Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდა მეცნიერთა V საერთაშორისო ინტერდსციპლინური  სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 2023 წლის 7-9 ივლისს გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა V საერთაშორისო ინტერდსციპლინური   სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (www.isysh.tsu.ge).    

 

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება. სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებენ სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები როგორც თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან (ილიაუნი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, საპატრიარქოს უნივერსიტეტი და სხვ.), ისე საქართველოს რეგიონების უნივერსიტეტებიდან (ბათუმის, ქუთაისის და სხვ.) და საზღვარგარეთის სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებიდან (აშშ, იტალია, გერმანია, პოლონეთი, ესტონეთი, სომხეთი და სხვ.).

 

ღონისძიების მთავარ სამიზნე ჯგუფსა და აუდიტორიას ახალგაზრდა მეცნიერები (მაგისტრები, დოქტორანტები და დოქტორები) წარმოადგენენ, რომლებიც აგრძელებენ არსებულ სამეცნიერო ტრადიციას და შემოაქვთ სიახლეები ქართულ საუნივერსიტეტო და, ზოგადად, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.

 

 ჰუმანიტარულ და მომიჯნავე დარგებში მომუშავე ახალგაზრდა მეცნიერებს სიმპოზიუმი საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ თავიანთი კვლევის შედეგები, შეძლონ საკუთარი სამეცნიერო მიღწევების ინტერნაციონალიზაცია და მიიღონ კვალიფიციური უკუკავშირი. სიმპოზიუმი ღიაა ჰუმანიტარულ და მის მომიჯნავე დარგებში მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერთათვის, თუმცა ყოველწლიურად საორგანიზაციო ჯგუფი სამეცნიერო კომიტეტთან ერთად საზღვრავს კონკრეტულ მიმართულებებსა და დარგს, რომელსაც მიეძღვნება რიგი ღონისძიებებისა. პირველი სიმპოზიუმის თემატური ბლოკი მიეძღვნა თარგმანისა და თარგმანმცონდეობის საკითხებს, მეორე სიმპოზიუმი — ივ. ჯავახისშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტის 100 წლის იუბილეს. მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი მიეძღვნა აღმოსავლეთმცოდნეობის სწავლებისა და კვლევის ტრადიციას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი მიეძღვნა არქეოლოგიის კვლევის მრავალწლიან ისტორიას თსუ-ში და დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციებს მსოფლიოში.

 

ახალგაზრდა მეცნიერთა V საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი დაგეგმილია 2023 წლის 7-9 ივლისს. ახალგაზრდა მეცნიერთა V საერთაშორისო სიმპოზიუმის  ძირითადი მიმართულებაა კულტურის კვლევები. ამ შედარებით ახალგაზრდა დარგს, რომელიც  სათავეს გასული საუკუნის შუა ხანებიდან იღებს, თსუ-ში უკვე რამდენიმე ათწლეულის ისტორია აქვს. ისევე როგორც სხვა საუნივერსიტეტო სივრცეებში, მისი კვლევის მთავარ ობიექტად იქცა ქვეყნისა და რეგიონისთვის განსაკუთრებით აქტუალური პრობლემები. ინტერესი კულტურის კვლევების მიმართ ყოველწლიურად იზრდება; ვითარდება თანამშრომლობა უცხოელ კოლეგებთან, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სასწავლო თუ კვლევით პროექტებსა და პროგრამებში. არაერთმა მათგანმა სწავლა გააგრძელა უცხოეთის უნივერსიტეტების სხვადასხვა პროგრამაზე, რის საშუალებასაც კულტურის კვლევათა ინტერდისციპლინური ხასიათი იძლევა. თსუ კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორებისა და სტუდენტების მუშაობის შედეგები სულ უფრო მეტად იქცევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღებას.

 

აქედან გამომდინარე, წლევანდელი სიმპოზიუმის მიზანია კულტურის კვლევებში აკუმულირებული ცოდნის, აქტუალური პრობლემების ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან განხილვის შესაძლებლობათა წარმოჩენა, კვლევის თანამედროვე მეთოდებისა და თეორიული მიდგომების ურთიერთგაზიარება. სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს თემატური სექციები, მრგვალი მაგიდა და სადისკუსიო ფორუმები, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ხასიათის განსხვავებული ფორმატის შეხვედრები.

 

სიმპოზიუმის მიზნებია:

ა) ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა და წახალისება;

ბ)კულტურის კვლევების მრავალფეროვანი შესაძლებლობების წარმოჩენა და პოპულარიზაცია;

გ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზება და ინტერნაციონალიზაცია;

დ) სხვადასხვა თაობის მეცნიერთა შორის კომუნიკაციის გაღრმავება და მხარდაჭერა; ახალგაზრდა მეცნიერთა როლის გამოკვეთა;

ე) ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობა ადგილობრივ და უცხოელ კოლეგებთან კავშირების დამყარებაში და სამეცნიერო მიღწევების გაზიარებაში.

სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც  როგორც დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, ასევე მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერებს.

სიმპოზიუმის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

კულტურათაშორისი ურთიერთობის საკითხები: ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე პრობლემები;

მრავალკულტურული საზოგადოების გამოცდილება და გამოწვევები: ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი საკითხები;

ცივი ომის დასრულება და ტრანზიციის პრობლემები;

იდენტობა, ნაციონალიზმი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა;

წარსულის აღქმა და ინტერპრეტაცია, კოლექტიური მეხსიერება, მეხსიერების პოლიტიკა;

კულტურული ტრავმა სხვადასხვა მეცნიერების პერსპექტივიდან;

იმპერიული გამოცდილება და მისი გააზრება;

რევოლუციები, ტოტალიტარული რეჟიმები, კოლონიალიზმი და პოსტკოლონიალიზმი;

ენა, ტექსტი, ავტორი, მკითხველი;

წარსულის არტეფაქტები, ძეგლები, ტრადიციები: ისტორიის რეკონსტრუქცია;

კულტურის პოლიტიკა და კულტურული მემკვიდრეობა;

რეგიონული კვლევები: კავკასია, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, ბალკანეთი, ახლო აღმოსავლეთი;

გლობალური სამყარო და თანამედროვე გამოწვევები: ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები, პოსტკოვიდური მსოფლიო, საერთაშორისო ტერორიზმი, ომი უკრაინაში.

აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნება. ახალგაზრდული სუბკულტურები.

სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

რეგლამენტი:

მოხსენება – 20  წუთი;

მსჯელობა – 10 წუთი;

 

თეზისები განსახილველად გადაეცემა სიმპოზიუმის სარეცენზიო კომისიას.

მნიშვნელოვანი თარიღები:

სიმპოზიუმის ჩატარების თარიღი:  7-9 ივლისი, 2023

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა –  28 თებერვალი, 2023