Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი ქავთარაძე
ისტორიკოსი
date of birth 1935
ცნობილი ქართველი ისტორიკოსი გიორგი ქავთარაძე დაიბადა 1935 წელს ქალაქ თბილისში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. იმავე წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, ისტორიის მიმართულებით. 1968-1971 წლებში იყო ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიის კათედრის ასპირანტი. 1971-1972 წლებში გაიარა წინა აზიის არქეოლოგიის სპეციალური კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიის კათედრაზე. 1974 წელს იმყოფებოდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არქეოლოგიურ ექსპედიციებში საველე არქეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად. 1973-1981 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1974-1977 წლებში იყო ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკთა საბჭოს კულტურის კომისიის წევრი. 1981 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “საქართველოს ენეოლით-ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კულტურების ქრონოლოგია ახალი მონაცემების შუქზე”. 1982-1985 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უმცროსი, ხოლო 1986-1991 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1991 წელს გახდა გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ქალაქ ბონის საერთო და შედარებითი არქეოლოგიის კომისიის სტიპენდიანტი. 1992-1994 წლებში კითხულობდა სალექციო კურსს წინა აზიის არქეოლოგიის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ასიროლოგიის კათედრაზე. 1992-2006 წლებში იყო პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის დირექტორი. 1992 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “კავკასიისა და ანატოლიის ეთნიკური ისტორიის საკითხები და ქრონოლოგია-პერიოდიზაციის პრობლემა (ძვ.წ. VI-I ათასწლეულები)”. 1992-1998 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. 1997-2003 წლებში პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის წევრი და წარმომადგენელი გერმანიაში. გიორგი ქავთარაძე 1998 წლიდან არქეოლოგთა ევროპული ასოციაციის წევრია. 1999-2006 წლებში უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად იყო კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი. 1999-2000 წლებში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიანტი შტუტგარტის უნივერსიტეტის ისტორიის ინსტიტუტში. 2006 წლიდან იბერიულ-კავკასიური საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრია. 2007-2008 წლებში იყო არქეოლოგიის ინსტიტუტის პრეისტორიული არქეოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 2006 წლიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელია. წლების განმავლობაში მონაწილეობდა არაერთ სამეცნიერო პროექტში. მათ შორის აღსანიშნავია: ,,სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ძვ. წ. I ათასწლეულში’’ (2005-2006 წლები), ,,საქართველოს ილუსტრირებული ისტორია ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის ძეგლთა მიხედვით (2012-2014 წლები). გიორგი ქავთარაძის კვლევის ინტერესების სფეროა: ურთიერთობა კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის წინამტკვარარაქსულ ხანაში , ამიერკავკასია და ურუკის კულტურული ფენომენის პრობლემა, მტკვარ-არაქსის კულტურის საწყისები, მცხეთის უძველესი ადგილმდებარეობასა და სახელწოდებასთან დაკავშირებული საკითხები. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი.