Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის განცხადება

უნივერსიტეტის უპირველესი მიზანი მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაა. დღეისთვის თსუ-ს თითქმის ყველა პარტნიორ უცხოურ უნივერსიტეტში მსოფლიოს მასშტაბით, აღდგენილია ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი.

 

თსუ-მ კოვიდის გავრცელებისთანავე მოახერხა და 3000-მდე სასწავლო კურსი გადაიყვანა ონლაინ ფორმატში. ამ ხნის განმავლობაში შესყიდულ იქნა 200 ათას ლარზე მეტი ღირებულების ZOOM-ის ლიცენზია, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ონლაინ ლექციების უხარვეზოდ ჩატარება.

 

ონლაინ სწავლება მაშინ ერთადერთი გამოსავალი იყო. დღეს, განათლების პროცესი ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება, რადგან  ქვეყანაში არსებული კოვიდსტატისტიკა და რეგულაციები ამის შესაძლებლობას იძლევა.

 

ინფორმაცია საერთო საცხოვრებლის შესახებ:

სააუდიტორიო სწავლების განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სტუდენტებს მიეწოდათ 18 თებერვალს. სტუდენტებს სასწავლო პროცესისთვის მოსამზადებლად 2 თვეზე მეტი დრო მიეცათ.

 

თსუ-ს გააჩნია სტუდენტთა 2 საერთო საცხოვრებელი: 320-ადგილიანი თანამედროვე სტანდარტების სტუდენტური საერთო საცხოვრებელი კომპლექსი ლისზე და 396-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი კომპლექსი ბაგებში.

 

ბაგების საერთო საცხოვრებელი თსუ-ს 2019 წელს გადმოეცა, შესაბამისად, მანამდე უნივერსიტეტი ვერ ჩაატარებდა სარემონტო სამუშაოებს. ექსპერტების დასკვნით, შენობა სერიოზულ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, რაც ბიუჯეტურად გაცილებით ძვირი იქნება ვიდრე ახალი შენობის აშენება.

 

თსუ-მ უკვე გამოაცხადა აუქციონი უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 3000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით; სტუდენტური კამპუსის მშენებლობა გაცილებით ადრე დაიგეგმა, თუმცა მის განხორციელებას ხელი პანდემიამ შეუშალა.

 

მიმდინარე სემესტრში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ორჯერ გამოცხადდა რეგისტრაციის პროცესი თსუ საერთო საცხოვრებელში ლისის ტბაზე და ბაგებში, სადაც 150 თავისუფალი ადგილი იყო. დარეგისტრირდა მხოლოდ 105 სტუდენტი, შესაბამისად, 80 ადგილი კვლავ თავისუფალია. 28 აპრილიდან კვლავ განახლდება რეგისტრაცია.

 

სამწუხაროდ, საერთო საცხოვრებელში რეგისტრაციის დროს გამოიკვეთა რეგისტრაციის მსურველთა ხელოვნურად გაზრდის ფაქტები. მსგავსი შინაარსის მოწოდებები ახლაც ვრცელდება, რის შედეგადაც, შესაძლოა, ის სტუდენტები, რომელთაც საერთო საცხოვრებელი ნამდვილად სჭირდებათ დროებით გარეთ დარჩნენ.

 

თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, თსუ-მ გამონახა სახსრები და აღიჭურვა ლისის საერთო საცხოვრებლის კიდევ ერთი კორპუსი.

 

ლისის საერთო საცხოვრებელში სტუდენტის გადასახადი 150 ლარია. წარჩინებული სტუდენტები შეღავათით სარგებლობენ. ბაგების საერთო საცხოვრებელში სტუდენტის გადასახადი 50 ლარია. ორივე გადასახადი მოიცავს ყველა ტიპის კომუნალურ გადასახადს, უფასო ინტერნეტს და დამხმარე ინფრასტრუქტურით სარგებლობას ორივე საერთო საცხოვრებელში.

 

უნივერსიტეტს ბევრად ძვირი, თითქმის სამჯერ მეტი უჯდება საერთო საცხოვრებლებში ერთი სტუდენტის ცხოვრება, თუმცა, არსებული ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, არ ზრდის გადასახადს და ამიტომ წლებია თსუ ახდენს  სუბსიდირებას ამ მიმართულებით, რათა სტუდენტს გადასახადი არ გაუძვირდეს და ხელმისაწვდომი იყოს.

 

პანდემიის პერიოდში 2020 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 სექტემბრამდე, ის სტუდენტები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობდნენ, სრულად გათავისუფლდნენ საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან, ხოლო დანარჩენი სტუდენტებისთვის გადასახადი 30%-ით შემცირდა.

 

 

ჰიბრიდული სწავლების თაობაზე:

 

სრული სააუდიტორიო სწავლება განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებაა, რადგან ვერანაირი სხვა ფორმატი - ვერც სრულად დისტანციური და ვერც ჰიბრიდული ვერ იძლევა სწავლა-სწავლების საჭირო ხარისხს.

 

უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი და თანასწორი შეფასება, რაც ჰიბრიდულ / ონლაინ რეჟიმში  სრულყოფილად ვერ ხერხდება. ამასთან, ჰიბრიდულ რეჟიმში სასწავლო პროცესის წარმართვა და მათ შორის გამოცდების ჩაბარება, არათანაბარ პირობებში აყენებს სტუდენტებს.

 

დამატებითი საკითხები:

 

მცდარია განცხადება, რომ უნივერსიტეტი შეუჩერებს სტატუსს სტუდენტს, რომელიც არ ჩაერთვება სააუდიტორიო სწავლებაში.

 

ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტთა დახმარების გზებზე, რომელთაც ობიექტური მიზეზების გამო აქვთ ე.წ. საზღვრის კვეთის პრობლემა,  ფაკულტეტები ინდივიდუალურად იმსჯელებენ.

 

პანდემიის პერიოდში თსუ-ს დაეზოგა გარკვეული ფინანსური რესურსი, თუმცა, არც თუ დიდი ოდენობის, რადგან არც ერთი სასწავლო კორპუსი ამ ხნის განმავლობაში არ დაკეტილა, თანამშრომლები შემუშავებული გრაფიკით, რეკომენდაციების სრული დაცვით დადიოდნენ და ასრულებდნენ ადმინისტრაციულ საქმიანობას, რაც აუცილებელი იყო და არის სასწავლო პროცესის წარმართვისთვის. ამავე დროს, ზოგ მიმართულებებზე ჰიბრიდული სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა იურიდიული პირებისთვის (მათ შორის უნივერსიტეტებისთვისაც) კომუნალური გადასახადები და ზოგადად, ქვეყანაში საქონლის შესყიდვის ხარჯები. ეს იმ ფონზე, როცა არ გაზრდილა შემოსავლები. მიუხედავად ამისა, თსუ-მ მოახერხა  მცირედი რესურსის დაზოგვა, რაც მიემართა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. თსუ-ს 30-მდე შენობა-ნაგებობაში 7 ფაკულტეტი, 16 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სპორტდარბაზები და სხვა დანიშნულების სამსახურია განთავსებული.