Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ - თანამშრომელი, ქეთი ცომაია

ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე ძირითადი სასიცოცხლო პროცესებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ორგანოთა რეგენერაციის უნარს უჭირავს. რეგენერაცია ერთ დროს მისტიციზმის საბურველში იყო გახვეული, დღეს კი მეცნიერების ინტენსიური კვლევის საგანია. თსუ ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის  მეცნიერ-თანამშრომელი ქეთი ცომაია ღვიძლს და მის რეგენერაციულ თავისებურებებს იკვლევს.

ინსტიტუტის ლაბორატორიაში ახალგაზრდა მეცნიერი ღვიძლის რეგენერაციის მორფოლოგიურ ცვლილებებს აკვირდება. მისი თქმით, ახალმა აღმოჩენებმა შესაძლოა სხვადასხვა დაზიანებისა და დაავადების სამკურნალო გზები გვიჩვენოს.

„დღეს ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულება სწორედ რეგენერაციული მედიცინაა. რეგენერაცია მკვდარი და დაზიანებული უჯრედების ქსოვილების, ორგანოებისა და სხეულის ნაწილების აღდგენის პროცესს წარმოადგენს. ყველა ცოცხალ ორგანიზმს რეგენერაციის გარკვეული შესაძლებლობები გააჩნია, მათ შორის, მცენარეებსაც, თუმცა ბუნებრივია, რომ ეს პროცესი განსხვავებულ ორგანიზმებში, განსხვავებულად მიმდინარეობს. მაგალითად, ყველასთვის ცნობილია,რომ ხვლიკი კუდის ან კიდურის დაკარგვის შემთხვევაში  სხეულის ამ ნაწილს სრულად აღიდგენს. ეს პროცესი მიმდინარეობს იქ არსებული უჯრედების გამრავლებისა და დიფერენციაციის ხარჯზე. უჯრედები დიფერენცირდებიან და ყალიბდება ძლოვანი და კუნთოვანი, ასევე ხრტილოვანი ქსოვილი,კანი და ამგვარად, ვიღებთ ფუნქციურად და ანატომიურად სრულფასოვან კიდურს. რეგენერაციის უნარი მედუზასაც გააჩნია, თუმცა, მედუზა არა უჯრედების გამრავლების ხარჯზე, არამედ, იქ არსებული უჯრედების გარდაქმნის - რემოდელირების ხარჯზე აღიდგენს თავისი სხეულის დაკარგულ ნაწილს,“- გვიამბობს ახალგაზრდა მეცნიერი.

 

ქეთი ცომაიას განმარტებით, ევოლუციურად უფრო განვითარებულ ცხოველებს,  ძუძუმწოვრებს რეგენერაციის უნარი უფრო შეზღუდული ფორმით აქვთ. ამის მაგალითია, თმის გაზრდა, დაზიანებულ ადგილას კანის ნაწიბურის წარმოქმნა, მიბჯენით მიტანის შემთხვევაში მოტეხილი ძლოვანი ფრაგმენტების ერთმანეთთან შერწყმა. თუმცა,ამ პროცესების ინტენსივობა დაბერებასთან ერთად უფრო ნაკლები ხდება.

 

„ძუძუმწოვრებში ყველაზე საინტერესო ორგანო რეგენერაციის თვალსაზრისით, არის ღვიძლი, ის არის ერთადერთი შინაგანი ორგანო, რომელსაც რეგენერაციის უნარი გააჩნია. მორფოლოგიის ინსტიტუტში ჩვენი კვლევა მიმართულია ღვიძლის რეგენერაციის მორფოლოგიური ცვლილებების შესწავლისკენ. ჩვენ გვაინტერესებს, ის თუ რა განსხვავებაა ნორმულ, რეგენირებულ და რე-რეგენირებულ ღვიძლს შორის.“

 

მედიცინის ამ მიმართულებით ცოდნა ექსპერიმენტებს ეყრდნობა. თსუ ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მოფროლოგიის ინსტიტუტში ექსპერიმენტული კვლევები მცირე ზომის ლაბორატორიულ ცხოველებში მიმდინარეობს. უახლოესი ტექნოლოგიების საშუალებით ღვიძლის რეგენერაციის პროცესის უმცირესი ცვლილებებიც კი ფიქსირდება.


„ამ ცვლილებების შესამჩნევად და ღვიძლის მორფოლოგიის შესასწავლად, საჭიროა ღვიძლის სპეციალური ლაბორატორიული დამუშავება. თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტში ყველა ახალგაზრდა მეცნიერს მუდმივად ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს ფუნდამენტური მეცნიერული ცოდნა კონკრეტულ დარგებში უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ერთად. ამავე დროს, ვართ მუდმივად სიახლეების ეპიცენტრში, ჩვენი ინსტიტუტი ახალგაზრდა მკვლევარებს გვეხმარება  მონაწილეობა მივიღოთ საერთაშორისო კონფერენციებში და გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და აღმოჩენები ერთმანეთს“.