Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შოთა ცხოვრებაშვილი
გეომორფოლოგი
date of birth 1920

შოთა ცხოვრებაშვილი დაიბადა 1920 წლის 12 აგვისტოს. 1938 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1942 წელს და მიიღო გეოგრაფ-გეომორფოლოგის კვალიფიკაცია. 1942 წელს პროფესორ ალექსანდრე ჯავახიშვილის წინადადებით, ჩააბარა გამოცდები ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ 1947 წლის 12 დეკემბერს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ქართლის ბარის დასავლეთი ნაწილის გეომორფოლოგია’’. 1940 წლიდან არის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების წევრი. საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ, ალექსანდრე ჯავახიშვილის რეკომენდაციით, რომელიც მაშინ კათედრის გამგე იყო, ლექციების კითხულობდა ,,ზოგად დედამიწისმცოდნეობასა’’ და ,,ზოგად გეომორფოლოგიაში’’. აღნიშნულ საგნებში შოთა ცხოვრებაშვილი იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც დაწერა სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე. სალექციო მუშაობის გარდა, იგი აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა. მისი საქმიანობის ძირითად ინტერესს საქართველოს სამხრეთ მთიანეთის რელიეფის შესწავლა და გეომორფოლოგიური კვლევის მეთოდების შესწავლა წარმოადგენდა. კვლევა-ძიების გეომორფოლოგიური მეთოდების სფეროში მის მიერ არის დამუშავებული ერთ-ერთი გეომორფოლოგიური ფენომენის - მთიან მხარეებში არსებული მოსწორებული ზედაპირების, რაოდენობის დადგენის სტატისტიკური მეთოდი. 1962 წელს ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე, სწორად ამ კვლევის დროს მიღებულ შედეგებზე წაიკითხა მოხსენება. მოხსენებამ რომ მსმენელთა მოწონება დაიმსახურა იმითაც დადასტურდა, რომ ცნობილ რუს მეცნიერებთან: ი. შჩუკინთან, ი. მეშჩერიაკოვთან, კ. მარკოვთან, ა. სპირიდონოვთან და ათამდე სხვა პირთან ერთად შოთა ცხოვრებაშვილი გახდა მოსწორებული ზედაპირების კლასიფიკაციის დამმუშავებელთა კომისიის წევრი, ხოლო შემდეგ ბუდაპეშტის მეცნიერებათა აკადემიიდან მიიღო წერილი, აღნიშნულ პრობლემაზე მათთან თანამშრომლობის შესახებ. 1967 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,აჭარა-თრიალეთის მთაგრეხილის გეომორფოლოგია’’. პროფესორი შოთა ცხოვრებაშვილი არის 100-ზე მეტი სამეცნიერო, სასწავლო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომის ავტორი. 1983 წელს მიენიჭა საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის წოდება, ხოლო 2015 წლის 12 სექტემბერს საქართველოში გეომორფოლოგიის დარგის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. ამჟამად იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი და რექტორთა მრჩეველთა საბჭოს წევრია.