Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ოთარ ქინქლაძე
ფილოლოგი
date of birth 1922

პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული  მოღვაწე და დამსახურებული ჟურნალისტი - ოთარ ქინქლაძე დაიბადა 1922 წლის 26 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, პედაგოგების ოჯახში. 

ქ. თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის მე-3 საცდელ-საჩვენებელი სკოლის (ამჟამად 23-ე) დამთავრების შემდეგ (1940 წ.) ოთარ ქინქლაძე სწავლას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელსაც, სამხედრო დემობილიზაციის შემდეგ, ამთავრებს 1946 წელს და იწყებს აქტიურ ორგანიზაციულ, სამეცნიერო-პედაგოგიურ და ჟურნალისტურ საქმიანობას. სხვადასხვა წლებში ოთარ ქინქლაძე იყო თბილისის საქალაქო ორგანიზაციის მდივანი სკოლის დარგში (1947 – 1950წწ.) და ქალაქის ერთ-ერთი რაიონის განათლების განყოფილების გამგე (1950 – 1953 წწ.), გაზეთ „სახალხო განათლების“ რედაქტორის მოადგილე (1953-1955წწ.) და გაზეთ „მოლოდოი სტალინეცის“ რედაქტორი (1955-1960წწ.), მეცნიერების, სკოლებისა და კულტურის განყოფილების გამგის მოადგილე (1960 -1963 წწ.) და საქართველოს კინემატოგრაფიის მინისტრი (1963-1965 წწ.), შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი (1971-1973 წწ.), გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ მთავარი რედაქტორი (1973-1976 წწ.) და საქართველოს განათლების მინისტრი (1976-1986 წწ.), აგრეთვე ჟურნალ „დროშის“ მთავარი რედაქტორი (1986-1991 წწ.). 1991 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ის იყო საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს კონსულტანტი. 

1965 წელს, საქართველოს კინემატოგრაფიის მინისტრად ყოფნის დროს, ოთარ ქინქლაძემ, გაბატონებული ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში, პლურალური აზროვნებისა და საკუთარი პრინციპებისადმი ერთგულების პრეცედენტი შექმნა, როცა იმჟამინდელ უმაღლეს პარტიულ ხელმძღვანელობასთან პრინციპული კონფლიქტის გამო გადადგა მინისტრის თანამდებობიდან. ეს იყი პარტიული ელიტისაგან შერისხვისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის ექვსი წელი (1965-1971 წწ.). ამ დროს, უკვე პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი (საკანდიდატო დისერტაციის თემა „გაზეთი „დროება“ და აღზრდის საკითხები“ 1963 წ.), ოთარ ქინქლაძე იცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე „ქართული დემოკრატიული პედაგოგიკის ჩამოყალიბება“ (1969 წ.) და ენიჭება პროფესორის სამეცნიერო წოდება (1971 წ.). 

ოთარ ქინქლაძის კალამს ეკუთვნის მრავალი ფუნდამენტალური ნაშრომი და პუბლიკაცია, რომელთაგანაც აღსანიშნავია: „სოლომონ დოდაშვილის პედაგოგიკური შეხედულებანი“, „დედაენის აღმზრდელობითი ფუნქცია“, „ქართული პრესის საგანმანათლებლო პროგრამა (XIX საუკუნე)“, „ოცნება და სინამდვილე“ და სხვა სტატიები თუ მონოგრაფიები, რომლებიც ჰარმონიულად აერთიანებენ პედაგოგიკის თეორიასაც და ისტორიასაც, საშუალო თუ უმაღლესი სკოლის პრობლემებსაც და მმართველობითი მუშაობის ეთიკასა და პედაგოგიკასაც.

პედაგოგიური აზროვნების პრაქტიკული ხორცშესხმის ხანად იქცა ოთარ ქინქლაძის განათლების მინისტრად მოღვაწეობის პერიოდი (1976-1986 წწ.), როდესაც დასაბამი მიეცა ქართული სკოლის რეფორმას, დაიწყო განმავითარებელი სწავლების დანერგვის პროცესი, საფუძველი ჩაეყარა სახელმძღვანელოთა შინაარსისა და მეთოდიკის განახლებასა და გაეროვნულებას, სკოლები გადავიდნენ სემესტრულ სწავლებაზე და სხვა. ამ რეფორმატორული, პრაქტიკული საქმიანობის თვალსაჩინოებათა რიცხვს მიეკუთვნებიან იმ დროს გამოქვეყნებული ის სტატიები და პუბლიკაციები, რომლებიც იმჟამად საპროგრამო დოკუმენტის ხასიათს ატარებდნენ და დღესაც დიდი აქტუალობით გამოირჩევიან. მათგან აღსანიშნავია: „ესთეტიკური აღზრდის მსოფლმხედველობრივი ასპექტი“, „თანამედროვე გაკვეთილი“, „ლექცია“, „სემინარული მეცადინეობა“, „განათლების შინაარსის პოლიტექნიკური მიმართულება“ და სხვა.

მრავალმხრივი და მიზანმიმართული იყო ოთარ ქინქლაძის მოღვაწეობა ჟურნალისტიკაში. მიზანი, ეროვნული თვითშეგნებისა და ცნობიერების პროპაგანდა, ეროვნული დამოუკიდებლობისაკენ მიმავალი გზების ძიება და ამ ძიების დროს ჩვენი ერის საგანძურის კლასიკოსთა დანატოვარით სწორი ორიენტაცია იყო. ყოველივე ეს კი გაჟღენთილია სამშობლოს საოცარი სიყვარულით, ფიცხი ქართული გულითა და ცივი, პროგრესული გონებით შეჯერებული.

დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ ჟურნალ „დროშის“ მთავარ რედაქტორად ყოფნის დროს, ოთარ ქინქლაძის მიერ ამ ჟურნალში გამოქვეყნებული პუბლიცისტური სტატიები, რომლებიც გულმხურვალედ ეხმაურებიან საბჭოეთის მსხვრევისა და ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის აღორძინების პროცესებს. ილიას, აკაკის, ვაჟას და იაკობის ჯადოსნური ენით დამოძღვრილი ფიქრებით, ოთარ ქინქლაძის „დროშის“ სტატიათა ციკლი „გზის დასაწყისით“ იწყება და ბოლომდე მიჰყვება დაუშრეტელი წყურვილი იმ გზით სიარულისა „რომელიც ტაძართან მიგვიყვანს“. 

„ილია“, „აკაკი“, „ვაჟა“, „იაკობი“, „გამარჟობა“, „ტრადიცია და ნოვატორობა“, „პოლიტიკური კულტურა“, „უნდა ვიაროთ წინ“, „წინ იყურე (ქართულ-ებრაული ჩანაწერები)“, „მომავალი ჩვენია“, „მამულო საყვარელო“, „საქართველოო ლამაზო“, „მწუხრისა და განკითხვის ჟამი“, „ოპოზიცია“, „დამოუკიდებელი საქართველო“, „პური ჩვენი არსობისა“, „მიწის ყივილი“, „პატრიოტი ანუ თანამემამულე“, „ეროვნული თვითშეგნება“, „თვითმოქმედება ანუ ერის ღონის-ღონე“, „ტექნოკრატია ანუ სოფლის შენებას რა უნდა“, „ოჯახი, საკუთრება, სახელმწიფო ანუ რა არის ჩემი, შენი, ჩვენი“, „ეროვნული სკოლის ფენომენი“, „სკოლა - სიხარულის სახლი“. აი, იმ სტატიათა არასრული ნუსხა, რომლითაც ოთარ ქინქლაძემ დატოვა თავის გულისტკივილი და ნააზრევი, ნააზრევი იმაზე, თუ როგორ ვიაროთ იმ გზით „რომელიც ტაძართან მიგვი-ყვანს“. აკი გვითხრა კიდეც „წინ იყურე“. 

ოთარ ქინქლაძე ჩინებული მხედარი იყო და ცხოვრებაში მხედრული შემართებაც ალბათ აქედან იღებდა სათავეს. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისის იპოდრომის ბაზაზე, განათლების სამინისტროს საცხენოსნო სპორტული სკოლის ჩამოყალიბებაში, რის გამოც ამ სკოლას მისი სახელი აქვს მინიჭებული. ოთარ ქინქლაძის სახელს ატარებს აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მასწავლებელთა დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრალური ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრა (იყო ამ კათედრის პროფესორი), ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანების (მამისეული სოფელი) საშუალო სკოლა და ქ. თბილისის ერთ-ერთი ქუჩა (ყოფილი შირშოვის ქუჩა). 


და მაინც, „ახლა მთავარი ის არის, რომ მოსწავლეს „ვასწავლოთ სწავლა“. ასე იწყება ოთარ ქინქლაძის დაუმთავრებელი სტატია „სწავლა მოსწავლეთა“, რომელიც კიდევ ერთი ცდა იყო გაკვეთილის, ლექციისა და სემინარის ურთიერთშეხამებისა, სასკოლო ცხოვრებაში დასანერგად. აგრეთვე დაუმთავრებელი დარჩა სტატია „გარდამავალი პერიოდის სკოლა“, რომელშიც მოკლედ, ფართო აუდიტორიისათვის, არის განხილული სწავლების ახალი ფორმები და მეთოდიკა, ის მეცნიერული ნააზრევი და პრაქტიკული საკითხები, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის განათლების კონცეფციისა და განათლების შესახებ კანონის პროექტებში ჰქონდა ჩადებული. 
ეს მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბოლო აკორდი იყო. 

ოთარ ქინქლაძე გარდაიცვალა 1992 წლის 2 მარტს. დაკრძალულია ქ. თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


ჯილდოები, პრემიები 

1. 1961 წ. - „საპატიო ნიშნის“ ორდენი;
2. 1976 წ. - „საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის“ საპატიო წოდება; 
3. 1981 წ. - „საპატიო ნიშნის“ ორდენი; 
4. 1982 წ. - ‘საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის“ საპატიო წოდება; 
5. 2002 წ. - „იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი“ (გარდაცვალების შემდეგ). 

ბიბლიოგრაფია 

1. ოთარ ქინქლაძე _ „დროება და აღზრდის საკითხები“ _ საქ. კპ ცკ გამომცემლობა, თბ. 1963 წ. 
2. ოთარ ქინქლაძე _ „ქართული პრესის საგანმანათლებლო პროგრამა (XIX საუკუნე, ზოგადი
  მიმოხილვა) _ „განათლება“. თბ. 1966 წ.;
3. ოთარ ქინქლაძე _ „ოცნება და სინამდვილე“ _ „ნაკადული“, თბ. 1970 წ.; 
4. О. Д. Кинкладзе _ „История Советской Педагогики“ _ „Ганатлеба“, Тб. 1972 г.; 
5. ოთარ ქინქლაძე _ „პედაგოგიკა პარტიულ მუშაობაში“ _ „განათლება“, თბ. 1975 წ.;
6. ოთარ ქინქლაძე _ „პარტიული ეთიკა“ _ საქ. კპ ცკ გამომცემლობა, თბ. 1975 წ.;
7. ო. ქინქლაძე _ „სახალხო განათლება საბჭოთა საქართველოში“ _ „ცოდნა“, თბ. 1977 წ.;
8. Отар Кинкладзе _ „Бессмертие Книги“ _ Тб. 1977 г.;
9. ოთარ ქინქლაძე _ „ქართული დემოკრატიული პედაგოგიკის ჩამოყალიბება“ _  
   „განათლება“, თბ. 1980 წ.;   
10. ო. ქინქლაძე _ „სკოლა და ხუთწლედი“ _ „განათლება“, თბ. 1983 წ.; 
11. О. Д. Кинкладзе  _ „Педагогика партийной работы“ _ „Ганатлеба“, Тб. 1988 г.; 
12. ოთარ ქინქლაძე _ „მწუხრისა და განკითხვის ჟამი“ _ „დროშის ბიბლიოთეკა“ N1, 1990წ. 
   _ საქ. კპ ცკ გამომცემლობა, თბ. 1990 წ.