27 თებერვალს, 17:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სამართლისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ნარკვევების“ მეხუთე წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. სქელტანიანი გამოცემა (1270 გვერდი), ცნობილი ქართველი მეცნიერს, უნივერსიტეტში იურისტთა არაერთი თაობის აღმზრდელს, ჩვეულებითი სამართლის შემსწავლელი ლაბორატორიის დამაარსებლის, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ მიხეილ (მიხაკო) კეკელიას ხსოვნას მიეძღვნა.
მეხუთე წიგნის გამოცემის ინიციატივაც ისევე როგორც წინა შემთხვევებში თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტს ეკუთვნის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით. კრებულის მომზადებასა და გამოცემაში სამოცზე მეტმა ქართველმა მეცნიერმა, პრაქტიკოსმა იურისტმა მიიღო მონაწილეობა. პროფესორ მიხეილ კეკელიას ბიოგრაფიასთან ერთად წიგნს თან ერთვის მის შესახებ ოჯახის წევრების, სტუდენტების, კოლეგების საინტერესო მოგონებები და ქართველი მეცნიერის მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი ბიბლიოგრაფია, რომელიც 160-ზე მეტ პირველხარისხოვან სამეცნიერო ნაშრომს, მონოგრაფიას, სახელმძღვანელოსა თუ, საგაზეთო წერილს მოიცავს.
„სამართლისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ნარკვევები“ ბოლო წიგნია ხუთტომეულიდან, რომელზე მუშაობაც იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ გოჩა ფერაძის რედაქტორობით ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო. მიზანი კი, გახლავთ XX საუკუნეში მოღვაწე ხუთი დიდი ქართველი იურისტის: 1947-1983 წლებში იურიდიულ ფაკულტეტზე სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის კათედრის გამგის პროფ. ივანე სურგულაძის, აკადემიკოს ისიდორე დოლიძის, პროფესორების: დავით ფურცელაძის, გიორგი ნადარეიშვილისა და მიხეილ კეკელიას ღვაწლის წარმოჩენა და დაფასება, რომელთაც მთელი ცხოვრება ქართული სამართლის ისტორიის, მისი ქართული თუ, უცხოენოვანი ძეგლების მოძიებას, შესწავლასა და წარმოჩენას მიუძღვნეს.