Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დავით ფურცელაძე
მეცნიერი, მთამსვლელი
date of birth 1902

დაიბადა 1902 წლის 25 ნოემბერს

1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის იურდიული განყოფილება.

1926-1938 წლებში საქართველოს კომუნალურ ბანკში მსახურობდა; 1938-1940 წლებში რეპრესიებში იყო.  1941 წელს მიიწვიეს საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტში მთამსვლელობის კურსის წასაკითხად. ომის პერიოდში არმიის რიგებში იყო, სადაც ეწეოდა მუშაობას სამთო მომზადების დარგში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში პრეზიდენტის თანაშემწედ, ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორად, მეცნიერებათა აკადემიის სწავლულ მდივნად, ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1963 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1969 წელს სადოქტორო დისერტაცია. მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ძირითად პროფესიას მიუძღვნა არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, მონოგრაფიები, განსაკუთრებით ისტორიული სამართლებრივი ძეგლების კვლევას. გამოიკვლია და გამოსცა XVIII-XIX სს. მიჯნის სამართლის ძეგლები "სამოქალაქოს ჰსჯულვილება" და "სამართალი ბატონისშვილის დავითისა". აღსანიშნავია ქართული სამართლის წიგნების ახალი რუსული თარგმანები, განსაკუთრებით აკადემიის გამოცემა "ვახტანგ VI-ის კანონები" (1980, რუსულ ენაზე),

დავით ფურცელაძე არის "იურიდიული ტერმინოლოგიის" ერთ-ერთი შემდგენელი (1963).  აღსანიშნავია მისი საქმიანობა მთამსვლელობისა და ტურიზმის დარგში. ჯერ კიდევ 1929 წელს ლ. მარუაშვილთან ერთად 5 დღეში გაიარა თრიალეთის ქედი თბილისიდან ბორჯომამდე. მას შემდეგ არაერთ მოგზაურობაში მიიღო მონაწილეობა. ამ საკითხებზე მან გამოაქვეყნა რიგი სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ქართული ალპინიზმის და ტურიზმის საკითხებს შეეხება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "მთამსვლელობა საქართველოში. 1923-1950", რომელიც თანაავტორობით არის შედგენილი. მის სპორტულ თემებზე შექმნილ ნაწერებს მიმზიდველობას მატებს მთის ტურიზმით თვით ავტორის გატაცება და მთამსვლელობის შემეცნებითი მხარით დაინტერესება. შეადგინა რიგი წერილები მთამსვლელობაზე, რომლებიც გამოსცა კრებულ "კავკასიონზე". იგი ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელიცაა.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

1982 - ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემია

1952 - სსრკ სპორტის ოსტატი

ბიბლიოგრაფია:

სამართლისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ნარკვევები (თანაავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2012.

ძეგლის დადება გიორგი V-ის ბრწყინვალისა (მთარგმნელი). - თბილისი, მეცნიერება, 1988.

იურიდიული ტერმინოლოგია : რუს.-ქართ. ნაწ. (შემდგენელი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1963.

კავკასიონზე : კრებული (შემდგენელი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1959. - 374გვ.

მთამსვლელობა საქართველოში, 1923-1950 წლები : მოკლე მიმოხილვა (თანაავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1954.