Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გოტენბურგის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თსუ მედიცინის ფაკულტეტზე

თსუ მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტს ICM ერაზმუსის პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით ეწვია  გოტენბურგის უნივერსიტეტის (შვედეთი) დელეგაცია. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დირექტორი, პროფესორი მაქს პეტზოლდი (პროექტის აკადემიური კოორდინატორი გოტენბურგის უნივერსიტეტში), ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები ლეო სტეკფოლტი, ლეით ჰუსეინი, ჯესპერ ლოვე. თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტიდან პროგრამის აკადემიური კოორდინატორია პროფესორი ნინო ჩიხლაძე.

 

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს. ჩატარდა რამდენიმე ვორკშოპი შემდეგ თემებზე: საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო და სადოქტორო განათლება თსუ-ში, გარემოს ჯანმრთელობა და მისი კვლევა, და ა.შ.

 

ვიზიტის ერთი დღე სრულად მიეძღვნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევასა და შეფასებას თსუ-ში. შვედმა კოლეგებმა მოისმინეს თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ეპიდემიოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა მიმდინარე შრომები და დასრულებული კვლევები. გოტენბურგის უნივერსიტეტის  პროფესორებმა დადებითად შეაფასეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტში მიმდინარე მეცნიერული სამუშაო და სამომავლო თანამშრომლობის ინტერესი გამოთქვეს. გოტენბურგის უნივერსიტეტის  პროფესორებმა ლექციები წაიკითხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან.

 

შვედი კოლეგები აგრეთვე ეწვივნენ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რომლის დირექტორი სამეცნიერო დარგში პროფესორი პაატა იმნაძეა. სტუმრები გაეცნენ ცენტრის მუშაობას, მიღწევებს, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს.  

 

სამუშაო შეხვედრებში თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტიდან მონაწილეობა მიიღეს აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა, მაგისტრანტებმა, დოქტორანტებმა და კურსდამთავრებულებმა. 

 

ვიზიტის ბოლო დღე დაეთმო ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო პროექტებისა და თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტსა და   გოტენბურგის უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

 

მიმდინარე წლის 12-24 ივნისს დაგეგმილია თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი ნინო ჩიხლაძე, პროფესორი ნატა ყაზახაშვილი, ასოცირებული პროფესორი ნატო ფიცხელაური, ასოცირებული პროფესორი მაკა ჯორბენაძე, ასოცირებული პროფესორი  ლაშა ლორია, მოწვეული ლექტორი ეკატერინე რუაძე) სამუშაო ვიზიტი გოტენბურგის უნივერსიტეტში.