Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვასილ ჩანტლაძე
ეკონომისტი
date of birth 1905

ქართული ფინანსური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი ვასილ ჩანტლაძე დაიბადა 1905 წლის 8 იანვარს, ქალაქ ზესტაფონში. საშუალო განათლება მიიღო თბილისის ვაჟთა I გიმნაზიაში. დამთავრებისთანავე, 1923 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. მალე თავისი მასწავლებლის, ფილიპე გოგიჩაიშვილის ყურადღებაც მიიპყრო და მისი წინადადებით, 1927 წელს, უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ დატოვეს უნივერსიტეტში, როგორც პერსპექტიული ახალგაზრდა. 1941 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიანიჭა. 1954 წელს ვასილ ჩანტლაძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, ხოლო უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ 1959 წელს პროფესორის წოდება მიანიჭა. პროფესორი ვასილ ჩანტლაძე 1967 წელს ფინანსებისა და კრედიტის კათედრის გამგედ აირჩიეს, სადაც 21 წელი იმუშავა. 1974 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1979 წელს აკადემიკოსად. პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტში მისი დაარსებიდან 1980 წლამდე ვასილ ჩანტლაძე ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თეორიული და დიდი სახალხო-მეურნეობრივი მნიშვნელობის მქონე აქტუალური პრობლემების დამუშავებაში. ღვაწლმოსილი მეცნიერი გარდაიცვალა 1995 წლის იანვარში, 90 წლის ასაკში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძეს დიდი წვლილი მიუძღვნის ფინანსური თეორიების მეცნიერულ დამუშავებაში. იგი 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქვეყნის ფინანსების, ფულის მიმოქცევისა და კრედიტის პრობლემების კვლევის მთავარ სამეცნიერო ცენტრს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტის კათედრას. გამოქვეყნებული აქვს 205-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა უმეტესი ნაწილი ეძღვნებოდა ფინანსების თეორიას, ეკონომიკის დარგთა ფინანსებს, ფინანსების ისტორიას, ეკონომიკური აზრის ისტორიას, ეკონომიკურ ტერმინოლოგიას და სხვა. ვასილ ჩანტლაძის შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე. იგი 70 წელზე მეტ ხანს ემსახურებოდა ქართული ფინანსური მეცნიერების განვითარებას და 40-ზე მეტი ასპირანტი, დოქტორანტი, მეცნიერების კანდიდატი აღზარდა. მისი წვლილი ამ მიმართულების განვითარებაში განუზომელია. იგი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მან დიდი ცოდნა და ენერგია მოახმარა ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობის სტუდენტებისთვის ორიგინალური სახელმძღვანელოები შექმნას, რომლებიც თარგმნილ და ქართულ ენაზე დაწერილ სხვა სახელმძღვანელოებზე სტაბილური აღმოჩნდა. მაგ: ,,კაპიტალისტურ სახელმწიფოთა ფინანსები’’, ,,ფინანსური მეცნიერების საგანი და ამოცანები’’, ,,ფულის კრედიტის და ფინანსების ისტორია’’ და სხვა. მისი მეცნიერული მემკვიდრეობა ფასდაუდებელია ეროვნული ეკონომიკური აზროვნების ისტორიის შესწავლის თვალსაზრისითაც. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომა ,,სულხან-საბა ორბელიანის ეკონომიკური შეხედულებანი’’. იგი XIX საუკუნემდელი ქართული ეკონომიკური აზრის შესწავლის პირველ ცდას წარმოადგენს. ვასილ ჩანტლაძის შრომები ეძღვნება აგრეთვე ილია ჭავჭავაძის, ივანე ჯავახიშვილის ეკონომიკურ-ფინანსური შეხედულებების შესწავლას. მან უდიდესი მუშაობა გასწია ეკონომიკის ტერმინოლოგიის დამუშავების ხაზითაც. შეადგინა რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული ფინანსურ-საკრედიტო და რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული სტატისტიკური ტერმინოლოგია. გარდაიცვალა 1995 წელს.