Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე მურუსიძე
ფიზიკოსი
date of birth 1958

ივანე მურუსიძე დაიბადა 1958 წლის 28 იანვარს. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1983 წელს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურა და დაიცვა დისერტაცია თეორიულ და მათემატიკურ ფიზიკაში თემაზე: ”სოლიტონების მიერ დაბალსიხშირული ტალღების გამოსხივება პლაზმაში”. 1984 წლიდან მუშაობდა ფიზიკის ინსტიტუტში, 1992-2006 წლებში იყო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1995-2000 წლებში კვლევებს ატარებდა თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში იტალიაში (ცენტრის ასოცირებული წევრი). 1999-2002 წლებში მილანის პლაზმის ფიზიკის ინსტიტუტში, როგორც მიწვეულმა მკვლევარმა შეასრულა კვლევითი პროექტები ლაზერ პლაზმის ურთიერთქმედების პრობლემებზე, მათ შორის, პროექტი ნატოს ინდივიდუალური გრანტის ფარგლებში. 1998 წლიდან ჩაერთო მიკრობული ფლორის მძიმე მეტალებთან ურთიერთქმედების ბიოტექნოლოგიური პრობლემების კვლევაში ფიზიკის ინსტიტუტში ბერკლის ეროვნულ ლაბორატორიასთან (აშშ) თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებში, რაც უკავშირდება მძიმე მეტალებით დაბინძურებული გარემოს ბიორემედიაციის პრობლემებს. უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტში ის აგრძელებს კვლევებს ნანობიოტექნოლოგიის მიმართულებით, რაც მოიცავს მიკროორგანიზმების მიერ კეთილშობილ მეტალთა ნანონაწილაკების ბიოსინთეზს. 2006-2007 წლებში იულიხის კვლევითი ცენტრის გამოყენებითი მათემატიკის ცენტრალურ ინსტიტუტში (გერმანია) ეწეოდა კვლევებს ლაზერული გამოსხივების პლაზმასთან ურთიერთქმედების პრობლემებზე. 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. 2007-2009 წლებში იყო ფიზიკა- მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი. არის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. ივანე მურუსიძის სამეცნიერო ინტერესის სფეროა: ნანოსტრუქტურების, დაბალგანზომილებიანი სისტემების და ატომური კლასტერების სტრუქტურული და ელექტრონული თვისებები, ბაქტერიული და არქაე მიკროორგანიზმების მეტალებთან ურთიერთქმედების ბიოფიზიკა, კეთილშობილ მეტალთა ნანონაწილაკების მიკრობული სინთეზი, ლაზერული გამოსხივების პლაზმასთან ურთიერთქმედება, ულტრაინტენსიური ლაზერული იმპულსების რელატივისტური ოპტიკა პლაზმაში, ლაზერ-პლაზმური ამჩქარებლები, კოჰერენტული სტრუქტურების გენერაცია და დინამიკა არაწრფივ დისპერსიულ გარემოში, კოპიუტერული მოდელირება, ალგორითმები და რიცხვითი მეთოდები. 2008-2009 წლებში იყო „ტემპუსის“ ერთობლივი ევროპული პროექტის – “Application of the Tuning Approach in the Georgian Higher Education System” – ფიზიკის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი-ექსპერტი.