Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იმედა რუბაშვილი: „ბევრი პარადოქსი, ბევრი კანონზომიერება, ბევრი თავგადასავალი ჩემ პროფესიას აქცევს უდაოდ ძალიან საინტერესოდ...“

თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელი იმედა რუბაშვილი ქიმიით, როგორც თვითონ ამბობს, პირველად სკოლის ასაკში დაინტერესდა. ამაში იგი ქიმიის მასწავლებლის დიდ დამსახურებას აღნიშნავს, რადგან ის ახერხებდა, რომ ეს რთული საგანი ბავშვებისთვის მარტივად აეხსნა. სკოლაში სწავლის პერიოდში უკვე იცოდა, რომ ეს იქნებოდა მისი შემდგომი პროფესია. სწორედ ამიტომ აირჩია ქიმია უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე და აქტიურად აგრძელებს ამ სფეროში სამეცნიერო მოღვაწეობას.

იმედას თქმით, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა ისეთი პერიოდი, როცა იგი ამ მიმართულებით არ მუშაობდა. “არ მინდოდა მეცნიერებაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მხოლოდ სამეცნიერო მუშაობის დროს გამომეყენებინა და შეზღუდული ვყოფილიყავი. გადავწყვიტე ამის გარდა პრაქტიული საქმიანობაც შემეთავსებინა და ვფიქრობ წარმატებულად გამომივიდა. უკვე 10 წელზე მეტია ფარმაინდუსტრიაში ვარ დასაქმებული და ეს ის მიმართულებაა, სადაც ქიმიის ცოდნა ყველაზე მეტად დამეხმარა”-ამბობს იმედა.

ახალგაზრდა მეცნიერის აზრით, მისი პროფესია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. იგი ფიქრობს, რომ პროფესია არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ გარკვეულ შედეგებსა და წარმატებაზე, ამის გარდა საქმიანობა უნდა იყოს სასიამოვნოც. ეს ყველაფერი იმედამ ქიმიაში აღმოაჩინა, კერძოდ კი, ფიზიკური ქიმიის მიმართულებაში. მისთვის მნიშვნელოვანია ქიმიის შესწავლა და გააზრება იმ ფუნდამენტური კანონების საფუძველზე, რომლებიც არსებობს როგორც ქიმიაში, ასევე ფიზიკაში. ასევე, დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის საფუძველზე ახალი ტექნოლოგიების შექმნა და შესაბამისი კვლევების განხორციელება.

“ძალიან დიდი პროფესიული წინსვლა იყო ჩემი საზღვარგარეთ გამგზავრება და სადოქტორო პროგრამის შემდგომი სტაჟირების პროგრამის გავლა ბელგიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, სადაც ვმუშაობდი ახალი ორგანული ნივთიერებების კვლევის მიმართულებით. აქ იცდებოდა ახალი სინთეზური ნივთიერებები, მათი ბიოლოგიური აქტივობა, ფარმაკოლოგიური კვლევები და ის ანალიზური პრობლემები, რომელიც დაკავშირებული იყო ახალი სამკურნალო საშუალების შექმნასთან და შემდეგ უკვე - დანერგვასთან.”

იმედა ფიქრობს, რომ კარგია სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა, თუმცა მისი განცალკევება ინდუსტრიისა და პრაქტიკული გამოყენებისაგან არასწორია. ყველაზე კარგი გამოყენება დაგროვილ ცოდნას მეცნიერმა ფარმაკოლოგიაში უპოვა. სამკურნალო საშუალების ანალიზი, გამოცდა, შექმნა, მთელი ეს ციკლი, რასაც სამკურნალო საშუალება გადის პაციენტამდე, დაკავშირებულია ქიმიასთან, ანალიზურ კვლვებთან და ამ მიმართულებით მუშობა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ქიმიკოსის პროფესიას.

თვლის, რომ თავად ჯერ კიდევ გამოცდილების დაგროვების პროცესშია. თუმცა დაგროვილ ცოდნას უკვე აქტიურად უზიარებს მომავალ თაობას. “მაქვს პერიოდულად სალექციო კურსები და გადავცემ ცოდნას, ვფიქრობ, რომ მთავარი ამოცანაა ახალგაზრდების, სკოლის მოსწავლეების მაქსიმალურად დაინტერესება  ფუნდამენტური მეცნიერების მიმართულებით.”

სადოქტორო პროგრამის დასრულების შემდეგ არა ერთ პროგრამაში მიუღია მონაწილეობა, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა ბუნებრივი ნივთიერებების მიღებას ბუნერივი ნედლეულიდან, შემდეგ მათ გასუფთავებას, გამოყოფას, ექსტრაქციასა და დამუშავებას. შემდეგ კი, ლაბორატორიული ტექნოლოგიების შექმნას. აქტიურად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს, სხვადასხვა სამეცნიერო შეხვედრებსა და ვორქშოპებს. ეს საშუალებას აძლევს გაეცნოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მისთვის საინტერესო მკვლევრებს, პროფესიონალებსა და პრაქტიკოს ქიმიკოსებს. ამას იმედა პროფესიული ზრდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიიჩნევს.

“ქიმიის სწავლა არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს არის მეცნიერება, რომელიც ყველაზე მეტად დაგეხმარება შეიცნო ის პროცესები, რომელსაც ხედავ ყველგან. ეს იქნება ყოფა-ცხოვრებაში, გარემოში, ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე ის პროცესები, რომელსაც ეფუძნება სიცოცხლე, ცოცხალი ორგანიზმები. არც ერთი მეცნიერება ისეთი საინტერესო არ არის, როგორც ქიმია. ბევრი პარადოქსი, ბევრი კანონზომიერება, ბევრი თავგადასავალი ამ პროფესიას აქცევს უდაოდ ძალიან საინტერესოდ და პრაქტიკაში მაქსიმალურად გამოყენების პერსპექტვას იძლევა.”