Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნუგზარ პაიჭაძე
ეკონომისტი
date of birth 1940

ნუგზარ პაიჭაძე დაიბადა 1940 წლის 22 ივნისს, დასავლეთ საქართველოს სოფელ გამოჩინებულში. იქვე 1956 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო 1958 წელს საჭამიასერის საშუალო სკოლის სრული კურსი. 1959-1962 წლებში საბჭოთა არმიის რიგებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1946 წელს ჩაირიცხა და 1969 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მუშაობას. 1965-1969 წლებში ხელმძღვანელობდა ფაკულტეტის ახალგაზრდულ ორგანიზაციას. ამავე წლებში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა სამშენებლო რაზმის მუშაობაში, როგორც ფაკულტეტის და უნივერსიტეტის სამშენებლო რაზმების მეთაური. 1972 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა და 1973 წელს ასევე წარმატებით დაიცვა დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად (მეცნიერ-ხელმძღვანელები: აკადემიკოსი ირაკლი მიქელაძე და პროფესორი პავლე გარუჩავა). 1972 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწევა აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას, სადაც გაიარა ყველა სამეცნიერო-პედაგოგიური თანამდებობა - ასისტენტობიდან პროფესორობამდე. 1988 წლიდან ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორია, ხოლო პროფესორი - 1989 წლიდან. სამეცნიერო კვლევის ძირითადი ობიექტია შრომის ეკონომიკისა და ადამიანთა რესურსების მართვის (პერსონალის მართვის) პრობლემები. გამოქვეყნებული აქვს 120-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია და 5 სახელმძღვანელო. პროფესორი ნუგზარ პაიჭაძე არჩეულია საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. უნივერსიტეტის მუშაობის პერიოდში სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას აქტიურად უთავსებდა ადმინისტრაციულ მუშაობას. 1974-1979 წლებში იყო საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ხოლო 1979-2005 წლებში ამავე ფაკულტეტის (შემდგომ მენეჯმენტის) დეკანი. 1999 წლიდან 2006 წლის სექტემბრამდე მუშაობდა მენეჯმენტის კათედრის გამგედ. როგორც ცნობილია, აღნიშნულ წლებში მიმდინარეოდა უმაღლესი განათლების რეფორმა, რომლის განხორციელებაში იგი როგორც დეკანი და კათედრის გამგე, აქტიურად მონაწილეობდა. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ფაკულტეტზე ბიზნესისა და მართვის მიმართულება, შეიქმნა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ისეთ სპეციალობებში, როგორიცაა მენეჯმენტი, ადამიანთა რესურსების მენეჯმენტი, განათლების ეკონომიკა და ა.შ. ნუგზარ პაიჭაძე ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობით: 1979-2004 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი, ორჯერ (1980-1984 წწ, 1978-2006 წწ) იყო რექტორატთან არსებული ეკონომიკური ფაკულტეტების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, წლების განმავლობაში იყო საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოსა და მისი ეკონომიკური სექციის წევრი, ამავე სექციასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და სხვა. 1994-2006 წლებში ნუგზარ პაიჭაძე თავმჯდომარეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სადისერტაციო საბჭოს, სადაც სამეცნიერო ხარისხების დაცვა ხდებოდა ისეთ სპეციალობებში, როგორიცაა: მენეჯმენტი, შრომის ეკონომიკა, ესქატორული ეკონომიკა, მიკროეკონომიკა და სხვა. იგი აქტიურად მონაწილეობს ეკონომიკური პროფილის ჟურნალის მუშაობაში. არის რამოდენიმე ჟურნალის რედკოლეგიის წევრი. ასევე არაერთი მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს, სამეცნიერო შრომების კრებულის, ლექსიკონის რედაქტორი, რედკოლეგიის წევრი ან რეცენზენტი. მეცნიერი ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური, ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის დაჯილდოებულია სხვადასხვა ორდენითა და მედლით. მათ შორის მედალი ,,ყამირი მიწების ათვისებისათვის’’ (1966 წწ.), ორდენი ,,შრომითი მამაცობისათვის’’ (1970), ,,ღირსების ორდენი’’ (1998), ,,ივანე ჯავახიშვილის მედალი’’ (2000).