Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნათელა ქუთელია
ენათმეცნიერი
date of birth 1928

ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი ნათელა ქუთელია დაიბადა სუაშაში 1928 წლის 18 აგვისტოს. 30-იანი წლების დასაწყისში იქ შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, ოჯახი გორში დასახლდა, სადაც ნათელა ქუთელიამ გორის მე-3 ქალთა საშუალო სკოლა დაამთავრა. 1946 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე ინგლისური ენის სპეციალობით. 1954-1956 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალობით, მისი ხელმძღვანელი იყო პროფესორი სერგი ჟღენტი. 1954 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულებით. 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ,,ჰარმონიულ ხშულთა ორი სისტემა ქართულ ენაში (ექსპერიმენტალური გამოკვლევა)’’. 1986 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ლაზურის ფონემატური სტრუქტურა, სეგმენტური ფონემები და ფონემათა ჯგუფები: პარადიგმატიკა და სინტაგმატიკა’’. იგი 2 მონოგრაფიის, 3 წიგნისა და მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორია. პროფესორი ნათელა ქუთელია იყო პირველი მრავალპარტიული უზენაესი საბჭოს წევრი - ,,მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს’’ სიიდან. 1991 წლის 9 აპრილს მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. ნათელა ქუთელია თავის მოძღვარ-მასწავლებლებად მიიჩნევდა გიორგი ახვლედიანსა და ალი თანდილავას, რომელსაც იგი ,,ალი ეფენდით’’ მოიხსენებდა. მას განსაკუთრებით უყვარდა ლაზები, რომელთა ენის სისტემა-სტრუქტურისა და ეთნოკულტურის შესწავლას მოანდომა მთელი სიცოცხლე. მის ბიოგრაფიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედაგოგიური მოღვაწეობა. მისი ნააზრევი ლაზებისა და ლაზურის შესახებ ქართველთა კულტურულ-ისტორიულ არეალში მნიშვნელოვანია როგორც ლინგვისტიკისთვის, ასევე ქვეყნის ისტორიული რეალობის შესწავლისა და ქვეყნის ახლებურად მოწყობისთვის. გარდაიცვალა 2014 წელს.