Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი ბერიძე „მთაში ყოველთვის ექსტრემალური გარემოა, სადაც ადამიანები ერთმანეთის გატანას სწავლობენ. სწორედ ესაა, რაც ყველაზე მეტად მომწონს გეოლოგიაში...“

„გეოლოგებს ერთი გამონათქვამი გვაქვს: ადამიანი მთაში უნდა გამოსცადოვო. არ არსებობს გეოლოგიური ექსპედიცია, სადაც გეოლოგს ჩვეულებრივ პირობებში უწევს ყოფნა. ყოველთვის ექსტრემალური გარემოა, სადაც ადამიანები ერთმანეთის გატანას სწავლობენ. სწორედ ესაა, რაც ყველაზე მეტად მომწონს გეოლოგიაში, ამ ადამიანებთან და ბუნებასთან ურთიერთობა,“ - თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერი გიორგი ბერიძე დღეს გეოლოგიური კვლევების კომპლექსური ლაბორატორიის ხელმძღვანელია. მთიან რეგიონში ჯერ კიდევ ბავშვობაში ნანახი სამთო გეოლოგიური ექსპედიციები და ბრჭყვიალა და ფერადი ქვები მისი ცხოვრების მთავარ გატაცებად იქცა. მან მხოლოდ წლების მერე აღმოაჩინა, რომ ამ ქვებს თავისი გეოლოგიური სახელი და ისტორია აქვთ. ამჯერად მისი მთავარი მიზანი ახალი კვლევების საფუძველზე სრულყოფილი ანალიტიკური ბაზის შექმნაა, რომელიც, როგორც გამოცდილ, ისე დამწყებ გეოლოგებს და მკვლევრებს სამეცნიერო საქმიანობაში დაეხმარება.

გიორგი ბერიძე ზემო აჭარაში დაიბადა. მამა და მის გარშემომყოფი ადამიანები ინჟინრები და მშენებლები იყვნენ, სწორედ ამიტომ, ბავშვობაში გიორგიც ინჟინრობაზე ოცნებობდა. თუმცა, მოგვიანებით, მის სოფელში ცნობილი გეოლოგების სტუმრობამ და ფერადი ქვებით გატაცებამ გეოლოგობა გადააწყვეტინა. ქვეყანაში 90-იან წლებში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო იმ პერიოდში გეოლოგიის მიმართულება დიდი პოპულარობით არ გამოირჩეოდა, თუმცა არჩეული პროფესიის მიმართ სიყვარულმა, შრომისმოყვარეობამ და კარგმა გარემოცვამ გიორგი გამორჩეულ გეოლოგად მალევე აქცია.

„თავდაპირველად მინდოდა საინჟინრო და სამშენებლო გეოლოგიის მიმართულებით მემუშავა. თუმცა, 2007 წელს სამთო პრაქტიკაზე ყოფნის დროს, ჩემმა ლექტორმა ოთარ დიდაურმა შემატყო, რომ, როგორც აჭარაში გაზრდილ ბავშვს, მთებზე ძრომიალი მომწონდა და სირთულეებს არ ვუშინდებოდი, ამიტომ შემომთავაზა გეოლოგიის ინსტიტუტში მუშაობა. ასე ვთქვათ, რადიკალურად შეცვალა ჩემი მიმართულება და დღეს გრანიტების და მეტამორფული ქანების სპეციალისტად ვმუშაობ,“ - აღნიშნავს ახალგაზრდა მეცნიერი.

გიორგი ბერიძე გეოლოგიის ინსტიტუტში 2008 წელს უმცროს ლაბორანტად მივიდა და მას შემდეგ, წლების გასვლასთან ერთად ყველა სამეცნიერო საფეხური ნელ-ნელა გაიარა. პარალელურად კი აქტიურად იყო დაკავებული სწავლის პროცესით. ჯერ ბაკალავრის ხარისხი მიიღო, შემდეგ მაგისტრის, უკვე 2016 წელს კი სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა, რასაც მალევე გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიცია და გეოლოგიური კვლევების კომპლექსური ლაბორატორიის ხელმძღვანელობა მოჰყვა.

„გეოლოგიური კვლევების კომპლექსური ლაბორატორია 2017 წელს ჩამოყალიბდა და ასე ვთქვათ, გეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის უკან ვდგავართ ჩვენ. ექსპედიციიდან მოსული მასალა ჩვენს ხელში გადის. ვცდილობთ მაქსიმალურად სწრაფად დავამუშაოთ ეს მასალა და მივაწოდოთ მეცნიერებს, რომლებიც ამ ყველაფერს კვლევებში, სტატიებში, მონოგრაფიებში ასახავენ. ამით საერთაშორისო ასპარეზზე გადის არა მხოლოდ ჩვენი ინსტიტუტი, არამედ ჩვენი სამეცნიერო კვლევითი დარგიც,“ - ამბობს გიორგი ბერიძე.

ახალგაზრდა მეცნიერი თავის ყველაზე დიდ წარმატებად გეოლოგიის ინსტიტუტში მოხვედრას თვლის და მიაჩნია, რომ ყველა სხვა წარმატება სწორედ ამ ინსტიტუტმა განაპირობა. მისი სამომავლო გეგმებიც ინსტიტუტის და, შესაბამისად, გეოლოგიის დარგის კიდევ უფრო გაძლიერებასა და განვითარებას უკავშირდება. სწორედ ამ მიზნით, აქტიურად არის ჩართული გეოლოგიის ინსტიტუტში 4 ახალი ლაბორატორიის აღჭურვის პროცესში, პარალელურად კი, სხვებთან ერთად ისეთი ანალიტიკური ბაზის შექმნაზე მუშაობს, რომელიც საქართველოში არსებული ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის მიმართულების სტუდენტებსა და მკვლევრებს სამეცნიერი კვლევების კუთხით საუკეთესო შედეგების მიღებაში დაეხმარება.

„2015 წლიდან დავიწყეთ ზრუნვა შევქმნათ ისეთი ანალიტიკური ბაზა, რომელიც საუკეთესო კვლევების ჩატარებას შეუწყობს ხელს. საუკეთესო შედეგები მაღალრეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებში, მონოგრაფიებში აისახება, რაც გზას გაგვიხსნის უფრო მჭიდრო ურთიერთობა დავამყაროთ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ და უცხოელ კოლეგებთან და კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ წინ. დღეს ჩემი ყველაზე დიდი მიზანი სწორედ ეს არის,“ - ასე ასრულებს საუბარს ახალგაზრდა უკვე წარმატებული მეცნიერი გიორგი ბერიძე.