Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონსტანტინე ბრეგაძე
ფილოლოგი
date of birth 1974

დაიბადა 1974 წლის 16 მარტს ქალაქ თბილისში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, გერმანული ფილოლოგიის მიმართულებით. 1997-1998 წლებში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში ბამბერგის ოტო-ფრიდრიხის სახელობის უნივერსიტეტში. 1994-2001 წლებში პროფესორ გურამ რამიშვილის სახელობის მე-6 საავტორო სკოლაში ასწავლიდა გერმანულ ენასა და ლიტერატურას. 1999-2006 წლებში კითხულობდა სალექციო კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრაზე. 1999-2001 წლებში იყო რომანულ-გერმანიკული ენათმეცნიერების კათედრის ასპირანტი. 2000 წელს მონაწილეობდა გერმანიის ქალაქ ვაიმარში გამართულ ფილოსოფოსთა და გერმანისტთა პირველ საერთაშორისო საზაფხულო კურსებში “მომავლის ევროპა” (“Zukunftsfähiges Europa”). 2001 – 2002 წლებში იყო გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის (DAAD) სტიპენდიანტი კონსტანცის უნივერსიტეტში. პარალელურად მუშაობდა სადისერტაციო ნაშრომზე :“ნოვალისის ენის ფილოსოფია”. 2002 - 2003 წლებში გადიოდა პედაგოგიურ პრაქტიკებს გოეთეს სახელობის გერმანული კულტურის ინსტიტუტში. 2004 წლის 28 იანვარს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე “ნოვალისის ენის ფილოსოფია” და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2004 წელს აირჩიეს გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების თბილისის ფილიალის წევრად. 2004–2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის რომანულ-გერმანიკული ენათმეცნიერების კათედრის დოცენტი. 2005 წელს მონაწილეობა მიიღო გერმანიის ქალაქ ვაიმარში გამართულ გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების 79-ე მსოფლიო კონგრესში. 2007 წლის აპრილში მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ამიერკავკასიის DAAD-ის ალუმნიანტთა კონგრესში. ამავე წელს გერმანულიდან თარგმნა და გამოაქვეყნა ნოვალისის (ფრიდრიხ ფონ ჰარდენბერგი) პოეტური ციკლი “ღამის ჰიმნები” (“Hymnen an die Nacht”) და გახდა DAAD-ის სტიპენდიანტი ერფურტის (გერმანია) უნივერსიტეტში. იგი ასევე არჩეულია ნოვალისის საერთაშორისო საზოგადოების წევრად. 2009 წელს გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატიების კრებული სათაურით “ლიტერატურული და ენის ფილოსოფიური ფრაგმენტები. ნოვალისი, გოეთე, ვ. ფონ ჰუმბოლდტი...”. 2009 წელს მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში “ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი. მე-20 საუკუნის გამოცდილება”. ამავე წლიდან ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელია. 2012 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის, გერმანული ფილოლოგიის კათედრაზე.