Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

როსტომ ჩხეიძის წიგნის „სამანელები 61 ამბავი“ წარდგენა

„მე დახვრეტა მომისაჯეს, თუ რამეს მოახერხებთ კარგია: დეპეშა გააგზავნეთ მოსკოვში (სტალინთან და კალინინთან), კარგად ვარ, ნუ იდარდებ, თან შეწყალების უფლება მაქვს“.... ამ შინაარსის ბარათით ამცნო თავის განაჩენი ოჯახს 26 წლის შალვა შამანიძემ, რომელიც „სამანელთა“ შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო. ერთ-ერთი იმ 17 ახალგაზრდას შორის, ვინც დიდ საქმესთან შეჭიდება,  სამშობლოსთვის თავისუფლების მოპოვება გადაწყვიტა და საამისოდ თავისი სიცოცხლეც ზვარაკად შესწირა, - ასე გააცნო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე დამსწრეთ,  ახალგაზრდა უნივერსიტეტელი თსუ ბიბლიოთეკის დირექტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა.

1941 წელს თბილისში შეიქმნა არალეგალური სამხედრო ორგანიზაცია სახელწოდებით „სამანი“ (საქართველოსთვის აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები).  იატაკქვეშა მოძრაობის წევრები   საბჭოთა ხელისუფლების სისხლიან პოლიტიკას აპროტესტებდნენ. მათი მიზანი არსებული რეჟიმის დამხობა აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. 

„ცოტამ თუ იცის, რომ 1924 წლის საერთო სახალხო აჯანყების შემდეგ, რომლის მიზანიც საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლება გახლდათ,  ყველაზე მასშტაბური გამოსვლა 1942 წელს იყო. „სამანის“ შეთქმულების სახელით ცნობილ ამბოხში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტები მონაწილეობდნენ“.  სწორედ „სამანელების“ და მათი  ორგანიზაციის, შეთქმულთა რაზმის წევრების ბედსა და ხვედრზე ისაუბრა. მხატვრულ-დოკუმენტური წიგნის „სამანელები 61 ამბავი“  ავტორმა, მწერალმა როსტომ ჩხეიძემ.

 

მოძრაობა „სამანის“ ერთ-ერთი  დამფუძნებელი და აქტიური წევრი გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ასპირანტი, შალვა შავიანიძე (1915-1942). შალვა  მიტროპოლიტ ნაომი შავიანიძის შვილი იყო. ის 1942 წლის 10 იანვარს დააპატიმრეს შეთქმულებაში მონაწილეობისთვის, მას ბრალად ედებოდა არალეგალურ-კონტრრევოლუციური ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრობა, შეთქმულებაში მონაწილეობის მიზნით ადამიანების გადაბირება და აჯანყებისათვის მზადება. ამიერკავკასიის სამხედრო ტრიბუნალმა შალვა შავიანიძეს მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილთ საშუალება ჰქონდათ ასევე გასცნობოდნენ შალვა შავიანიძის პირადი კოლექციის გამოფენას. შავიანიძეების ოჯახის წარმომადგენელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა მარინა შავიანიძემ თსუ ბიბლიოთეკას გადასცა თავისი წინაპრის შალვა შავიანიძის კოლექციის ნაწილი:  წიგნები, ბიოგრაფიული დეტალების დამადასტურებელი  ცნობები, პირადი ხასიათის  წერილები, სალექციო ჩანაწერები, წიგნები და ფოტოსურათები გადასცა და ამგვარად იგი უნივერსიტეტში დააბრუნა. ბიბლიოთეკაში გამართულ ექსპოზიციაზე სწორედ აღნიშნული მასალა  იყო  წარმოდგენილი.

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, შალვა შავიანიძის ნათესავები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.