Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზაალ კიკვიძე
ბიოლოგი
date of birth 1958
1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მემბრანების ბიოლოგიის განხრით თემაზე: „ნატრიუმ-კალიუმ-ატეფაზის ფუნქციური რეგულაცია“ და მოიპოვა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1978-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და შემდეგ ბოტანიკის ინსტიტუტში, ასევე საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტში. გაიარა ეკოლოგიური განათლების კურსი გლაზგოს სტრათკლაიდის უნივერსიტეტის ჯორდანჰილის კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი). 1993 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ზოგად ბიოლოგიაში თემაზე: „ბიოლოგიური სისტემების სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაცია“. 1994-1998 წლებში მონაწილეობდა საქართველოს სკოლებში ეკოლოგიური განათლებისა და სამოქალაქო აღზრდის დანერგვის პროექტებში. 1998-2007 წლებში ატარებდა პოსტსადოქტორო კვლევებს ჩიბას უნივერსიტეტში (იაპონია) და არიდული ზონების ექსპერიმენტულ სადგურში (ალმერია, ესპანეთი), 2007-2012 წლებში იყო ასოცირებული პროფესორი ტოკიოს უნივერსიტეტში (იაპონია). ზაალ კიკვიძის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მცენარეთა ეკოლოგია, მათი სახეობრივი მრავალფეროვნება და გეოგრაფიული განაწილებები ეკოლოგიურ გრადიენტებზე, სახეობათა თანაცხოვრების წესები და ორგანიზმთა შორის ურთიერთქმედება, ეკოლოგიური განათლება, ეთნო-ეკოლოგია და სოციო-ეკოლოგია. როგორც მოწვეულ მკვლევარს ან პროფესორს, უმუშავია გერმანიის, იაპონიის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, საფრანგეთის უნივერსიტეტებში, განხორციელებული აქვს საკვლევი პროექტები ჩილესა და მექსიკაში. არის Journal Of Vegetation Science-ის და Phytocoenology-ს მაკოორდინირებელი რედაქტორი, ეკოლოგიური და ბოტანიკური საერთაშორისო საზოგადოებების წევრი. 2012 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი, ხოლო 2013 წლიდან ინტერდისციპლინური ბიოლოგიის უვადო პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი ნაშრომი ქართულ, რუსულ, ინგლისურ და იაპონურ ენებზე. 2014 წლიდან არის 4D კვლევითი ინსტიტუტის თანადირექტორი. ზაალ კიკვიძის სამეცნიერო ინტერესის სფეროა: სიცოცხლე დედამიწაზე, მისი ფორმები და ისტორია, დედამიწის ბიოლოგიური რესურსები, ბიოლოგიური მრავალფეროვნება და ეკოლოგიური ურთიერთობები ეკოსისტემების ორგანიზაციის სხვადასხვა დონეებზე ორგანიზმებიდან დაწყებული ბიოსფეროთი დამთავრებული, სკოლების როლი ეკოლოგიურ განათლებაში, ორგანიზმებს შორის ურთიერთობები ეკოლოგიურ გრადიენტებზე, რიტუალური მცენარეების ეთნო-ბოტანიკა, ადამიანისა და ველური ბუნების კონფლიქტების სოციო-ეკოლოგიური ანალიზი, მეცნიერების სხვადასხვა დარგების ურთიერთობები ინტერდისციპლინური კვლევებში, ურთიერთკავშირი ბიოლოგიურ და კულტურულ მრავალფეროვნებებს შორის და ა.შ.