Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

არჩილ დურგლიშვილი: „ფიზიკა გვაძლევს საშუალებას დავიკმაყოფილოთ ჩვენი ცნობისმოყვარეობა და, ამასთანავე, შევქმნათ ახალი ცოდნა...“

თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი არჩილ  დურგლიშვილი ფიზიკით, როგორც თავად ამბობს, „შემთხვევით“, ძმის რეკომენდაციის შემდეგ დაინტერესდა. თუმცა, ჩვენ ირგვლივ არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით  კითხვები  ყოველთვის ჰქონდა. ამ კითხვებზე პასუხები კი მოულოდნელად, ფიზიკის დარგში აღმოაჩინა. შესაბამისად, საკუთარი არჩევანით დღეს უკვე კმაყოფილია და როგორც ინსტიტუტის ერთ-ერთი აქტიური და პერსპექტიული თანამშრომელი, ნაწილაკების ფიზიკის ბირთვულ ლაბორატორიასთან (ცერნი) თანამშრომლობს და ცდილობს, თავად იყოს  ფიზიკის დარგში ახალი აღმოჩენების და  სხვების კითხვებზე პასუხების ავტორი.

 

„ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე, თსუ ლექტორებმა თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ქართველ მეცნიერთა ჯგუფთან დამაკავშირეს. მათ მომცეს  ცოდნა, შემასწავლეს ყველაფერი, რაც საჭირო იყო ცერნის უდიდეს ექსპერიმენტებში მონაწილეობის მისაღებად. ქართველ მეცნიერებთან ერთად ცერნის საზაფხულო სტუდენტურ პროგრამაში მოვხვდი, ასევე ვიყავი  ფიზიკის, კომპიუტერული და საინჟინრო მიმართულებების სტუდენტური პროგრამის მონაწილე, სადაც სტუდენტებს ცერნის კლევითი ჯგუფების ყოველდღიურ მუშაობაში მონაწილეობის შესაძლებლობა გვქონდა. მე და ჩემი მეგობრები ჩართული ვიყავით როგორც ადრონული კალორიმეტრის მახასიათებლების გამოკვლევასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულებაში, ისე  ექსპერიმენტულ მონაცემთა ანალიზში.“

 

რას წარმოადგენს ბნელი მატერია ? არსებობს თუ არა დამატებითი განზომილებები ? - არჩილ დურგლიშვილი ამბობს,რომ ცერნში უამრავი მეცნიერია,რომელთაც  ბევრი ასეთი საინტერესო შეკითხვა აქვთ.  ცერნი ნაწილაკების ფიზიკის ევროპული ლაბორატორიაა, სადაც ექსპერიმენტები დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარეობს. ეს ექსპერიმენტები საჭიროა, რომ მეცნიერებმა სამყაროს შემადგენელი ელემენტარული ნაწილაკები და მათ შორის ურთიერთქმედება შეისწავლონ. ახალგაზრდა მეცნიერი  ცერნში სწორედ ამ მეცნიერებს ხვდება და მათი კვლევის ინსტრუმენტებს ეცნობა.

„ცერნში ყოფნის უპირატესობა ისაა, რომ პირისპირ ხვდები კომპეტენტურ ადამიანებს. ისინი გიზიარებენ გამოცდილებას. მე მათ კითხვებს ვუსვამ და მათთან ურთიერთობით ჩემთვის გამოსადეგ ცოდნას ვიღებ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ონლაინაც არის შესაძლებელი, თუმცა, ცნობილ მეცნიერებთან პირისპირ შეხვედრა და დეტექტორის ექსპერიმენტზე დაკვირვება ახალგაზრდა მეცნიერებისთვის მდიდარი გამოცდილებაა“.

 

არჩილ დურგლიშვილი ფიზიკის დარგში დღეს არსებულ   სტანდარტულ მოდელთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხზე საუბრობს და მომავალში სწორედ ამ მიმართულებით არსებულ  სამეცნიერო კვლევებში ჩართვას გეგმავს.

 

„სტანდარტული მოდელი სამყაროს შემადგენელ ელემენტარულ ნაწილაკებს და მათ შორის ურთიერთქმედებას აღწერს. ამ მოდელის მიხედვით, ელემენტარულ ნაწილაკს - ნეიტრინოს მასა არ აქვს, თუმცა ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ რეალურად მას მასა ჰქონია.  სწორედ ამ მიმართულებით გაჩნდა ბევრი კითხვა. ჩვენ ვეძებთ ნიშანს, რომელიც ახალ ფიზიკას „გამოავლენს“, თუ კი ეს ნიშანი ვიპოვეთ, ჩვენ თეორეტიკოსებს მივცემთ დიდ ბიძგს - იპოვონ  ის მიმართულება, სადაც გააგრძელებენ ახალი მოდელების შექმნას.“

  

ამბობს, რომ თუ კი ადამიანებს გარემომცველი სამყაროს შესახებ კითხვები აქვთ, მათზე პასუხის მიღების უტყუარი გზა ნამდვილად ფიზიკაა. თუმცა, არ ავიწყდება ისიც, რომ პასუხების მიღების სანაცვლოდ, მეცნიერებმა დარგს განსავითარებლად ახალი ცოდნაც უნდა შესძინონ.

„არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს, თუ როგორ ანათებს ნათურა, ან მზე, როგორ მუშაობს ჩვენი მობილური ტელეფონი. ფიზიკა გვაძლევს საშუალებას დავიკმაყოფილოთ ჩვენი ცნობისმოყვარეობა და, ამასთანავე, შევქმნათ ახალი ცოდნა. ახალი ცოდნის შექმნა  და მეცნიერება ერთმანეთის გარეშე არ არსებობს.“

როგორც თავად ამბობს, ქართველ მეცნიერთა ჯგუფს უცხოელ კოლეგებთან ერთად წინ მნიშვნელოვანი  გზა აქვთ გასავლელი. ახალი ცოდნის შექმნით, ასევე გაჩნდება ბევრი ახალი კითხვაც, რომლებზე პასუხების ძიებას მეცნიერები  ხელახლა  დაიწყებენ. ასე კი ფიზიკის ლაბირინთებში მოგზაურობა არჩილ დურგლიშვილისთვის კიდევ უფრო საინტერესო  გახდება.