაშიძე.

 

WARIE-ში მონაწილეობა თსუ-ს შესაძლებლობას აძლევს, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით განავითაროს ხელოვნური ინტელექტის სფეროში კვლევითი და ინოვაციური საქმიანობა, გააძლიეროს კვლევის მართვის შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიულ განვითარებას. პროექტის განხორციელებაში უნივერსიტეტს წარმოადგენს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი და ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრალური სამსახური, რაც უზრუნველყოფს პროექტის აქტივობების კოორდინაციას უნივერსიტეტის მასშტაბით.

 

 

თარიღი: 25/10/2026