Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დავით ჩარკვიანი
ფსიქოლოგი
date of birth 1944

ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი, დავით ჩარკვიანი დაიბადა 1944 წლის 17 ივლისს ქალაქ თბილისში. 1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1969-1974 წლებში იყო ტექნიკური ესთეტიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სოციალური ფსიქოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელი. 1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,კომუნიკატორული წინააღმდეგობა და სოციალური განწყობის შეცვლა’’ და გახდა ფსიქოლოგიის მეცნიერების კანდიდატი. 1972–1974 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1976–1981 წლებში ამავე ინსტიტუტის გამოყენებითი ფსიქოლოგიის ლაბორატორიის გამგე. 1974-1976 წლებში იყო პროექტის: “სამრეწველო ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების განმსაზღვრელი სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორების’’ გამოკვლევის კოორდინატორი. 1977-1979 წლებში სოციალისტური ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთ-დახმარების საბჭოს (СEВ) პროგრამის „შრომის მოტივაციის კვლევის“ კოორდინატორი. 1977-1980 წლებში სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სკოლის დირექტორების კვალიფიკაციის ამაღლების მსმენელებთან კითხულობდა სალექციო კურსს ,,მართვის ფსიქოლოგიის’’ შესახებ. 1989 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: -"სოციალური განწყობების ფუნქციური და სტრუქტურული მახასიათებლები". დავით ჩარკვიანი 1990 წლიდან იყო ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომის ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი. ამავე უნივერსიტეტში წლების განმავლობაში კითხულობდა სალექციო კურსს: „ინდუსტრიის და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“. გარკვეული წლების განმავლობაში იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენებისა და კულტურის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელი, სოციალური ფსიქოლოგიის დარგში. 1995-1998 წლებში ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოსა და ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის ერთობლივი პროგრამის „საქართველოში დევნილთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის“ სოციალურ-ფსიქოლოგიის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი. დავით ჩარკვიანი 2001 წლიდან დღემდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტია. 2007–2009 წლებში იყო დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ზოგადი ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე. მისი მეცნიერული ინტერესების სფეროა: სოციალური განწყობები, ექსპერიმენტული სოციალური ფსიქოლოგია, ზოგადი ფსიქოლოგია და ა.შ. დავით ჩარკვიანი დიმიტრი უზნაძის სახელობის პრემიის ლაურეატია.