Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაკა ელბაქიძე
ფილოლოგი
date of birth 1965

დაიბადა 1965 წლის 5 სექტემბერს. 1982-1987 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (მიმართულება - ქართული ფილოლოგია). 1990 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა რუსთველოლოგიის სპეციალობით. 1990-1994 წლებში იყო უმცროსი, ხოლო 1994-2006 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობების ლაბორატორიაში. 2000-2003 წლებში მუშაობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე. 2006 წელს სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, მარიამ მაგდალინელის კოლეჯში (შუასაუკუნეებისა და რენესანსული ლიტერატურის განყოფილება). 2005-2008 წლებში იყო ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების დარგობრივი კოლეგიის თავმჯდომარე და საუნივერსიტეტო საგამომცემლო კოლეგიის წევრი. 2008 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი (ფილოლოგიის) სექციის სადისერტაციო კომისიის, კომპარატივისტული ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციისა (ICLA) და ასევე კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) გამგეობის წევრია. აქტიურად მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციაში. მათ შორის აღსანიშნავია: საერთაშორისო სიმპოზიუმი: ”ქართული ხელნაწერი” (თბილისი, საქართველო), მე–4 საერთაშორისო კონფერენცია "ვია ეგნატია: ადამიანები და სახელმწიფოები – კულტურული, პოლიტიკური, რეგიონული იდენტობები წარსულსა და აწმყოში" (თბილისი, საქართველო), საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მუჰამედ გაიმაზ თურქმენი – აღმოსავლეთის დიდი მეცნიერი“ (აშხაბადი, თურქმენეთი), საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: "ქალაქი როგორც ტექსტი –ლიტერატურული პროექციები" (ბერდიანსკი, უკრაინა), საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "სახელი კულტურაში" (შაულიაი, ლიტვა), საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შედარებითი ლიტერატურა. სტერეოტიპები ლიტერატურასა და კულტურაში“ (ბაქო, აზერბაიჯანი), საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ლიტერატურა კულტურათა დიალოგში – 6" (დონის როსტოვი, რუსეთი) და II საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ (თბილისი, საქართველო). მაკა ელბაქიძე არაერთი ლოკალური და საერთაშორისო საგრანტო პროექტის მონაწილეა. 2008 წელს გაიმარჯვა ერთიან ეროვნულ საგრანტო კონკურსში: „ქართული მწერლობა აღმოსავლეთ ევროპის მეცნიერებაში", ხოლო 2009 წელს პროექტში - "ქართულ საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის ისტორია". ავტორია 40-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომისა და მონოგრაფიის. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: რუსთველოლოგია, ქართული ლიტერატურა, კომპარატივისტული ლიტერატურა და ა.შ. მაკა ელბაქიძე 2006 წლიდან დღემდე ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალ "ლიტერატურული ძიებანის“ მთავარი რედაქტორია, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.