Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი ანჩაბაძე
ისტორიკოსი
date of birth 1949

ცნობილი ქართველი ისტორიკოსი გიორგი ანჩაბაძე დაიბადა 1949 წელს ქალაქ თბილისში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, ხოლო 1975 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ევლია ჩელების ”სეიაჰათ-ნამე”, როგორც წყარო კავკასიის მთის ხალხების ისტორიისათვის”, 1990 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,საქართველოს სამხედრო ისტორიის წყაროთმცოდნეობის პრობლემები (ქართული საისტორიო თხზულებების გამოკვლევა)”. გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ოცამდე წიგნი (მონოგრაფიები, სტატიების კრებულები, სალექციო კურსის სახელმძღვანელოები და სხვ.). სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის (შემდეგ ისტორიისა და ეთნოლოგიის) ინსტიტუტში (1975–2010), აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1984–1992), გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში (1994–1999), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2006–2007) და სხვ. გიორგი ანჩაბაძის მთავარი ნამუშევრები ეძღვნება საქართველოს და კავკასიის ხალხთა ისტორიას, უძველესი დროიდან დღემდე. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: საქართველოსა და კავკასიის ქვეყნების ისტორია, აღმოსავლეთმცოდნეობა, სამხედრო ისტორია, ეთნიკური ისტორია, წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფია, ისტორიული გეოგრაფია, კარტოგრაფია, ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების გენეზისი, განვითარება და ტრანსფორმაცია. გიორგი ანჩაბაძე ერთ-ერთი ლიდერია არაფორმალური (სახალხო) დიპლომატიის სფეროში. 1980-იანი წლებიდან იგი ჩართულია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში მისი ტრანსფორმაციის საშუალებით. 2001 წლიდან ლექციებს კითხულობს სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ავტორია არა ერთი სამეცნიერო თუ პუბლიცისტური ნაშრომისა, სადაც წარმოდგენილია ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობის ცალკეული მომენტები და ავტორისეული ხედვა ამ კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გზების შესახებ. მისი თაოსნობით განხორციელდა რიგი სამშვიდობო ინიციატივები: ქართველ ისტორიკოსთა ჯგუფების შეხვედრები აფხაზ და ოს კოლეგებთან, პროექტები, მიმართული სოხუმისა და ცხინვალის არქივების აღდგენის ხელშესაწყობად და სხვ. 2014 წელს საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნული უმცირესობების საბჭომ გიორგი ანჩაბაძეს მიანიჭა ტოლერანტობის ქომაგის წოდება.

ბიბლიოგრაფია:

დიმიტრი ბაქრაძე, როგორც წყაროთმცოდნე და არქეოგრაფი, თბ.: მეცნიერება, 1982 (საქ. სსრ მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი).

სამხედრო ისტორია: ლექციების კურსი. / რედ - დ. ბერძენიშვილი. საქ. მეცნ. აკადემია ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. თბ.: სომაპრეს, 2002.

სამხედრო საქმე საქართველოში უძველესი ხანიდან XVIII საუკუნის ბოლომდე”. თბილისი: ილიას სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. 

საქართველოს ომების ქრონოლოგია 1940 წლამდე, რედ - თ. შუბლაძე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გაერთიანებული სამხედრო აკადემია. თბ.: სამშობლო, 1998.

საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები (1921 წლამდე) = The Problem of Georgian Military History (Till 1921). პუბლიკაციების კრებული, თბ.: ილიას სახ. უნივერსიტეტი, 2010.