Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საახალწლო სტუდენტური სურვილების ხე

სტუდენტობა ყველასთვის განსაკუთრებული პერიოდია. ცხოვრების ამ ეტაპზე სურვილებს და ოცნებებს რა დალევს, თუმცა, დღევანდელი ახალგაზრდობა, როგორც ამბობენ, „სხვანაირად მოტივირებულია“. ისინი, თითქოს, წინა თაობასთან შედარებით უფრო პრაქტიკულები არიან და თავიანთი ოცნებების განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე მეტად მიზანდასახულები ჩანან. შობა და ახალი წელი კი ყველას ახარებს და „ჯადოსნურ ღამეს“ ჩათქმული სურვილების ასრულებისაც სჯერათ...
სანდრო მარანელი, იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი: „ისევე, როგორც ყველა სხვა სტუდენტი, მეც ვისურვებდი, რომ მომავალ წელს უნივერსიტეტმა შეძლოს სტუდენტებისათვის არა მარტო მაღალი ხარისხის განათლების მიწოდება, არამედ უფრო მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების შეთავაზება. ვიმედოვნებ, სტუდენტების მხრიდანაც გაიზრდება საუნივერსიტეტო აქტიობების ორგანიზებაში ჩართვის სურვილი. დარწმუნებული ვარ, ახალი წლის გამოწვევებს უნივერსიტეტი ფეხს აუწყობს და გააგრძელებს განვითარების გზაზე ღირსეულ სვლას“. 
მანანა კობიაშვილი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი: „ახალი წელი განსაკუთრებით მიყვარს. ეს წელი ჩემთვის მართლაც განსაკუთრებულია, რადგან პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი, თანაც სწორედ იმ ფაკულტეტზე მოვხვდი, რომელზეც ვოცნებობდი. საახალწლოდ იმდენი სურვილი მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად მინდა წარმატებული ადამიანი გავხდე - ამისთვის მხოლოდ ოცნება არ არის საკმარისი, სწავლა არ მეზარება და ვეცდები, დასახულ მიზანს მივაღწიო. უნივერსიტეტს ვუსურვებ, რეალობად აქციოს სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, გაუმჯობესდეს სასწავლო პროცესი. ვულოცავ ყველას შობა-ახალ წელს!“
ნინო დადიანი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი: „ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოცნება ახდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი, თუმცა, ვისურვებდი, რომ სტუდენტებისთვის მეტი რამ დადებითად შეიცვალოს: მათ შორის ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდეს კვების ობიექტები... გარდა ამისა, ბევრი ჩემი მეგობარი სწავლის პარალელურად მუშაობს, ამიტომ მათი ხელშეწყობის მიზნით საჭიროა სასწავლო ცხრილები მათ გრაფიკზე იყოს მორგებული. სტუდენტებისთვის, ასევე, არ არის გასართობი სივრცე, სადაც თავისუფალ დროს გავატარებდით. ასე რომ, სურვილები გვაქვს და მათ ასრულებას ველოდებით“.
თაკო მანთიძე, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი: „ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ კვების ობიექტებით არაა აღჭურვილი კორპუსები. მოუხერხებელია, მთელი დღე იყო უნივერსიტეტში და წყალიც კი ვერ დალიო... თუ საკვების მომზადების საშუალება არ არის, სასადილო ოთახი მაინც მოგვიწყონ, რადგან დერეფნებში მივირთმევთ საკვებს, რაც ძალიან არასასიამოვნოა. ახალი წლიდან, ასევე, ვისურვებდი ცხრილის ადმინისტრაციულად მოწესრიგებას. კურაციული სისტემის იდეა ძალიან მომწონს, მაგრამ სწორი განხორციელება სჭირდება, რაშიც ცხრილის უკეთ დალაგებას ვგულისხმობ. მართლა კარგია, რომ 10 გამოცდის ჩაბარება ერთად არ გვიწევს, მაგრამ ხარვეზები მაინც არის და ვისურვებდი ეს ხარვეზები მინიმუმამდე დაიყვანონ“.
სოფიკო თავშავაძე, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი: „უნივერსიტეტში ყველაფერი მომწონს, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება ავირჩიე და ძალიან მინდა სწავლა საზღვარგარეთ გავაგრძელო. სურვილების ხეს სწორედ ამ სურვილს ჩავუთქვამ. იმედია, ფაკულტეტის მხრიდან ხელშეწყობა მექნება... საახალწლოდ კი უნივერსიტეტს წინსვლას და წარმატებას ვუსურვებ!“
ალექსანდრე გაბაშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი: „როგორც თსუ-ის სტუდენტმა, თავისუფლად შემიძლია ვისაუბრო განვლილ წელზე, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერი იყო ადმინისტრაციის, ლექტორების, სტუდენტური თვითმმართველობის და მომსახურე პერსონალის დამსახურებით. თსუ-ის ნებისმიერი წარმომადგენელი ყოველთვის ცდილობს ჩვენი უნივერსიტეტი იყოს პირველი და სტუდენტები ამას ძალიან კარგად ვგრძნობთ. რა თქმა უნდა, არის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ მოგვარების პროცესშია, მაგრამ მჯერა, რომ მომავალი 2020 წელი ამ მხრივ წარმატებული იქნება“.
დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ სასწავლო წელს ახალი მიზნებით დავიწყებთ, მიზნები არ დარჩება მხოლოდ მიზნებად და შედეგსაც მალევე ვიხილავთ. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე გარემონტდა II კორპუსის ფასადი, გალამაზდა ბიბლიოთეკის შენობა, ე.წ. მაღლივი კორპუსის ფოიეც, ვიმედოვნებ, თსუ-ის სხვა აკადემიური კორპუსებიც გარემონტდება. მომავალი წლიდან, ასევე, ვისურვებდი, დაიწყოს ახალი და უკეთესი პირობების შექმნა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის განახლდეს ლაბორატორიები, გაორმაგებული ყურადღებით მოეკიდონ პრაქტიკულ სწავლებას.
მე, როგორც სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი, შემიძლია დაგპირდეთ, რომ მომავალ სემესტრში უფრო საინტერესო პროექტებს შემოგთავაზებთ. ბევრ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და გასართობ ღონისძიებას ვგეგმავთ, სადაც სტუდენტების ჩართულობა ბევრად გაიზრდება“.
ნიკა მუყასაშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი: „უნივერსიტეტის დღის წესრიგში მრავალი საკითხი კვლავაც გადაუჭრელია. რიგი პრობლემების მოგვარება ფინანსური სიდუხჭირის გამო ვერ ხერხდება, მაგრამ კარგი იქნებოდა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში სტუდენტების უკეთესი ინფორმირება და პროგრამების განახლების პროცესში მათი ჩართვა. ახალი წლიდან, ასევე, ვისურვებდი, რომ თსუ-ის ონლაინ პლატფორმები, ვებ-გვერდისა და სტუდენტური ბაზების სახით, მოწესრიგდეს, გაიზარდოს სტუდენტთა ინფორმირებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის ხარისხი. ხშირად სტუდენტებს საგამოცდო ცენტრთან და ცენტრალურ დეპარტამენტებთან კომუნიკაციის პრობლემა აქვთ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მომსახურების დახვეწა აუცილებელია. სასწავლო პროგრამები, განსაკუთრებით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ფუნდამენტურ განახლებას საჭიროებს. მეცნიერული კუთხით სამეცნიერო ვაკუუმში ვიმყოფებით, რადგან არ ხდება საგნების ლიტერატურული განახლება“.
ანა გრიგალაშვილი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი: „საახალწლოდ ვისურვებდი მეტ გასართობ ღონისძიებას, ბევრ „პუფს“ უნივერსიტეტის დერეფნებში... ჩემი აზრით, სტუდენტური ცხოვრება ცოტა მოსაწყენია. მეტი ინიციატივაა საჭირო, რომ ჩვენ თავისუფალი დრო შინაარსიანად გავატაროთ. გარდა ამისა, ვისურვებდი გამართულ ბაზებს და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას! ვულოცავ ყველა უნივერსიტეტელს და მთელ საქართველოს შობა-ახალ წელს!“
ლუკა სიამაშვილი, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი: „ახალ წელი სიახლეებთან ასოცირდება და ახალ წელს მეც ყოველთვის ახალი სურვილებით ვხვდები. ჩემი მიზანია, გავხდე ნამდვილი პროფესიონალი. უნივერსიტეტს ვუსურვებ, გაამართლოს სტუდენტების მოლოდინები: იყოს რაც შეიძლება მეტი გაცვლითი პროგრამა, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ და მიიღონ ევროპული განათლება; ყოველთვის იყოს წამყვანი სასწავლებელი და გაამართლოს ახალგაზრდობის იმედები - სურვილების ხესთან სწორედ ამას ჩავუთქვამდი...“