Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წიგნის - ,,ახალი კორონავირუსი და თსუ-2020“ პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის ,,ახალი კორონავირუსი და თსუ - 2020“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მომზადებულია  თსუ  პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის მიერ (წიგნის შემდგენელი და რედაქტორი: ნინო კაკულია) და შეეხება პანდემიის პირობებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათი დაძლევის გზებსა და თსუ პროფესორების, სტუდენტების, თანამშრომლების  მოსაზრებებს  პანდემიურ რეალობასთან დაკავშირებით.

პრეზენტაციას  თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე, თსუ-ის კანცლერი ლაშა საღინაძე,  პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.

„ახალმა კორონავირუსმა ცხოვრების  ახალი წესი დაამკვიდრა და აღიშნულ წიგნში ავტორი შეეცადა ეს პრობლემა სხვადასხვა რაკურსიდან წარმოეჩინა. წიგნში მოცემულია როგორც მედიკოსების, ასევე არამედიკოსების მოსაზრებები ვირუსის შესახებ. საუბარია იმაზე, თუ როგორ ღირსეულად დაძლია თსუ-მ პირველი  ეტაპის გამოწვევები, რაც უკავშირდებოდა ონლაინ სწავლებას, თანამშრომლებთან  დროულ ინფორმირებას და ამავე დროს, თსუ-მ თავისი წვლილი შეიტანა მოსახლეობის ფსიქოლოგიური დახმარების საკითხებშიც,“- აღნიშნა თსუ  მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა.

წიგნის შემდგენელისა და რედაქტორის ნინო კაკულიას თქმით, წიგნში ასახულია, ის თუ რა ახალი წესები ამოქმედდა და რა გარემო შეიქმნა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ,,კოვიდ-19“-ის გავრცელების საფრთხე გაიზარდა; რა გადაწყვეტილებებით პასუხობდა უნივერსიტეტი ახალ სირთულეებს; რაზე მსჯელობდნენ, რა პოზიციებს გამოხატავდნენ და როგორ შეხვდნენ ცხოვრების ახალ რუტინას უნივერსიტეტის თანამშრომლები, პროფესორები და სტუდენტები.

„გაზეთის რედაქციაში ვირუსის შესახებ სხვადასხვა ასპექტით მრავალი მასალა დაგვიგროვდა. ამის საფუძველზე, გადავწყვიტეთ არსებული ინფორმაცია წიგნად გამოგვეცა. მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტში, მიუხედავად პანდემიისა, ონლაინ ღონისძიებები, სადისკუსიო პანელები და კონფერენციები მუდმივად იმართებოდა,”- აღნიშნა ნინო კაკულიამ.

წიგნში ასევე ასახულია თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიმოხილვა, რაც პანდემიის დროს სასწავლო პროცესის და ახალი გარემო პირობების მიმართ სტუდენტთა დამოკიდებულებებს უკავშირდება.  წიგნი შეასრულებს ისტორიული წყაროს, თავისებური დოკუმენტური მასალის როლს სამომავლოდ.