სულ ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რამდენიმე სტუდენტმა საინტერესო პროფესიული პრაქტიკა გაიარა გერმანიაში, იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკასა და თურქეთში, რიზეს უნივერსიტეტში.
საერთაშორისო სტაჟირებამ მათ შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკას, მაღალი აკადემიური და კლინიკური სტანდარტების მქონე გარემოს და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ.
სტაჟირების ფარგლებში სტუდენტები ყოველდღიურად ესწრებოდნენ დილის კლინიკურ კონფერენციებს, ექიმებთან ერთად განიხილავდნენ პაციენტების კლინიკურ შემთხვევებს და ეცნობოდნენ დიაგნოსტიკა-მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს. მათ ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ სხვადასხვა ოპერაციას და მონაწილეობა მიეღოთ მათში ასისტენტის რანგში, რაც მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას წარმოადგენდა.
როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, საუნივერსიტეტო კლინიკებში გაცნობილი ექიმების პროფესიონალიზმი, საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა მათთვის მნიშვნელოვანი მოტივაცია გახდა. საერთაშორისო გამოცდილებამ კი მათ კიდევ ერთხელ დაანახა მუდმივი პროფესიული განვითარების, ახალი ცოდნის მიღებისა და საერთაშორისო სამედიცინო გარემოში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის მნიშვნელობა.
ამ ეტაპზე გერმანიაში პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტებს წარმოგიდგენთ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტ ნინო გელენავასთვის, გერმანიაში სწავლის გაგრძელება და პროფესიული განვითარების იქ გაგრძელება ბავშვობის ოცნება და მკაფიოდ დასახული მიზანია. ამ მიზნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო იენაში, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის გინეკოლოგიის განყოფილებაში გავლილი სტაჟირება.
„ეს გამოცდილება ჩემთვის მხოლოდ პროფესიული ცოდნის გაღრმავება არ იყო, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორედ ამ გარემოში, მაღალი აკადემიური და სამედიცინო სტანდარტების სივრცეში მსურდა ჩემი პროფესიული მომავლის შექმნა. მჯერა, რომ დიდი მიზნები მხოლოდ ოცნებით არ სრულდება — მათ სჭირდება შრომა, ცოდნა, გამბედაობა და მუდმივი განვითარება. გერმანიაში შეძენილი გამოცდილება კი მისთვის სწორედ ამ გზის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასაწყისია“, -ამბობს ნინო.
როგორც ანა ვარდოსანიძე აღნიშნავს, ქართველ სტუდენტებს კლინიკაში პირველივე დღიდან ძალიან თბილად დახვდნენ როგორც ქართველი, ისე გერმანელი ექიმები, რამაც მუშაობის პროცესი თავიდანვე სასიამოვნო გახადა. იენის საუნივერსიტეტო კლინიკაში გავლილი სტაჟირება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პროფესიულად ნაყოფიერი გამოცდილება აღმოჩნდა.
„სტაჟირების ფარგლებში საშუალება მქონდა, სიღრმისეულად გავცნობოდი რადიოლოგიის სხვადასხვა მიმართულებას. ყოველდღიურად ვესწრებოდი დილის კონფერენციებს, სადაც ექიმებთან ერთად განიხილავდნენ პაციენტების კლინიკურ ქეისებს, რაც პრაქტიკული ცოდნის მისაღებად კარგიო გზა იყო. გარდა ამისა, რადიოლოგიის განყოფილების ექიმებს წარვუდგინე ჩემი პრეზენტაციაც - პაციენტის ქეისი, რამაც დამატებითი გამოცდილება შემძინა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია გინეკოლოგიის მიმართულებით გავლილი პრაქტიკა, რაც ქართველი ექიმების - დავით ბოხუასა და ლევან ძოწენიძის დიდი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. მათი დახმარებით სხვადასხვა ოპერაციაში ასისტენტის სტატუსით მონაწილეობის საშუალებაც კი მქონდა. გარდა პრაქტიკისა, გინეკოლოგიის განყოფილების ექიმებთან ერთად გიდის თანხლებით ქალაქის ტურზეც წავედით, სადაც იენის ისტორიას გავეცანით და ბევრი საინტერესო დეტალი შევიტყვეთ. შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები, რომლებმაც იქაური ყოველდღიურობა ბევრად უფრო საინტერესო და სასიამოვნო გახადეს.
იენის კლინიკაში გაცნობილი ექიმების პროფესიონალიზმი და საკუთარი საქმისადმი დამოკიდებულება ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო. ძალიან მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის და მიღებულ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს მომავალ საქმიანობაში. მადლობა ჩემს უნივერსიტეტსა და erasmus+“,- აღნიშნავს ანა.
„იენის კლინიკაში ყოფნა ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის. საკმაოდ ბევრი ცოდნა მივიღე არა მარტო რადიოლოგიის კუთხით, არამედ სხვა სპეციალობებშიც.ყოველივე ზემოხსენებული გამოწვეული იყო იმით, რომ ექიმები ძალიან კარგად იყვნენ განწყობილი ჩვენს მიმართ, ცდილობდნენ ყურადღება მოექციათ და რაც შეიძლება მეტის ათვისებაში დაგვხმარებოდნენ, მასალები გვეპოვა. არა მხოლოდ სხვადასხვა განყოფილების დათვალიერების შესაძლებლობა მოგვცეს, არამედ, ამავდროულად შესაძლებლობა მოგვცეს ექიმებისა და რეზიდენტების წინ წარგვედგინა მოხსენებები საკმაოდ საინტერესო და იშვიათი დაავადებების ქეისებზე. ძალიან მადლობელი ვარ რომ მომეცა ეს შანსი გამეღრმავებინა ცოდნა“,- აცხადებს კიდევ ერთი სტუდენტი ელიზაბეტ ბასილაძე.
ილია ბედუკაძემ ერთთვიანი სტაჟირება გაიარა ფრიდრიხ შილერის სახელობის იენას საუნივერსიტეტო კლინიკაში, რაც მისი აზრით, დიდი გამოწვევა იყო პროფესიული და პიროვნული განვითარების თვალსაზრისით. ამ პროგრამამ საშუალება მომცა გამეღმავებინა ჩემი ცოდნა, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია მივიღე ზღვა გამოცდილება, ჩამომიყალიბდა ურთიერთობები, როგორც ქართველ, ასევე გერმანელ კოლეგებთან. ასევე მსურს სწავლის გაგრძელება გერმანიაში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო გავცნობოდი სისტემას და გერმანელ კოლეგებს. ისინი ძალიან თბილი დამოკიდებულებით და უდიდესი კოლეგიალურობით გამოირჩეოდნენ. მოტივირებული სტუდენტების მიმართ.
საბოლოოდ ვიტყვი, რომ 2026 წ. erasmus+ გაცვლითი პროგრამა გახლდათ ჩემს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში უდიდესი ნაბიჯი, რომელიც არასდროს დამავიწყდება.