Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ოთარ ჯიოევი
ფილოსოფოსი
date of birth 1928

1945 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1949 წელს გადავიდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმავე ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1950 წელს. 1951-1954 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტი.

1955-1957 წლებში მუშაობდა ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში პედაგოგად; 1957 წლიდან - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად; 1970 წლიდან ამავე ინსტიტუტის ისტორიული მატერიალიზმის განყოფილების გამგედ; 1983-1992 წლებში შეთავსებით მუშაობდა ცხინვალის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 100-ზე მეტი მონოგრაფიისა და სტატიის ავტორია. მის ნაშრომებში გამოკვლეულია ისტორიისა და კულტურის ფილოსოფიის აქტუალური პრობლემები; განხილულია ისტორიული შემეცნების სპეციფიკა; გაანალიზებულია ისტორიული აუცილებლობის ნატურალისტური გაგების მცდარობა. ისტორიული აუცილებლობა განპირობებულია ისტორიაში ღირებულებით, დეტერმინაციის არსებობით. ადამიანის თავისუფლება გულისხმობს ღირებულებით დეტერმინაციას და მაშასადამე, ღირებულებათა გარკვეულ ობიექტურობასაც. იგი კულტურას განიხილავს როგორც ადამიანის მოღვაწეობის იმგვარ სპეციფიკურ ფორმასა და შედეგს, რომელიც გამოხატავს ადამიანის ქმნადობას, მის ჰუმანიზაციას. იკვლევდა აგრეთვე უახლესი დროისა და თანამედროვე დასავლეთის ფილოსოფიურსა და სოციოლოგიურ თეორიებს, აკრიტიკებდა და ხშირად იყენებდა მათ თავისი კონცეფციის გადმოცემისას. აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ღირებულებების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციების სერია, მათ შორის, თბილისშიც (1974 წელს), რომელთა ერთ-ერთი ინიციატორი თვითონ იყო. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კიტა მეგრელიძის ფილოსოფიურ შეხედულებათა გამოკვლევის საქმეში. 1972 წლიდან იყო ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი.

ბიბლიოგრაფია