Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელენე ხარაბაძე
ეკონომისტი
date of birth 1943

ელენე ხარაბაძე დაიბადა 1943 წლის 23 თებერვალს სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში. 1961-1966 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობით. 1972 წელს, ასპირანტურის სრული კურსის გავლის შემდეგ, ელენე ხარაბაძემ წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1967 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრაზე უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ასისტენტის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის თანამდებობებზე. 1992-1997 წლებში იყო ამავე კათედრის გამგე. მისი ხელმძღვანელობით მოხერხდა 1993 წელს ეკონომიკის ფაკულტეტზე ბუღალტრული აღრიცხვის კათედრის აღდგენა, რომელიც გორის ეკონომიკური ინსტიტუტის ჩამოყალიბების გამო, წლების მანძილზე თსუ-ში გაუქმებული იყო. 2006 წლიდან დღემდე ქალბატონი ელენე ხარაბაძე სამჯერ აირჩიეს სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე. აკადემიურ საქმიანობასთან ერთად ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2007-2009 წლებში იყო დეკანის მოადგილე, ხოლო 2009-2012 წლებში დეკანის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. ელენე ხარაბაძეს გავლილი აქვს აკადემიური კურსები: აშშ-ის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ექსპერტთა საერთაშორისო პროგრამით - ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში, ფინანსურ აღრიცხვასა და მმართველობით აღრიცხვაში - საერთაშორისო სტანდარტებით. ტრენინგის ინსტრუქტორის მომზადების კურსი აშშ-ის განათლების განვითარების აკადემიის პროგრამით. შემფასებელთა მომზადების კურსი - აშშ-ის განათლების განვითარების აკადემიის პროგრამით და ლონდონკოლეჯის კურსი ,,მასწავლებელთა მომზადება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში’’. წლების მანძილზე იყო საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა კავშირის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტური საქმიანობის საბჭოს კოლეგიისა და სასერთიფიკატო კომისიის წევრი, საქართველოს კონტროლის პალატის მეცნიერ-კონსულტანტი. იგი არის აუდიტური ფირმა ,,ელკო-აუდიტის’’ დამფუძნებელი და დირექტორი, უმაღლესი კვალიფიკაციის აუდიტორი. ცალკე აღნიშვნის ღირსია პროფესორ ელენე ხარაბაძის მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ საგრანტო პროექტებში. კერძოდ: 2001 წელს იყო საქართველოს კონტროლის პალატის მოხელეთა საატესტაციო ტესტების მომზადებისა და მოწვეულ მეცნიერ-კონსულტანტთა კოორდინატორი. 2003 წელს სამეცნიერო გრანტით შეასრულა აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს პროექტი - ,,კორუფციული გარიგებების ასპექტები საგადასახადო კოდექსში - მისი მოქმედების მექანიზმი საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში’’, რომელიც გამოქვეყნდა სპეციალური გამოცემის სახით. 2007 წელს ჩართული იყო მსოფლიო ბანკის პროექტში ,,სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკა’’, იმავე წელს მოიპოვა გრანტი ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სასწავლო ლაბორატორია’’ პროგრამით ,,Exact Globe – 2003’’, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი გახდა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის კათედრასთან უახლესი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი ლაბორატორიის შექმნა და ძვირადღირებული კომპიუტერული პროგრამის შეძენა. პროფესორი ელენე ხარაბაძე აქტიურ პედაგოგიურ და სატრენერო საქმიანობასთან ერთად ეწევა ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობასაც. მას გამოქვეყნებული აქვს 75-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ერთი მონოგრაფია, 3 სახელმძღვანელო და 11 სალექციო კურსი.

შრომები

 

  • ბუღალტრული აღრიცხვის თეორია: ლექციების კურსი, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1983.
  • ბუღალტრული აღრიცხვის თეორია: ლექციების კურსი, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1985.
  • ბუღალტრული აღრიცხვის თეორია: ლექციების კურსი, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1996.
  • ბუღალტრული აღრიცხვა: ნაკვეთი 1: ლექციების კურსი, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1986.
  • ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები, თბ.: მერიდიანი, 2014.
  • ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები: სახელმძღვანელო, თბ.: უნივერსალი, 2007.
  • ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები, თბ.: ნოვაცია, 2006.
  • ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები, თბ.: 2002.
  • ტექსტზე მუშაობის საკითხები დაწყებით კლასებში, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1975.
  • შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის’’ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების რეზერვები: მონოგრაფია, თბ.: 2016.

ბიბლიოგრაფია