Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დავით გორდეზიანი
მათემატიკოსი
date of birth 1937

გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსი დავით გორდეზიანი დაიბადა 1937 წლის 9 დეკემბერს ქალაქ თბილისში. 1945-1956 წლებში სწავლობდა თბილისის ვაჟთა პირველ საშუალო სკოლაში, რომელიც ოქროს მედლით დაამთავრა. იმავე წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი. 1961 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი წარჩინებით და სწავლა გააგრძელა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში მიახლოებითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე. ასპირანტურაში მის მუშაობას ხელმძღვანელობდა ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი შალვა მიქელაძე. 1962 წელს ვადაზე ადრე დაასრულა საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობა და გადასცა დასაცავად, რისთვისაც იყო პრემირებული. საკანდიდატო დისერტაცია გამოთვლით მათემატიკაში დაიცვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეობდა მსოფლიოში აღიარებული მათემატიკოსი და მექანიკოსი, აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი. 1964 წელს დავით გორდეზიანმა მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. 1968 წელს გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით პრობლემურ ლაბორატორიაში, რომლის ბაზაზე იმავე წელს შეიქმნა გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი. 1970 წლიდან დავით გორდეზიანი ხელმძღვანელობდა ამ ინსტიტუტის რიცხვითი მეთოდების განყოფილებას. 1971-1972 წლებში გადიოდა სტაჟირებას საფრანგეთში, პარიზში VI უნივერსიტეტის რიცხვითი ანალიზის ლაბორატორიასა და გრენობლის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკოსის, მექანიკოსისა და ინფორმატიკოსის, აკადემიკოს ჟ. ლ. ლიონსის ხელმძღვანელობით. 1982 წელს მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გამოთვლითი მათემატიკის სპეციალობით. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეობდა მსოფლიოში აღიარებული მათემატიკოსი, აკადემიკოსი ა. ნ. ტიხონოვი. 1985 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება, დავით გორდეზიანი 1979 წლიდან 1985 წლამდე იყო თბილისის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში, 1985 წლიდან 2006 წლის ბოლომდე კი დირექტორი. იმავდროულად, 1984-2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გამოთვლითი მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრის გამგე. 2006 წლიდან 2009 წლამდე უნივერსიტეტის სრული პროფესორი, 2009 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი ემერიტუს-პროფესორი და ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 1996-2006 წლებში გახლდათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხოლო 2008-2015 წლებში - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. დავით გორდეზიანს გამოქვეყნებული აქვს 200-მდე ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია, 4 გამოგონება, 2 პატენტი (აშშ, დანია). მან აღზარდა მეცნიერებათა 7 დოქტორი და 17 კანდიდატი. მის მოწაფეთაგან ზოგიერთი ნაყოფიერად მუშაობდა და მუშაობს საზღვარგარეთ (ისრაელში - პროფესორი ე. ევსეევი, დოქტორი ი. ჯანაშვილი, აშშ-ში - დოქტორი ვ. იუცისი, რუსეთში - დოქტორი თ. ჯიოევი). დავით გორდეზიანი იყო მრავალი სამეცნიერო ფორუმის მონაწილე, მათ შორის მათემატიკოსთა ვარშავისა (1983 წ) და ციურიხის (1994 წ) მსოფლიო კონგრესების, IUTAM-ის სიმპოზიუმების, ათენის ინტერდისციპლინარული ოლიმპიადისა და სხვა. იგი არაერთხელ იყო მიწვეული ლექციების წასაკითხად და ერთობლივი სამეცნიერო მუშაობის ჩასატარებლად პარიზის, რომის, გრენობლის, ათენის, იენის, მოსკოვის, კიევის, მინსკის და სხვა ქალაქების ცნობილ უნივერსიტეტებში. სხვადასხვა დროს საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების ოპონირებისათვის მიწვეული იყო საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, რუსეთის, დანიის, პოლონეთის, საბერძნეთის, უკრაინის, ბელორუსიის, უზბეკეთის, აზერბაიჯანისა და მოლდავეთის სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებში. 1993 წელს აირჩიეს კომპიუტერულ მეცნიერებათა და სისტემების საერთაშორისო აკადემიის წევრად. იგი აგრეთვე გახლდათ: საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემიის წევრი, შემდგომში მისი პრეზიდენტი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, სსრლ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკური მოდელირების საკოორდინაციო საბჭოს წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკური მოდელირების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1985-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, რამდენიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველო-ესპანეთის ერთობლივი სამეცნიერო ჟურნალის ,,გამოყენებითი მათემატიკა, ინფორმატიკა და მექანიკა’’ ერთ-ერთი დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი. დავით გორდეზიანი იყო მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი გრანტის ხელმძღვანელი და ძირითადი შემსრულებელი, სხვადასხვა სამეცნიერო და სამთავრობო ჯილდოების, პრიზების, მედლების და დიპლომების მფლობელი. სამეცნიერო, პედაგოგიური და სამეცნიერო-ორგანიზაციული მუშაობისათვის მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის მედალი, საქართველოს რესპუბლიკის ღირსების ორდენი. მისი სამეცნიერო თემატიკა ძირითადად ეხება: ეკონომიკური სასრულ-სხვაობიანი ალგორითმების აგებისა და კვლევის საკითხებს, ილია ვეკუას გარსებისა და ფირფიტების თეორიის დაფუძნებასა და განვითარებას, მათემატიკური ფიზიკის ზოგიერთი არაწრფივი ამოცანის შესწავლას, კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებებისათვის დასმული არაკლასიკური საწყის-სასაზღვრო და სასაზღვრო ამოცანების შესწავლას. უნივერსიტეტში აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას კერძოწარმოებულიანი განტოლელების მიახლოებითი ამოხსნის ალგორითმების ფუნქციონალური ანალიზის მეთოდების გამოყენებით აგებასა და დაფუძნებაში საფუძველი დავით გორდეზიანმა ჩაუყარა. მის შრომებში განვითარებულია ფიზიკის, ქიმიის, ეკოლოგიის, სამშენებლო მექანიკისა და ჰიდრო-გაზო დინამიკის კონკრეტული პრაქტიკული ამოცანების მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების თანამედროვე მეთოდები. მისი შედეგები ციტირებულია მსოფლიოში აღიარებულ სამეცნიერო შრომებში, მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებში, ენციკლოპედიურ და მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომებში. მან მიიღო პრინციპული მნიშვნელობის მქონე შედეგები ეკონომიკური სასრულ-სხვაობიანი ალგორითმების აგებისა დდა კვლევისას, ილია ვეკუას გარსებისა და ფირფიტების თეორიის დაფუძნებისა და განვითარებისას, მათემატიკური ფიზიკის არაწრფივი ამოცანების შესწავლისას და დიფერენციალური განტოლებებისათვის დასმული არაკლასიკური ამოცანების გამოკვლევისას.