Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარიამ ციცაგი: „სინამდვილეში, მეცნიერება „ერთი სამსახური“ არაა... ის მუდმივად შენშია, არ გტოვებს არც ერთი წამით“

მარიამ ციცაგისთვის მეცნიერებაში მოღვაწეობა, როგორც თავად ამბობს, ფილმის სცენარივით ვითარდება. ამ ფილმის მთავარი გმირი მეცნიერია, რომელიც  მოგზაურობს  და იკვლევს საქართველოს, გადის პრაქტიაკს  კანადაში, ევროპის ქვეყნებსა და  აშშ-ში, ნიადაგის მკვლევრებისთვის საოცნებო ლაბორატორიაში.

მარიამის ამბავი 2003 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ იწყება.  მაშინ, როდსაც თსუ სრულმა პროფესორმა, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა, რამინ გობეჯიშვილმა  მარიამს  თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მუშაობა შესთავაზა.

იმ დღიდან მეცნიერება მარიამის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა; ბევრი ისწავლა, ახლაც სწავლობს და  ადგილობრივ, თუ საერთაშორისო პროექტებში მიღებულ პრაქტიკულ თუ თეორიულ ცოდნას, უკვე საკუთარ მოსწავლეებსა და სტუდენტებს უზიარებს.

„ხშირად მეკითხებიან, ერთ სამსახურში ამდენი წელი მუშაობა, როგორ შემიძლია. ინსტიტუტი ჩემი პირველი სამსახური იყო, სადაც ნამდვილად რთული პერიოდი გავიარეთ ყველამ ერთად. მუდმივად იდგა ჩვენ წინაშე ამოცანა - ვრჩებოდით მეცნიერებაში, თუ არა?! - და, აი, უკვე 13 წელზე მეტი გავიდა ამ კედლებში. სინამდვილეში მეცნიერება „ერთი სამსახური“ არ არის. აქ მუშაობა 9 საათზე არ იწყება და 6 საათზეც არ მთავრდება. მეცნიერება მუდმივად შენშია, არ გტოვებს არცერთი წამით. კითხვები, რომლებიც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გაქვს, მუდმივად შენთან  რჩება. და იმ დროს, როცა პასუხებს აღმოაჩენთ, ძალიან დიდ ბედნიერებას იგრძნობთ.“

ინსტიტუტის პარალელურად, საჯარო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და  დღეს უკვე განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის საგანმანათლებლო პროექტის „ტელესკოლის“ მასწავლებელია. მარიამის შემეცნებით გაკვეთილებს, როგორც პატარა, ისე უფროსი მაყურებელი აქტიურად ადევნებს თვალს.

თსუ-ში დოქტორის ხარისხი მოიპოვა. სწავლასთან ერთად, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის რამდენიმე გრანტის მფლობელი გახდა, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა კანადაში და ამერიკის ნიადაგების ეროვნულ ლაბორატორიაში.

„ეს იყო ჩემი ოცნების ლაბორატორია, ნიადაგების ეროზიის კვლევის მექა და მედინა. დღემდე აღფრთოვანებით ვსაუბრობ ჩემი ცხოვრების ამ პერიოდებზე. საათები, დღეები არ მეყოფა იმ გამოცდილების, ცოდნისა და შთაბეჭდილებების  გასაზიარებლად, რაც ამ წლებში მივიღე.“

მარიამ ციცაგის აკადემიური ინტერესი ნიადაგის კვლევაა. გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოცემებში, მათ შორის, იმპაქტ ფაქტორიან გამოცემებში. დისერტაციის თემა  ეხებოდა ნიადაგის ეროზიის მოდელირებას შიდა ქართლში თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. კვლევა შემდგომ კახეთში გააგრძელა, შოთა რუსთაველის ფონდის კიდევ ერთი დაფინანსება მიიღო და კახეთის ნიადაგების სრულ კარტოგრაფირებას შეუდგა. ამჟამად გერმანიაში ასრულებს სასწავლო ვიზიტს, განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით. ამბობს, რომ ჩამოსვლის შემდეგ  კვლავ გააგრძელებს დაუღალავ და გაუჩერებელ შრომას მეცნიერებაში.

„მეცნიერის ცხოვრება ადვილი არ არის, თუმცა იმდენად საინტერესოა, რომ ყველა სირთულეს ფარავს. ჩემ შემთხვევაში ამ სირთულეს და ქაოტურ რიტმს, ჩემი მეუღლე და ვაჟი იზიარებენ. მადლობა მათ ამისთვის. მომავალ სტუდენტებს კი გისურვებთ წარმატებას თქვენსავე არჩევანში, როგორიც არ უნდა იყოს ის, იქნება მეცნიერება თუ სხვა სფერო. თუმცა, ვისურვებდი რომ მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა იყოს მეცნიერებაში“.