Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიხეილ კაკაბაძე
გეოლოგი
date of birth 1939

მიხეილ კაკაბაძე დაიბადა 1939 წლის 2 აპრილს, ქალაქ თბილისში. 1957-1962 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობაზე. 1962-1965 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი. 1968 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "კოლხიდიტები და მათი სტრატიგრაფიული მნიშვნელობა“, ხოლო 1982 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "სსრკ-ს სამხრული ზოლის ადრეცარცული ჰეტერომორფული ამონიტები (ანცილოცერატიდები და ჰეტეროცერატიდები) და მათი სტრატიგრაფიული მნიშვნელობა” და გახდა გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. 1966-1972 წლებში იყო ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი, 1973-1985 წლებში უფროსი, ხოლო 1985-1988 წლებში მთავარი მეცნიერ-თანაშრომელი. 1971-1978 წლებში კითხულობდა “ზოგადი გეოლოგიის” კურსს თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1973 წელს გახდა საქართველოს ახალგაზრდული პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. წლების განმავლობაში იყო საქართველოს სტრატიგრაფიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1979-1980 წლებში იყო ა. ჰუმბოლდტის საერთაშორისო სამეცნიერო სტიპენდიანტი (კვლევითი სამუშაოები ტიუბინგენის (გფრ) უნივერსიტეტში). 1983-1991 წლებში საბჭოთა კავშირის საუწყებათაშორისო სტრატიგრაფიული კომიტეტის (МСК) ცარცულის კომისიის ბიუროს წევრი. 1991-2004 წლებში იყო გეოლოგიურ მეცნიერებათა საერთაშორისო კავშირის (IUGS) ცარცულის სტრატიგრაფიის ქვეკომისიის წევრი, ხოლო 1989-1995 წლებში ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1996-1997 წლებში და 1999 წელს კითხულობდა “პალეობიოგეოგრაფიის საფუძვლების” და “კავკასიის გეოლოგიის” ლექციების სრულ კურსს (მიწვეული პროფესორის რანგში) და ატარებდა კვლევით სამუშაოებს ჰაიდელბერგის (გფრ) უნივერსიტეტში. 2004 წლიდან დღემდე გეოლოგიის ინსტიტუტის პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის განყოფილების გამგე და მთავარი მეცნიერ თანამშრომელია. ასევე კითხულობს “სტრატიგრაფიის საფუძვლების” ლექციების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მიხეილ კაკაბაძის მეცნიერული ინტერესების სფეროა: ტეთისისა და ბორიული რეგიონების ცარცული ნალექების ბიოსტრატიგრაფიული კორელაცია, ცარცული პერიოდის პალეოგეოგრაფია და პალეობიოგეოგრაფია, თავთფეხიანი მოლუსკური ფაუნა (სისტემატიკა, ფილოგენეზი, პალეოეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, სტრატიგრაფიული მნიშვნელობა) და ა.შ. ავტორია 107-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. უკანასკნელი წლების განმავლობაში მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში. 1998-2003 წლებში აწარმოებდა ორმხრივ სამეცნიერო თანამშრომლობას ჰოლანდიის, ქალაქ ლეიდენის ბუნების ისტორიის ნაციონალური მუზეუმის პალეონტოლოგიის განყოფილებასთან. 2006 და 2009 წლებში ასევე, ორმხრივ სამეცნიერო თანამშრომლობას ეწეოდა ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტში.