Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვლადიმერ ციციშვილი
ფიზიკოსი
date of birth 1947

ვლადიმერ ციციშვილი დაიბადა 1947 წლის 17 მარტს, ქალაქ თბილისში. 1965 წელს თბილისის №41 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა1970 წელს ,,ექსპერიმენტული ფიზიკის’’ სპეციალობით. 1971-1973 წლებში იყო ქალაქ მოსკოვის ელემენტორგანული ნაერთების ინსტიტუტის ბირთვული მაგნიტური რეზონანსის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. 1975 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატია, სპეციალობით -,,მაგნიტურ მოვლენათა ფიზიკა’’. 1970-1978 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში, ქიმიური კიბერნეტიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი. 1988 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "ბირთვული მაგნიტური რელაქსაცია ჰეტეროდინამიურ სისტემებში" და გახდა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი. 1978-1990 წლებში იყო ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ბირთვული მაგნიტური რეზონანსის სპექტროსკოპიის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი. 1981–1983 წლებში იყო ქალაქ ბერლინის ფიზიკური ქიმიის ცენტრალური ინსტიტუტისა და ლაიფციგის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თანამშრომელი. 1993 წლიდან დაწყებული, ვლადიმერ ციციშვილი აქტიურად თანამშრომლობდა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან. სხვადასხვა წლებში იყო მანჩესტერის უნივერსიტეტის ფოროვანი მასალებისა და ედინბურგის უნივერსიტეტის მასალათმცოდნეობის ლაბორატორიების თანამშრომელი. 1991-2005 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის კათედრის პროფესორი, კითხულობდა ლექციების კურსს კვანტურ ქიმიაში, ხოლო 1996-2006 წლებში ზოგადი ქიმიის ლექციების კურსს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. 2001 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტია. 2005 წელს მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემია. 2006 წლიდან დღემდე პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორია. 2013 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ვლადიმერ ციციშვილი არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და საერთაშორისო დამფინანსებელი ორგანიზაციების (მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) ოფიციალური ექსპერტი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან არსებული ეკოლოგიური კომისიის წევრი, ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილებაში ეკოლოგიის კომისიის თავმჯდომარე. ასევე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ “მაცნეს”, ქიმიის სერიის რედაქტორი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. ავტორია 350-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. ვლადიმერ ციციშვილის მეცნიერული ინტერესების სფეროა: თანამედროვე ფიზიკური და მათემატიკური მიდგომების გამოყენება თეორიულ ქიმიაში, არაორგანული და ორგანული, მათ შორის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების აღნაგობისა და თვისებების კვლევა ბირთვული მაგნიტური რეზონანსის, ინფრა-წითელი და სხვა სპექტროსკოპული მეთოდებით, მოლეკულურ-საცრული, სორბციული, იონმიმოცვლითი და კატალიზური თვისებების მქონე ფოროვანი მასალების სინთეზი, კვლევა და გამოყენების საფუძვლების დადგენა, ფიზიკურ-ქიმიური ეკოლოგია და ენერგეტიკული, სამრეწველო, სატრანსპორტო და სხვა პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასება, შემარბილებელი ზომებისა და გარემოსდაცვითი სტრატეგიების შემუშავება.