Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უცხოელი სტუდენტები თსუ-ში

2022 წლის გაზაფხულის სემესტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 73 უცხოელი სტუდენტი ისწავლის მსოფლიოს 10 ქვეყნიდან. მათ შორის არიან სტუდენტები ჩეხეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ყაზახეთის, ლიტვის, მექსიკის, პოლონეთის, ესპანეთის, თურქეთის უნივერსიტეტებიდან.

უცხოელ სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე საუნივერსიტეტო პოლიტიკისა და სიახლეების შესახებ ესაუბრა. „ჩვენს უცხოელ სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრადიციები, დღეს არსებული სტრატეგიული გეგმები გავაცანით. წელს, მიუხედავად კოვიდ სიტუაციისა, არის მიმართულებები, სადაც ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ სწავლებას. უცხოელ სტუდენტებს შორის 6 სტუდენტი არის  უკრაინიდან.  თსუ  სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, კოლეგებს, პროფესორებსა და სტუდენტებს. ჩვენ  მზად ვართ დახმარებისთვის,“- აღნიშნა თსუ რექტორმა.

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით გამართული ღონისძიება გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩამოსული სტუდენტებისთვის  გაცნობითი ხასიათის იყო. თსუ ფაკულტეტების წარმომადგენლებმა მათ მოკლე ინფორმაცია მიწოდეს თსუ-ში მოქმედი პროგრამებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობს.

 „ვმასპინძლობთ მსოფლიოს 10 ქვეყნიდან 60 უცხოელ სტუდენტს, რომლებიც მიმდინარე სემესტრს თსუ-ში გაატარებენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ სემესტრში კიდევ 13 უცხოელი სტუდენტი ისწავლის ევროპეისტიკის მიმართულებაზე, მათგან ნაწილს ეს სემესტრი კიევში უნდა გაეტარებინა, თუმცა ომის  გამო, უკრაინელმა სტუდენტებმა თსუ-ში სწავლა არჩიეს,“- აღნიშნა თსუ საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გერგედავამ.

თსუ სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის და ასევე, ერაზმუსის სტუდენტური გაერთიანების  წარმომადგენლებმა  უცხოელ სტუდენტებს მიმდინარე სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული აქტივობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩამოსულმა სტუდენტმა იან სტეპომ, რომელიც პოლონეთში კულტურის კვლევებს სწავლობს, თსუ-ს სასწავლო პროგრამების შესახებ მშობლიურ უნივერსიტეტში შეიტყო. „ძალიან მომწონს საქართველო, თბილისი, ქართველი ხალხი. მიხარია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვარ. სპონტანურმა გადაწყვეტილებამ - გამეგრძელებინა სწავლა თსუ-ში, ნამდვილად გაამართლა. ველი მიმდინარე სემესტრს, ახალ ლექტორებს, საინტერესო საგნებსა და სტუდენტებს,“- აღნიშნა იან სტეპომ. 

უცხოელ სტუდენტთა 51% გოგოა, 49% ბიჭი; მათგან 65%-მა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა თსუ-ში სასწავლებლად, დანარჩენ 35%-ს კი საკუთარი უნივერსიტეტი აფინანსებს. აღსანიშნავია, რომ მექსიკიდან თსუ-ს სტუდენტი აქამდე არ მიუღია. სამი სტუდენტი გერმანიიდან და იტალიიდან კი კვლავ დაბრუნდნენ თსუ-ში სწავლის გასაგრძელებლად.  

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს  200-ზე მეტი პარტნიორი უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი ჰყავს 56 ქვეყანაში, თანამშრომლობს 140-ზე მეტ ევროპულ უნივერსიტეტთან საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის „ერასმუს+“-სა და ორმხრივი თანამშრომლობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოქმედი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, რის შედეგადაც, 2015-2021 წლებში თსუ-ს სტუდენტების, ისევე როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობის რიცხვმა 2400-ს გადააჭარბა. 2015-2021 წლებში თსუ-ში განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო კრედიტ მობილობის 364 პროექტი; 1995-2020 წლებში თსუ-მ კოორდინაცია გაუწია და მონაწილეობა მიიღო ინსტიტუციური განვითარების 50-მდე პროექტში, ერასმუს მუნდუსის 7 კონსორციუმში, ერაზმუსის ერთობლივ სამაგისტრო 3 და ჟან-მონეს 2 პროექტში. გარდა ევროპულისა, თსუ-ს სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამით ისწავლონ ასევე 10 აზიური ქვეყნის 26 უნივერსიტეტში.

 საერთაშორისო სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც თსუ-ში როგორც უცხოენოვან, ასევე ქართულენოვან პროგრამებზე სწავლობენ, ყოველწლიურად იზრდება.