Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლეო ჩიქავა
ეკონომისტი
date of birth 1928

ლეო ჩიქავა დაიბადა 1928 წლის 20 თებერვალს, ზუგდიდის რაიონში, კერძოდ სოფელ კოკში. 1945-1950 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, ვაჭრობის ეკონომიკის სპეციალობით. 1950-1953 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი. 1954 წლიდან ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატია. 1954-1955 წლებში იყო გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის უფროსი მასწავლებელი. 1955-1969 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი. 1968 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "საქართველოს კვების მრეწველობის ტერიტორიული სპეციალიზაციისა და ეკონომიკური ეფექტიანობის საკითხები". 1970-1974 წლებში იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის, ხოლო 1974-1983 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის გამგე. 1983-1990 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში. 1990-1991 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის დირექტორი. წლების განმავლობაში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. 1991-2005 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი. 1999-2006 წლებში სახელმწიფო სამსახურის მართვისა და მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის უფროსი. მრავალმხრივი იყო ბატონი ლეო ჩიქავას სამეცნიერო მოღვაწეობა. მისი კვლევის სფერო აქტუალურ, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მოვლენებს მიესადაგებოდა. მისი მეცნიერული ინტერესების სფერო იყო: ეკონომიკური თეორიის, დემოგრაფიული მდგომარეობის, სასურსათო პროდუქტების წარმოების, ინოვაციური ეკონომიკის აქტუალური პრობლემების სისტემური კვლევა. მის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვამ მნიშვნელოვანწილად ხელი შეუწყო ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებას. ბატონი ლეო უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ინტენსიურად იკლევდა ქვეყნის უმწვავესი პრობლემების - დემოგრაფიული სიტუაციის კანონზომიერებებს. მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა დემოგრაფიული პოლიტიკის კონცეფცია. მის სახელთანაა დაკავშირებული მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჩამოყალიბება და მისი წარმატებული საქმიანობა. ლეო ჩიქავა მრავალი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორია, ასევე, სადისერტაციო ნაშრომების ხელმძღვანელი და კონსულტანტი, სამეცნიერო ჟურნალებისა (მათ შორის საერთაშორისო) და გამოცემების რედკოლეგიის წევრი, სამცნიერო შრომების რედაქტორი, სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციების (სიმპოზიუმების) ორგანიზატორი, კონცეფციებსა და აქტუალურ პრობლემებზე მნიშვნელოვანი პროექტების ავტორი, თანაავტორი და მონაწილე. მინიჭებული აქვს საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. არჩეული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 2012 წელს მის მონოგრაფიას - ,,დემოლოგია და მისი კანონთა სისტემა’’ მიენიჭა ფილიპე გოგიჩაიშვილის აკადემიური სახელობითი პრემია. ავტორია 140-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. მათ შორის აღსანიშნავია გამოკვლევები: ,,საქართველოს კვების მრეწველობის ადგილი და როლი საერთო-საკავშირო დანაწილებაში’’, ,,საქართველო ერთიან სახალხო მეურნეობრივ კომპლექსში’’, ,,კრიტიკული დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოში: არსი, მიზეზები, დაძლევის გზები’’ და ა.შ. 2007-2015 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი. გარდაიცვალა 2015 წლის 16 ივლისს.