Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული კრებულის მომზადება აქტიურ ფაზაში გადადის

ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური გამოცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გარდა საქართველოს ეროვნული არქივის ბაზაზე განხორციელებული სამუშაოების საფუძველზე მომზადდება. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სარედაქციო საბჭოს შეხვედრაზე ისაუბრეს. როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, გაფართოვდა საბჭოს შემადგენლობა - უნივერსიტეტისა და ცენტრის მეცნიერებთან ერთად, საბჭოში ეროვნული არქივის, ენათმეცნიერების, ქართული ლიტერატურის, გეოგრაფიის, სამართლის, ეკონომიკისა და აღმოსავლეთმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებიც იმუშავებენ. „ხელნაწერთა ცენტრსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის უკვე არსებობს მემორანდუმი, რომელსაც შემოუერთდება ეროვნული არქივი და სამივე ინსტიტუციაში დაიწყება ინტენსიური სამეცნიერო მუშაობა, მასალების მოძიება, დიგიტალიზაცია და დიდი აკადემიური გამოცემისთვის მზადება“,- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
 

მემორანდუმი, რომელიც თსუ-სა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის 2021 წლის 18 ნოემბერს გაფორმდა, საარქივო მასალის სრულყოფილი შესწავლის საფუძველზე დიდი ქართველი მეცნიერის, ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური გამოცემის მომზადებას ისახავს მიზნად. ეს იქნება ივ. ჯავახიშვილის თხზულებათა სრული კრებულის პირველი გამოცემა, რაც უმნიშვნელოვანესი, ეპოქალური მოვლენა იქნება ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების, ზოგადად, ქართული კულტურის და მეცნიერების ისტორიაში. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და თსუ მუზეუმის საცავებში, ასევე საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია ივ. ჯავახიშვილის სამეცნიერო და ეპისტოლური მემკვიდრეობის უნიკალური ფონდები, რომელთა დიდი ნაწილი გამოუქვეყნებელია. ამდენად, მათი გამოცემა მნიშვნელოვანია, რათა მეცნიერის ნაშრომები გახდეს ცნობილი ფართო აუდიტორიისათვის.
 

აკადემიურ გამოცემაზე მუშაობა აქტიურ ფაზაში შედის და ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესათვის  რამდენიმე ტომი გამოიცემა.