Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზურაბ პაპასქირი
ისტორიკოსი
date of birth 1950

ზურაბ პაპასქირი დაიბადა 1950 წლის 15 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში. 1967 წელს დაამთავრა ქალაქ ზუგდიდის #3 საშუალო სკოლა და ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის შოთა მესხიას რეკომენდაციითა და ხელმძღვანელობით მოამზადა სადიპლომო ნაშრომი დავით აღმაშენებლის ხანის საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე. მოცემული მიმართულებით გააგრძელა მუშაობა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, სადაც გამოჩენილი რუსი მეცნიერების – აკადემიკოს ბორის რიბაკოვისა და სსრკ მეცნიერებათა აკადემის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ ანატოლი ნოვოსელცევის ხელმძღვანელობით (1972-1975წწ.) გაიარა ასპირანტურის სრული კურსი და მოამზადა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საქართველო და აღმოსავლეთი ევროპა XI-XIIსს.-ში“, რომელიც წარმატებით დაიცვა 1978 წელს. 1976 წლიდან მუშაობდა მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (1979 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ჯერ სსრ კავშირის ისტორიის, ხოლო შემდეგ – მსოფლიო ისტორიის კათედრის მასწავლებლად. 1981წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. 1980-1981 სასწავლო წელს უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ ზურაბ ანჩაბაძის უშუალო ინიციატივითა და თაოსნობით, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა საქართველო-აფხაზეთის ისტორიის კათედრა. ამ საქმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო ზურაბ პაპასქირი, რომელსაც, დაევალა მოსამზადებელი საორგანიზაციო სამუშაოს შესრულება და დაინიშნა კათედრის გამგის მოადგილედ. მისი თაოსნობითა და ხელმძღვანელობით შემუშავდა კათედრის დისციპლინათა სრული ნუსხა, დაიხვეწა და დაზუსტდა სასწავლო გეგმები. გარდა ამისა, კათედრას მიჰყავდა არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ზოგადი კურსები, აგრეთვე სხვა დამხმარე ისტორიული დისციპლინები. კათედრა უძღვებოდა სპეციალიზაციას საქართველო-აფხაზეთის ისტორიის განხრით. მისი ინიციატივით, მოხდა წამყვანი აფხაზი მეცნიერების: გიორგი ამიჩბას, მიხეილ გუნბას, იური არგუნის, ოლეგ ბღაჟბასა და სხვების მოწვევა კათედრაზე. წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში: იყო ჟიურის წევრი, ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიის სექციის სხდომებს. ცალკე უნდა აღინიშნოს ისტორიკოსის მოღვაწეობა უმაღლესი სასწავლებლის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, რომელსაც ის ასრულებდა 1977-1984 წლებში. ის იყო ამ საბჭოს შექმნის ინიციატორი და პირველი თავმჯდომარე. 1982 წელს ნაშრომთა ციკლისათვის „XI-XIIსს. საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიიდან“ საქართველოს კომკავშირის პრემია მიენიჭა. მისი უშუალო ინიციატივით 1989 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარის მოადგილედაც ის აირჩიეს. ზურაბ პაპასქირი 1989 წლიდან, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქართული ნაწილის გამოსვლისა და მის ბაზაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დაარსების დღიდან, არის ამ უმაღლესი სასწავლებლის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. 1998 წელს მისი უშუალო ინიციატივითა და თაოსნობით ქალაქ თბილისში აღსდგა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარედაც ის აირჩიეს. ამავე დროს, იგი არის ამ საზოგადოების პერიოდული გამოცემის – წელიწდეულის – „საისტორიო ძიებანის“ მთავარი რედაქტორი. 1991 წელს ზურაბ პაპასქირმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „შუა საუკუნეების საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა. Xს. 70-იანი – XIს. 80-იანი წლები“. 2004 წელს დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში. არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომების მთავარი სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სერიის მთავარი რედაქტორი. ცალკე უნდა აღინიშნოს ზურაბ პაპასქირის მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ის წლების მანძილზე ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. იგი იყო აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე. აგრეთვე პერიოდული სამეცნიერო გამოცემის (წელიწდეულის) – „ქართული დიპლომატიის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ცენტრის მიერ განხორციელებულ სხვა მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებში. მონაწილეობდა ამავე ცენტრის მიერ მომზადებული „ქართული დიპლომატიის ისტორიის“ ქრესტომათიის შექმნაშიც. პარალელურად, საერთაშორისო სამართლის სპეციალობაზე კითხულობდა ლექციების კურსს „ქართული დიპლომატიის ისტორიაში“. 1994-2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის სადისერტაციო საბჭოს წევრი. ამ ხნის მანძილზე იყო 14 სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციის ოფიციალური ოპონენტი. ზურაბ პაპასქირი 150-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის 12 მონოგრაფიისა და წიგნის ავტორია. გარდა ამისა, მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე 150-ზე მეტი საგაზეთო პუბლიკაცია და 200-მდე ენციკლოპედიური ხასიათის სტატია. მისი ნაშრომები ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ (მათ შორის, უცხოურ) სამეცნიერო გამოცემებში. 2009 წელს გამოიცა მისი წიგნი: „და აღმოცისკრდა საქართველო – ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“, რომელშიც შევიდა სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი ნაშრომები. 2010 წელს რუსთაველის ფონდმა მიანიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდია. ზურაბ პაპასქირი არჩეულია აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის, მეცნიერებისა და კულტურის აკადემიის „ფაზისის“ აკადემიკოსად. არის გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომისიის წევრი. დაჯილდოებულია ღირსების მედლით.