Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქეთევან შენგელია
ფილოლოგი
date of birth 1964

ქეთევან შენგელია დაიბადა 1964 წლის 12 თებერვალს ქალაქ თბილისში. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ამავე წელს დაიწყო თბილისის 150-ე საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობა. 1992 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლიტერატურის ისტორიაში თემაზე: ,,ქართველ მწერალთა მიმართებები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებასთან’’. 1989-1993 წლებში იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ექსკურსია-მძღოლი. 1993-2003 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2003-2005 წლებში უნივერსიტეტში არსებული კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის კაბინეტის მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 2005-2007 წლებში ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მწერალთა წრეს - ,,ლიტერატურული დახელოვნების სახელოსნო’’. 1985 წლიდან მისი ლექსები, ესეები, მოთხრობები, თარგმანები და წერილები იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. მისი ლექსები თარგმნილია რამდენიმე ენაზე. შეტანილია სხვადასხვა ტიპის პოეზიის ანთოლოგიებში და კრებულებში საქართველოსა და უცხოეთში. მისი მოთხრობის მიხედვით ზ. კანდელაკმა დადგა რადიოპიესა "პანდა". გამოცემული აქვს შემდეგი პოეტური კრებულები: ”თოვლივით თეთრი მწუხარება”, ”აკაციის ხეივანი”, ”ცხოვრების სუსხი”, ასევე, ლიტერატურული ნარკვევები და ესეები: ”მზისფერი ქუდი” და ა.შ. ქეთევან შენგელია არის რამდენიმე სამწერლო ასოციაციის, გაერთიანებისა და მწერალთა კავშირის წევრი. 1996-1997 წლებში იყო ლიტერატორთა რესპუბლიკური ცენტრის ლიტერატურულ-მხატვრულ გაზეთ ”რუბიკონის” რედკოლეგიის, 2007 წელს კი ქართული სათვისტომოს მიერ ბარსელონაში დაარსებული ქართულ-ესპანური კულტურული ცენტრის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციასა თუ სიმპოზიუმში. მათ შორის აღსანიშნავია: საფაკულტეტო სამეცნიერო კოფერენცია მიძღვნილი შალვა ნუცუბიძის 120 წლის იუბილესადმი (2008 წელი), თანამედროვე დრამატურგიის პრობლემები თამაზ ჭილაძის ,,არაბეთის სურნელოვანი ბალახების მიხედვით’’ (2008 წელი), II საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი: ,,ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები’’ (2008 წელი), ,,ამოუცნობის ინტერპრეტაციები დრამატურგიაში - სამუელ ბეკეტის ,,გოდოს მოლოდინში’’ - მორის მეტერლინკის ,,ლურჯი ფრინველი’’ (2008 წელი), ამერიკისმცოდნეობის X ყოველწლიური საერთაშორიო კინფერენცია - ,,ემილი დიკინსონის დიადი და უცნაური სამყარო’’ (2009 წელი), გრიგოლ კიკნაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კოფერენცია – ,,გველისმჭამელის სახისმეტყველებისათვის’’ (2009 წელი). მონაწილეობდა შემდეგ სამეცნიერო პროექტებში: პროექტი: ილია ჭავჭავაძე 170. საიუბილეო კრებული (2007 წელი, ანოტაციების მომზადება), საგნობრივი ტრენინგ-პროგრამა: ,,მეცნიერება მომავლისათვის” (2007-2008 წლები, მასწავლებლებისთვის ინტერაქტივის მასალების მომზადება და მათთვის ინტერაქტივის ჩატარება), სულხან-საბა ორბელიანის ანოტირებული ბიბლიოგრაფიის მომზადება (2008-2009 წლები, ანოტაციების მომზადება). 2006-2014 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. დღემდე არის ასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების წევრი.