Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულების სტუდენტები სტაჟირების პროგრამას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაივლიან.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სასწავლო/სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ირინა ქურდაძემ მოაწერეს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, რაც შეიძლება მეტ სტუდენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს თავის მომავალ პროფესიას. „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გულისხმობს სტუდენტების სტაჟირების პროგრამას, მომავალი დასაქმების პერსპექტივით, ეს ზუსტად ის კავშირია, რომელიც უმაღლეს სკოლას საგარეო უწყებასთან უნდა გააჩნდეს. მით უფრო, რომ პირველი სკოლა, საქართველოში 90-იან წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა და ქართული დიპლომატიის უახლესი ისტორია ალბათ სწორედ აქ იწყება,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლის მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის გამოცდილების გაზიარების კარგ შესაძლებლობას იძლევა. „თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის ინსტიტუტი სტუდენტებს საშუალებას მისცემს სწორედ მათთვის საინტერესო თემებზე მიიღონ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, შემდგომ უკვე გაიარონ შესაბამისი კონკურსი საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოს დიპლომატიის რიგებში დაიკავონ ადგილი,“ - განაცხადა მინისტრმა.

გაფორმებული მემორანდუმი სტუდენტების სტაჟირებასთან ერთად, საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებზე კონფერენციების, ფორუმების, კონგრესების, სემინარების და სხვა სახის ღონისძიებების ორგანიზებას და ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გამოყენებას გულისხმობს.

თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სასწავლო/სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის ირინა ქურდაძის ინფორმაციით, ტრადიციული თანამშრომლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მომავალი წლების განმავლობაშიც ნაყოფიერად გაგრძელდება. „იურისტის მომზადებისთვის პრაქტიკული უნარები უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ეს თანამშრომლობა კი აღიარებაა იმ ქართული საერთაშორისო სამართლის სკოლისა, რომლის დამფუძნებელიც აკადემიკოსი ლევან ალექსიძე იყო და რომლის ტრადიციებსაც ჩვენ ვაგრძელებთ,“ - აღნიშნა ირინა ქურდაძემ.

თსუ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი თამარ რუსეიშვილი კი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს ამგვარი გამოცდილება დაეხმარება, თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერებაში და სამომავლოდ, პროფესიული განვითარების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ საერთაშორისო სამართლის სასწავლო/სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის განმტკიცებას და საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამართლებრივ უზრუნველყოფაში ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტ ჩართულობას ისახავს მიზნად.