Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი რუსიაშვილი: „სამართალი არის ინტერპრეტატორული მუხტისა და შემოქმედებითი სააზროვნო სივრცის მომნიჭებელი...“

თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერის, გიორგი რუსიაშვილისთვის იურისტობა ბავშვობის ოცნება არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სამართლის სფერო ოჯახური ტრადიცია იყო და მშობლებსაც ძალიან უნდოდათ იურისტი გამხდარიყო, მას ეს პროფესია არ იზიდავდა. ძირითადად ფილოსოფიითა და ლიტერატურით იყო გატაცებული. ყოველთვის უყვარდა კითხვა და ისეთი ტექსტები, რომლებიც შესაძლოა განსხვავებულად განიმარტოს და  იქნეს გაგებული. “ტექსტის ინტერპრეტაცია მიზიდავდა, ერთი და იგივე რომ წერია და ორ სხვადასხვა ადამიანს ესმის განსხვავებულად,”-იხსენებს იგი.

ახალგაზრდა მეცნიერს ლოგიკა და ფილოსოფია ყოველთვის იზიდავდა. ამავდროულად, დაინტერესებული იყო  ყოფითი პრობლემებითაც. სამართალში კი ამ ორის სინთეზი დაინახა. “რაღაც მომენტში გავაცნობიერე, რომ სამართალი არის სწორედ ასეთი ინტერპრეტატორული მუხტისა და  შემოქმედებითი სააზროვნო სივრცის მომნიჭებელი. რეალურად, თუ კანონი სწორადაა დაწერილი და შედგენილი, თავისი აბტრაქტულობითა და სააზროვნო მუხტით შეიძლება არ ჩამოუვარდებოდეს რაიმე მათემატიკურ, ლოგიკურ ფორმულას,”-აღნიშნავს ის.
მისთვის საინტერესო აღმოჩნდა ის ფაქტი, თუ როგორ შეიძლება ერთი და იგივე ნორმა, მაგალითად ერთ პწკარიანი ნორმა ნასყიდობის შესახებ, ერთგვარად აწესრიგებდეს შემთხვევას, როდესაც გლეხმა ორი თხა მიჰყიდა მეზობელს და ასევე მრავალმილიონიანი საწარმოების შერწყმის პროცესს. “აქ დავინახე სამართლის მაგია და პირველი ზიარება და ინტერესის მომენტი ამან გამიღვიძა სამართლის მიმართ. ეს იყო ერთი შეხედვით სრულიად ამქვეყნიური მეცნიერება, დამიწებული მეცნიერება და მეორე მხრივ ფლობდა არანაკლები სიზუსტის, განყენებულობის და აბსტრაქტულობის ინსტრუმენტებს.”

სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო. შემდეგ სწავლობდა გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტში, როგორც გაცვლითი პროგრამის სტუდენტი. შემდგომ დისერტაციაც იქ დაიცვა. “ძალიან საინტერესო იყო სხვა სამართლის კულტურასთან ზიარება, განსაკუთრებით კი ისეთი სამართლისა, რომელიც არის ქართული სამართლის პირველწყარო.”-ამბობს გიორგი.

ახალგაზრდა იურისტის პირველი სპეციალობა რომის სამართალია. მიაჩნია, რომ როგორც ფილოსოფოსი ვერ იარსებებს არისტოტელესა და პლატონის სწავლების გარეშე, ასევე იურისტი არ შეიძლება არსებობდეს იმ პირველწყაროს შემეცნების გარეშე, საიდანაც წარმოიშვა სამართალი, კერძოდ-რომის სამართალი. “თანამედროვე სამართალი არა მარტო ჩაისახა და დაიწყო რომში, არამედ  შორს არც წასულა იმ გაგებით, რომ მთელი ის ინტელექტუალური მონაგარი, რაც შექმნეს რომაელმა იურისტებმა, დღემდე ცოცხალია და ყოველდღიურად ვიყენებთ ისე, რომ შეიძლება ვერც ვაცნობიერებდეთ კიდევაც.”

პავიას უნივერსიტეტში იყო ასეთი სკოლა “ჩედანტე”, რომელიც ეხებოდა ანტიკურ კულტურასა და რომის სამართალს, კონკრეტულად კი იმპერატორის სამართლებრივ როლს რომაულ კულტურაში. ჩემი თემა იყო “ფინანსური მოწყობა საიმპერატორო ხაზინის რომის ადრეულ პერიოდში”, ე.წ ფისკუს ცეზარის ფინანსური რეჟიმი, რაც დაგვირგვინდა ბოლოს შესაბამისი პუბლიკაციით ჩედანტეს ყოვლწლიურ კრებულში.

თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გააგრძელებდა მუშაობას სტუდენტებთან. “ცოდნის გადაცემისა და სხვაში იმპულსის გაღვიძების მომენტი ძალიან მაინტერესებდა. როგორც ამბობენ, ერთ-ერთი გზა, რომ რაიმე სიღრმისეულად შეისწავლო და შეიმეცნო, არის ის, რომ სხვას ასწავლო. ნებისმიერი სწავლება ორმხრივია,”-ამბობს ახალგაზრდა მეცნიერი.

“არ არსებობს არცერთი კულტურა სამართლის გარეშე. შეიძლება ეს არ იყო დახვეწილი სამართალი და თანამედროვე გაგებით სამართალი, თუმცა ყველგან, როგორც კი ორი ადამიანი შეიკრიბება, საჭირო ხდება  სამართალი, რათა მოაწყონ თანაცხოვრება. თანამედროვე სამყაროში შეიძლება სამართალმა რაღაც ფორმები იცვალოს, სამართლის მატარებლები შეიცვალოს, ურთიერთობის გამოვლინება შეიცვალოს, მაგრამ ფუნდამენტური აუცილებლობა სამართლისა, რომ მოაწესრიგოს თანაცხოვრება, ეს პირიქით, არაფრით არ მცირდება.”