Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიხეილ აბაკელია
გეოლოგი
date of birth 1908

1925 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის გეოლოგიურ-საძიებო სპეციალობაზე. 1932-1936 წლებში სწავლა განაგრძო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში ქ. ლენინგრადსა და ქ. მოსკოვში; 1937 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1940 წელს - დოცენტის სამეცნიერო წოდება.

მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამოყენებითი გეოლოგიის კათედრაზე ასისტენტად; 1940 წლიდან - დოცენტად; 1970-1979 წლებში ნავთობისა და გაზის საბადოების გეოლოგიის კათედრის პროფესორად; ხელმძღვანელობდა სტუდენტებისა და ასპირანტების სამეცნიერო მუშაობას; მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში; 1942-1943 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. სწავლობდა დედამიწის ქერქის აგებულებას საქართველოს, ამიერკავკასიის და სსრ კავშირის ტერიტორიაზე კვლევის გეოფიზიკური მეთოდების საშუალებით; მისი გამოკვლევები, განსაკუთრებით, გრავიმეტრიული და მაგნიტური გეოფიზიკური მეთოდების გამოყენებით, ფუძემდებლური ხასიათისაა; 1933-1935 წლებში კავკასიის სხვადასხვა რეგიონებსა და საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული დაკვირვებების შედეგად შეადგინა საქართველოს და ამიერკავკასიის პირველი გრავიმეტრიული რუკები, რომლებიც საფუძვლად დაედო სხვადასხვა წიაღისეულთა საბადოების ძებნა-ძიებასა და ნავთობგაზიანობის პერსპექტიულობის შემდგომ შესწავლას. სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში გამოავლინა და შეისწავლა გურიის, ხრამის, პერევისის, ომფარეთის ლოკალური გრავიტაციული ანომალიები, აზერბაიჯანის კიურდამირის რეგიონული გეოფიზიკური ანომალია - (1944-1952 წწ.) როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ასევე მთელი ყოფილი სსრ კავშირის ტერიტორიაზე; ჩატარებულ გეოფიზიკურ ექსპედიციებში მონაწილეობის შედეგად შეიმუშავა გეოფიზიკური მონაცემების გეოლოგიური ინტერპრეტაციისათვის სათანადოდ გამიზნული დაკვირვებების წარმოების მეთოდიკა. გამოქვეყნებული აქვს 70 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის სახელმძღვანელო ძიების გეოფიზიკურ მეთოდებში; სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში დააყენა და შეისწავლა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა სიმძიმის ძალის აჩქარების ვარიაცია დროში გეოლოგიური მოვლენების ზეგავლენით, ასევე აზერბაიჯანის კიურდამირის გრავიტაციული ხიდის და მისი ანალოგიების მნიშვნელობა ამიერკავკასიისა და ჩრდილო კავკასიაში ნავთობგაზიანობის პერსპექტივის განსაზღვრისას და რაც  მთავარია, გეოფიზიკური მონაცემების გეოლოგიური ინტერპრეტაციის მეთოდური საკითხები. დიდი ღვაწლი მიუძღვის, როგორც ერთ-ერთ პიონერს, საქართველოში გეოფიზიკური მეცნიერების განვითარებასა და ახალგაზრდა გეოფიზიკოსთა აღზრდის საქმეში.

ბიბლიოგრაფია