Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზაზა აბზიანიძე
მწერალი
date of birth 1940

ზაზა აბზიანიძე დაიბადა 1940 წლის 30 ოქტომბერს. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ადამიანის კონცეფცია თანამედროვე ქართულ ლირიკაში". 1982-1984 წლებში იყო ალმანახ "კრიტიკის" რედკოლეგიის წევრი. 1993 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,XIX-XX საუკუნეების ქართული პროზის ჰუმანისტური იდეალი". 1994-1998 წლებში იყო საქართველოს რადიოს პირველი არხის ყოველკვირეული გადაცემის - "ლიტერატურული პორტრეტი" წამყვანი. 1996-1998 წლებში ჟურნალ "Литературная Грузия"-ს რედაქტორი. 1999 წელს გახდა ნობელის კომიტეტის ექსპერტი ლიტერატურის დარგში. წლების განმავლობაში იყო მარჯანიშვილის თეატრის სალიტერატურო ნაწილისა და თეატრალური ინსტიტუტის ფილოლოგიის კათედრის გამგე (1998-2005 წლები). ჩატარებული აქვს არაერთი მასტერ-კლასი. დღემდე წერს ლიტერატურულ ზღაპრებსა და ლექსებს, რომელთაც თვითონვე ასურათებს. 2007 წლიდან არის ასოციაცია - "ქართული აკადემიის", ხოლო 2009 წლიდან საზოგადოებრივი ორგანიზაცია - ,,საზოგადოების დარბაზის’’ გამგეობის წევრი. აგრეთვე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქრისტიანული ღვთისმეტყველებისა და რელიგიის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ზაზა აბზიანიძე წლების განმავლობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა არაერთ ლოკალურ და საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო კონფერენციაში, პროექტსა თუ პროგრამებში. მათ შორის აღსანიშნავია: ლ. ტოლსტოისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია - "ლ. ტოლსტოი და ქართველი ჰუმანისტები" (2002 წელი), სასუნცის ეპოსისადმი მიძღვნილი იუნესკოს საერთაშორისო კონფერენცია - "სასუნცის ეპოსი და ქართული რეალიები" (ერევანი, 2003 წელი), გიორგი ლეონიძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია - "გ. ლეონიძის შემოქმედებითი გზა" (2005 წელი), იუნესკოს საერთაშორისო კონფერენცია - "სიმბოლო და ტრადიცია"- "სიმბოლოთა ნაციონალური ენციკლოპედიის შექმნის გამოცდილება"(ერევანი, 2006 წელი). 2001 წელს მიიღო საქართველოში ეუთო-ს მისიის გრანტი პუბლიცისტური წიგნის "Homo Belletor"-ის გამოსაცემად. 1997-1999, 2000-2001 და 2002-2003 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტების მონაწილე. არის არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი. 2001 წელს მიიღო ,,UNICEF-ის" ლიტერატურული კონკურსის პირველი პრემია, 2003 წელს საქართველოს განათლების სამინისტროს ლიტერატურული კონკურსის პრემია, ხოლო 2007 წელს პირველი ხარისხის პრემია „პარნასი“ ნომინაციაში – „წლის საუკეთესო წიგნი“ – „სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედიისათვის“. 2006 წლიდან "საბავშვო ლიტერატურის ალმანახის" რედკოლეგიის წევრი და საქართველოს საეკლესიო ენციკლოპედიის პასუხისმგებელი რედაქტორია. ამჟამად მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. წარდგენილი იყო ლიტერატურულ პრემია ,,საბას’’ 2015 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე, ნომინაციაში საუკეთესო პიესა.

ბიბლიოგრაფია:

ადამიანის კონცეფცია თანამედროვე ქართულ ლირიკაში, თბ.: მეცნიერება. 1975 (საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემია. შ. რუსთაველის სახელობის სახ. ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი).

სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია = The Illustrated Encyclopedia of Symbols. ტომი 2. ზ. აბზიანიძე, ქ. ელაშვილი. / რედ - რ. მოსიძე. მეორე გამოცემა. თბილისი: ბაკმი, 2012.